საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს არსებული საწოლფონდის რაოდენობასა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ესაუბრა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-11-14

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან ერთად, კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია მიიღო თითოეულ კლინიკაში არსებული საწოლფონდის რაოდენობის, მათი საჭიროებებისა და დამატებითი რესურსის მობილიზების შესახებ.

გიორგი გახარიამ თითოეული კლინიკის ხელმძღვანელს, ექიმებს, სამედიცინო პერსონალს და ყველა თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი სწევენ კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვის პროცესში.

საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსუბუქი შემთხვევების მკურნალობას ბინაზე - ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა. კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, რათა სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება.

ამასთან, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მთავრობა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროცესის ოპერატიულ მართვას, შესაბამისად კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური