საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლა ვილას შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-09-16

MasterCard-ი პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლა ვილლას შორის გამართული შეხვედრისას გახდა ცნობილი.
 
თანამშრომლობის მემორანდუმი MasterCard-სა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ხვალ გაფორმდება - მსოფლიოში წამყვანი გლობალური საგადახადო და ტექნოლოგიური კომპანია ქვეყანას ტურიზმის შესახებ მონაცემების, ცოდნის და ანალიზის გაზიარების, აგრეთვე, მარკეტინგული საქმიანობისა და ინვესტიციების დაგეგმვის ნაწილში, ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ დაეხმარება.
 
მთავრობის მეთაურთან გამართულ შეხვედრაზე MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ წინა წლების მაჩვენებლებით საქართველო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში და კომპანია მზად არის დაეხმაროს ქვეყანას პოსტ-კრიზისულ პერიოდში, როგორც ტურიზმის სექტორის, ისე ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
 
შეხვედრისას, აგრეთვე, განიხილეს ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული გადახდებისა და მონაცემთა ანალიზის განვითარების შესაძლებლობები ახალი კორონავირუსის და პანდემიის დაძლევის მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
 
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური