საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2020-12-24

.

არ იქნება მარტივი მუშაობა დისკუსიის და ოპონირების გარეშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოლიტიკური კონტექსტური პრობლემა გადაილახოს და უახლოეს პერიოდში პარლამენტის ეს ნაწილიც შეივსოს; ეს არ არის მმართველი გუნდის ამბიცია, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა და დავალება, რომლებმაც განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 9 პარტია და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სხდომათა დარბაზში ოპოზიციის გარეშე ყოფნა კომფორტული არ არის, ვინაიდან ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება პირველ რიგში მიღებული უნდა იყოს ჯანსაღ დავასა და დისკუსიაში.

„დღეს ჩვენ ვხვდებით პლენარული სხდომის ფორმატში და რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა დღეს აქ საუბარი მთავრობის შემდგომი წლების გეგმაზე. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზის ნაწილი ცარიელია მარტივი მიზეზის გამო - ჩვენი პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს სხდომას არ ესწრებიან. ჟურნალისტებს ჰქონდათ კითხვა - კომფორტულად გრძნობთ თუ არა თავს როდესაც პარლამენტი არის ერთპარტიული და სხდომათა დარბაზში არ არის ოპოზიცია, ან როდესაც მთავრობას ამტკიცებს ერთპარტიული პარლამენტი. რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის და შემიძლია, ავხსნა რატომ. გარდა იმისა, რომ ეს ჩვენთვის არ არის კომფორტული, გვესმის, რომ ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება პირველ რიგში მიღებული უნდა იყოს ჯანსაღ დავასა და დისკუსიაში და ჩვენ ამის ძალიან კარგი გამოცდილება გვქონდა გასული წლების განმავლობაში. არასოდეს შეგვშინებია შინაარსობრივი დისკუსიის და საუბრის, მაგრამ ჩვენს კომფორტს რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არჩევნებში ხმა მისცეს 9 პარტიას და განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 60 ოპოზიციური მანდატი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქ მნიშვნელოვანი არ არის ჩვენი ან მთავრობის წევრების კომფორტულობაზე საუბარი. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. ვიღაცას შეეშინდა პასუხისმგებლობის აღების, ვიღაცა ვერ გაერკვა, ვიღაცამ ალბათ საკუთარი ეგო ვერ დაძლია, მაგრამ გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს აორმაგებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მიდგომა - ან ყველაფერი, ან არაფერი, დემოკრატიული მიდგომა არ არის და არაფერი საერთო ამას ევროპულობასთან არ აქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, მარტო ვიქნებით ამ დარბაზში თუ არა, უნდა გავაგრძელოთ სვლა ჩვენი ევროპული მომავლისკენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა სამთავრობო პროგრამაზე - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის".

„სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" მოიცავს 4 საკვანძო მიმართულებას. პირველი გახლავთ ეკონომიკური განვითარება, მე-2 - სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის მართვა, მე-3  - საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები, მე-4 - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - სახელმწიფო მმართველობა. აქ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სტრუქტურული გამოწვევები, პრობლემები, რომლის მოგვარებაც მოუწევს ყველას, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და დიდი ცვლილებები, ამ გამოწვევებში და ამ პროგრამის თვალსაზრისით არ ექნება და ვერ ექნება ვერავის. პირველი, ჩვენი პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი,  ეს გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკურ განვითარებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს, სახელმწიფოს სტრუქტურული გამოწვევა და პრობლემა გახლავთ სიღარიბის დაძლევა. სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საშუალება გახლავთ, რა თქმა უნდა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, რომელიც უნდა შექმნას თავისუფალმა, ძლიერმა ქართულმა ბიზნესმა, რომლის ოპერირების ერთადერთი ბუნებრივი და ეფექტური გარემო გახლავთ თავისუფალი ბაზარი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ კერძო სექტორი არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ჯერ უნდა შეინარჩუნოს პანდემიის პირობებში და შემდეგ  შექმნას ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილები.

„თუმცა ჩვენ, ხშირად გვითქვამს, რომ კერძო სექტორის, წარმატებული, ძლიერი ქართული ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, ეს ის ძირითადი და მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელზეც სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული. კერძო სექტორის და ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოს დამახასიათებელი კომპონენტი გახლავთ, რა თქმა უნდა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც დღეს, გლობალური პანდემიის და როგორც შედეგი, გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ბიუჯეტის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს 3-4 წელიწადში, ჩვენი ბიუჯეტის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დავუბრუნოთ იმ სტანდარტს, რომლითაც ვიწყებდით 2020 წელს. ამ მიზნის მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ფისკალური კონსოლიდაცია, რაც დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს, როგორც ფინანსთა სამინისტროს ხარისხობრივ და ეფექტიან მუშაობას, ასევე საკანონმდებლო ორგანოს მუშაობასაც, რამეთუ ჩვენ მოგვიწევს გარკვეული საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი გახარიას თქმით, საჭიროა საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური.

„ჩვენ მოგვიწევს საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური. საგადასახადო სისტემაში დღეს გვაქვს უამრავი შეღავათი, რომლის ეფექტურობაც უკვე აქტუალური აღარ არის. ჩვენ მოგვიწევს, უფრო დეტალურად განვიხილოთ ყველა ეს შეღავათი, იმისთვის, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, ზოგან გავაძლიეროთ და ხშირ შემთხვევაში ალბათ, გავაუქმოთ, იმიტომ, რომ ამ საგადასახადო შეღავათების ეფექტურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ჩვენ ასევე ამ პარლამენტთან ერთად მოგვიწევს, განვიხილოთ საგადასახადო შეთანხმების - დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, მანკიერი პრაქტიკის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯები, ან საერთოდ, ამ პრაქტიკის გაუქმების საკითხი. მაშინ, როდესაც საგადასახადო საკანონმდებლო ჩარჩო მოყვანილია წესრიგში, მაშინ, როდესაც არსებობს ყველაფერი, რაც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, გამოიყენოს დავების, მედიაციის და სხვადასხვა ინსტრუმენტი, დადგა დრო, სერიოზულად განვიხილოთ საგადასახადო შეთანხმების, როგორც სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის ეფექტიანობა და მათ შორის სამართლიანობაც", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსები მაქსიმალურად სწრაფად იყოს ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში.

„მოგეხსენებათ, მიწის რესურსის ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვას ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სხვადასხვა პრობლემა უშლიდა ხელს, თუმცა საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტმა მოახერხა და მიწის საკუთრების და მართვის ნაწილში საკანონმდებლო წესრიგი დაამყარა საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად და ჩვენ დღეს შეგვიძლია, უფრო თამამად ვიმოქმედოთ  ამ მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, სასარგებლო წიაღისეულის ნაწილშიც საჭიროა ბევრად უფრო ეფექტური მიდგომა და  ეფექტური პროგრამები, რათა სახელმწიფოს რესურსი ამ კუთხითაც მაქსიმალურად სწრაფად ამოქმედდეს.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სახელმწიფო რესურსები, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსები მაქსიმალურად სწრაფად იყოს ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში. ჩვენ დავიწყეთ მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა, რომელიც უნდა დამთავრდეს უახლოეს 3 წელიწადში. ამ პროგრამის ძირითადი ამოცანაა, ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში მიწაზე საკუთრების რეგისტრაციის ნაწილი დასრულდეს და გარდა ამისა, ეს მიწის რესურსი, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად უნდა იყოს ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში, ისევე, როგორც სასარგებლო წიაღისეულის ნაწილშიც საჭიროა ბევრად უფრო ეფექტური მიდგომა, ეფექტური პროგრამები იმისთვის, რომ რესურსი, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია მაქსიმალურად სწრაფად იყოს ამოქმედებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

ამასთან, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პროგრამა გაგრძელდება და მისი საბოლოო მიზანი იქნება, სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოქალაქეს არ ჰქონდეს საკუთარი ჯიბიდან დანახარჯების გაწევის აუცილებლობა, როდესაც საუბარია მედიკამენტებზე, თუ ჯანმრთელობის მართვაზე.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სამთავრობო პროგრამის მეორე ნაწილია სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის მართვა და აღნიშნული 2 მიმართულების გაერთიანება შემთხვევითი არ არის.

მისივე თქმით, ეს სფერო მოიცავს ჯანდაცვას, სოციალურ დაცვას და განათლებას და გაერთიანებულია, რამდენადაც, სახელმწიფოს პირველი ვალდებულებაა, იზრუნოს სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ მოქალაქეებზე, ხანდაზმულებზე და ყველაზე, ვისაც ეს მხარდაჭერა სჭირდება.

„ამიტომ, სახელმწიფოს პოლიტიკა, როგორც ჯანდაცვის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით, იქნება თანმიმდევრული და იმის შინაარსობრივი გაგრძელება, რაც დაწყებული იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში. თუმცა, პარალელურად, როდესაც ჩვენ განათლებასაც ვეხებით და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია, საკუთარი შრომით ღირსეულად არჩინოს ოჯახი და განვითარდეს, სახელმწიფომ უნდა შეუქმნას თანაბარი კონკურენტული პირობები და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ვალდებულება. ეს ვალდებულება რა თქმა უნდა, იწყება განათლების უფლებით, ამიტომ განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანური კაპიტალის მართვის თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვას, პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით მთავრობის ძირითადი ამოცანა იქნება იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც დაწყებულია და შედეგად მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.

„ეს პროგრამა გაგრძელდება და მისი საბოლოო მიზანი იქნება, ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს და შეჭირვებულებს, არ ჰქონდეთ საკუთარი ჯიბიდან დანახარჯების გაწევის აუცილებლობა, როდესაც საუბარია მედიკამენტებზე თუ ჯანმრთელობის მართვაზე. ამიტომ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დარჩება პრიორიტეტად და გაგრძელდება მისი რეფორმა იმ ნაწილში, სადაც ეს საჭიროა. ამ ნაწილში უაღრესად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ეს პირდაპირ გვაჩვენა კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლამ, სადაც პირველადი ჯანდაცვის რგოლი აღმოჩნდა უაღრესად მნიშვნელოვან, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად ამ გამოწვევასთან ბრძოლაში. სოციალური დახმარების ნაწილში შეფასების მეთოდოლოგიის და შემწეობის გაცემის ნაწილი იქნება პრიორიტეტული ამოცანა. ამაზე ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა. სამწუხაროდ, პანდემიამ ხელი შეგვიშალა ამ მუშაობის დასრულებაში, თუმცა 2021 წელს ეს მუშაობა სრულად დასრულდება და ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ უფრო სწორ მეთოდოლოგიას სოციალურად დაუცველთათვის მიზნობრიობის ხარისხის განსაზღვრისთვის, ისევე, როგორც იმ დახმარების მოცულობის თვალსაზრისით, რომელზეც ჩვენ უკვე ვმსჯელობთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს უაღრესად მნიშვნელოვანი  ვალდებულებაა, იზრუნოს ხანდაზმულ მოქალაქეებზე. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლო, საკანონმდებლო დონეზე გაემყარებინა პენსიის ზრდა და ეს არ ყოფილიყო პოლიტიკურად ანგაჟირებული საკითხი.

„წინა მოწვევის პარლამენტთან ერთად შევძელით საკანონმდებლო დონეზე გაგვემყარებინა ჩვენი პენსიონერების პენსიის ზრდა და ეს არანაირად არ ყოფილიყო პოლიტიკურად ანგაჟირებული საკითხი. ეს იყო კარგი, სწორი, თამამი და ძლიერი გადაწყვეტილება, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა. შეიძლება ვიდავოთ იმაზე, საკმარისი არის თუ არა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, თუმცა ეს  არის მიბმული ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებასა და ეკონომიკურ ზრდაზე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი გახარიას თქმით, შემდგომი წლების განმავლობაში, დევნილებს 13 000 ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცემათ.

„როდესაც სოციალური დახმარების პროგრამებზე ვსაუბრობთ, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი დევნილი მოქალაქეები. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მათ გამოეყოთ ათობით ათასი საცხოვრებელი ფართი, შემდგომი წლების განმავლობაში, 13 000 ახალი საცხოვრებელი ბინა იქნება გადაცემული ჩვენი დევნილი მოქალაქეებისთვის. ეს არის ჩვენი, თითოეული მოქალაქის, ისევე, როგორც სახელმწიფოს ვალდებულება, ნებისმიერ ეტაპზე, იქ, სადაც საჭიროა, ჩვენს დევნილ მოქალაქეებზე ვიზრუნოთ",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი გახარიამ, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება დაუთმო განათლებისა და ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობის კომპონენტს.

„ადამიანური კაპიტალის სწორი მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა, დღეს, გლობალური კონკურენციის პირობებში, მომავალი თაობა აღვჭურვოთ ისეთი ცოდნით, რომლითაც ისინი შეძლებენ, კონკურენცია გაუწიონ ადამიანებს საერთაშორისო, გლობალურ ბაზრებზე და იყვნენ წარმატებულები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე შეფასებით, ეს არის განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომლის ძირითადი ფუნდამენტი საშუალო განათლებაა, ხოლო საშუალო განათლების ცენტრალური ნაწილი პედაგოგები არიან.

„კვალიფიციური პედაგოგი ხარისხიანი და ღირსეული ანაზღაურებით არის ერთადერთი შესაძლებლობა, ჩვენ რამდენიმე წლის შემდგომ პირველი შედეგები მივიღოთ საშუალო განათლების რეფორმის ნაწილში. რაც შეეხება პროფესიული განათლების ნაწილს, აქ ჩვენ შეგვიძლია უფრო სწრაფ შედეგებზე ავიღოთ ორიენტირი, რამეთუ უფრო სწრაფად შეიძლება იქ ინვესტირებული რესურსის შედეგის დანახვა. აქ ძირითადი ამოცანაა შრომის ბაზრის მოთხოვნის და პროფესიული განათლების სისტემის მიერ გამოშვებული კადრების ერთმანეთთან თანხვედრა და ამ კუთხით მიღწეულია სერიოზული პროგრესი. უმაღლესი განათლების ნაწილში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი უმაღლესი განათლება პირდაპირ იყოს დაერთებული საერთაშორისო და პირველ რიგში ევროპული უმაღლესი განათლების სისტემას. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც, კერძო ინვესტიციების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმაღლესი განათლების ნაწილში მაქსიმალურად მოვიზიდოთ კერძო ინვესტიციები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოკუპაციას და აღნიშნა, რომ რაციონალური და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის ერთადერთი შესაძლებლობა, რომლის გარეშეც, ქვეყნის განვითარება ნებისმიერი მიმართულებით  შეზღუდულია.

გიორგი გახარიას შეფასებით, სამთავრობო პროგრამის საკვანძო თავია საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება და ადამიანის უფლებები.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ვალდებულების გარდა აუცილებლობაა, რომ ეს თავი დავიწყოთ ოკუპაციით. გარდა იმისა, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები არის ქვეყნის შემდგომი ევროპული ორიენტაციის პრაქტიკული განხორციელების საფუძველი და ფუნდამენტი, ოკუპაციაც ერთ-ერთი ასეთი პირობაა, ამიტომ, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რაციონალური და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის ერთადერთი შესაძლებლობა, რომლის გარეშეც, ქვეყნის განვითარება ნებისმიერი მიმართულებით შეზღუდულია. უფრო მეტიც, როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, არ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს მიწის ოკუპაციაზე, ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებზე, მათ რესურსზე, მათი განვითარების შესაძლებლობაზე. ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერ დარგში, ეკონომიკიდან დაწყებული, კულტურით  გაგრძელებული, ჩენი ქვეყანა დღეს არის შეზღუდული განვითარებაში, სწორედ იმ 20%-ით, რომლითაც საქართველოს მიწა ოკუპირებულია. ამიტომ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ნებისმიერი ფორმატი, ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებისთვის მიღებული, ორმხრივი, მრავალმხრივი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრული ჩართულობით, არის ის ფორმატები, რომლებზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ძირითადი და მთავარი მიზნის მისაღწევად, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ წნეხი რუსეთზე, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გავრცელებას მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. პირველ რიგში, ვგულისხმობ ოკუპირებულ ტერიტორიას, რამეთუ, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ელემენტარული, ადამიანის უფლებების დაცვის ინსტრუმენტი გავაჩინოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხოვრობენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო მისიებზე. მისი თქმით, სამშვიდობო ინიციატივების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და გაგრძელდება პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ხიდები და ნდობა ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან.

„სამშვიდობო ინიციატივების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და გაგრძელდება პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ხიდები და ნდობა ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ყველაზე სწორი და სწრაფი გზა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და რაც მთავარია ნდობის აღდგენის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და პოლიტიკის განსაზღვრაში სრულად უნდა იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

„საქართველოს მთავრობის მიდგომა იქნება უფრო სტრუქტურირებული. ჩვენ ყველას გვჭირდება ერთიანი, გააზრებული პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, პოლიტიკა, რომელშიც იქნება ჩართული ყველა ის უწყება, რომელსაც აქვს პირდაპირი ურთიერთობა და კავშირი ამ პრობლემის მოგვარებასთან - ეს უნდა იყოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შერიგების სამინისტრო, შესაბამისი სპეციალური სამსახურები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ა.შ. ეს უნდა იყოს სტრუქტურირებული, კონსოლიდირებული პოლიტიკა საქართველოს მიდგომის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ამ პოლიტიკის განსაზღვრაში სრულად უნდა იყვნენ ჩართული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა არის ფუნდამენტური საკითხი, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების განვითარება მოხდეს ნებისმიერ სფეროში, ეს იქნება ბიზნესი, კულტურა, თუ სპორტი.

„უსაფრთხო გარემოს მისაღწევად მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა, ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და რაც მთავარია - ყველა ამ მიმართულებით, როგორც შედეგი - სასჯელის გარდაუვალობა. ეს არის ძირითადი კომპონენტი, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს სრულიად სამართალდამცავი სისტემა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ქართული ჯარის ნატო-ს ძალებთან თავსებადობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მობილური, ეფექტიანი შეიარაღებული ძალები - ეს არის ის მიზანი, რომელზეც ეფექტურად მუშაობს თავდაცვის სამინისტრო.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს ძალებთან თავსებადი, მობილური, ეფექტიანი შეიარაღებული ძალები - ეს არის ჩვენი მიზანი, რომელზეც ეფექტურად მუშაობს თავდაცვის სამინისტრო. მოგეხსენებათ, ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო ყველაზე დატვირთული და ინტენსიური წვრთნების წლები, როდესაც ქართულმა ჯარმა დაამტკიცა, რომ მას შეუძლია თანაბარ დონეზე, ევროპული და ევროატლანტიკური და ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად იმოქმედოს ნებისმიერ პირობებში და ეს ჩვენმა ჯარისკაცებმა დაამტკიცეს სამშვიდობო მისიებშიც. სამშვიდობო მისიებშიც, რომლებშიც მონაწილეობას საქრათველოს ჯარი გააგრძელებს პირველ რიგში იმისთვის, რომ მას ჰქონდეს თავისი ფუნქცია საერთაშორისო უსაფრთხოების დამყარების ნაწილში და მას ჰქონდეს კიდევ მეტი შესაძლებლობა იმისთვის, რომ სტანდარტები დაუახლოვოს ნატო-ს სტანდარტებს,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი გახარიას თქმით, პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტური პოლიცია, დამოუკიდებელი პროკურატურა, არმია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და უსაფრთხო გარემოს.

„პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტური პოლიცია, დამოუკიდებელი პროკურატურა, არმია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და უსაფრთხო გარემოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სოციალურად ფეხზე მყარად მდგომი, სოციალურად უზრუნველყოფილი პოლიციელი, მეხანძრე-მაშველი, ჯარისკაცი, ეს არის ის სახელმწიფო ხერხემალი, რომელზეც უნდა იდგეს ქვეყნის უსაფრთხოება", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ეს არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი, ამ არჩევანს წლების განმავლობაში ადასტურებენ ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა გამოკითხვების თვალსაზრისით. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ფასეულობებზე დაფუძნებული არჩევანი. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ვთქვათ, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მიმართულება, არჩევანი არის შეუქცევადი. ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნატოსთან თანამშრომლობა ყველა ფორმატში, ალიანსის სრულფასოვან წევრობამდე ეს იქნება საქართველოს ნებისმიერი მთავრობის პრიორიტეტი ნომერი ერთი. ვგულისხმობ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ თანამშრომლობაში საქართველომ შეიძინოს სულ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა სხვადასხვა განზომილებაში. დღეისთვის ასეთი აქტუალური განზომილება გახლავთ შავი ზღვის უსაფრთხოება და ქვეყნის ფუნქცია უსაფრთხოების განზომილებაში, ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა, გარდა იმისა, რომ აძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენს თავდაცვის ძალებს აძლევს საშუალებას, აიმაღლონ შესაძლებლობები, ეხმარება ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტი უნდა გავაკეთოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც, გარდა იმისა, რომ აძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას, გარდა იმისა, რომ აძლევს შესაძლებლობას ჩვენს თავდაცვის ძალებს, ყოველწლიურად აიმაღლონ შესაძლებლობები, ეს ეხმარება ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს და ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური, რაც შემდგომი წლების განმავლობაში წინა პლანზე უნდა წამოვიდეს, არის ეკონომიკურ განზომილებაში თანამშრომლობა. აქ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. შეიძლება ვაღიაროთ, რომ პირველ ეტაპზე ეს იქნება უფრო პოლიტიკური მესიჯი როგორც რეგიონისთვის, ასევე ქვეყნისთვის, მაგრამ გარწმუნებთ, ეტაპობრივად, ამ შეთანხმებისა და სტრატეგიული პარტნიორობის ეკონომიკური განზომილება სულ უფრო და უფრო გაიზრდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ როდესაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ვერ იაზრებენ თავიანთ პასუხისმგებლობას და ვერ ერთვებიან ქვეყნის განვითარებაში, საჯარო სექტორმა უნდა დაიცვას მოქალაქის ინტერესები და უნდა იყოს აბსოლუტურად პოლიტიკურად ნეიტრალური.

„ძლიერი სახელმწიფო აპარატი და კვალიფიციური და რაც მთავარია, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე დღეს ხდება უაღრესად მნიშვნელოვანი. უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფოს აქვს უაღრესად ამბიციური გეგმა. ეს გეგმა გახლავთ 2024 წლისთვის შევძლოთ, ქვეყანა მოვიყვანოთ ისეთ სტანდარტებამდე, რომ თამამად და რაც მთავარია, სამართლიანად შეგვეძლოს სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გაკეთება. ეს ერთი ნაწილი და მეორე ნაწილია ის, რომ ამ ამბიციური მიზნის მისაღწევად ქვეყანაში ყოველწლიურად საჭირო იქნება უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, რომლის განხორციელება და გატარებაც ეფექტიანი, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური საჯარო მოხელის გარეშე იქნება შეუძლებელი. მეორე ნაწილი - მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში გვაქვს ძალზედ დემოკრატიული, ევროპული მმართველობითი სისტემა. საპარლამენტო დემოკრატია თითქმის პროპორციული და 2024 წლიდან სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით. ამ სისტემაში კვალიფიციური და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის როლი არის ცენტრალური. ერთადერთი შესაძლებლობაა, როდესაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ვერ იაზრებენ თავიანთ პასუხისმგებლობას და ვერ ერთვებიან ქვეყნის განვითარებაში, საჯარო სექტორი არის ის სექტორი, რომელმაც უნდა დაიცვას მოქალაქის ინტერესები და უნდა იყოს აბსოლუტურად პოლიტიკურად ნეიტრალური. სხვანაირად, ნებისმიერ პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას პირდაპირი ზემოქმედება ექნება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე. საჯარო სექტორი და საჯარო მოხელე არის ზუსტად ის განზომილება ჩვენი სახელმწიფოსი, სადაც ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებზეც დგას ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური კეთილდღეობა. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საჯარო მოხელე - კეთილსინდისიერი და ამავე დროს კომპეტენტური - უნდა იყოს უაღრესად დაფასებული და როდესაც საუბარია მათ სოციალურ უზრუნველყოფაზე, ხელფასების ზრდაზე, აქ უნდა ვიმოქმედოთ თამამად, რამეთუ ეს არის ფუნდამენტი, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს შეეშინდა, ზოგი ვერ გაერკვა, ზოგი მართლა ვერ მოერია ამბიციებს და საკუთარი ვიწრო პარტიული ამბიციები დააყენა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ქვეყანა ვერ გაჩერდება და ხელისუფლება ვერ ავყვება ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს.

გიორგი გახარიას განცხადებით, 2021 წელი, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი იქნება საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის აღდგენის წელი, როდესაც საქართველო შეძლებს გლობალურ პოსტკოვიდურ ეკონომიკურ კონკურენციაში თქვას ძალზედ მნიშვნელოვანი სიტყვა, როგორც რეგიონში, ასევე  - გლობალურად.

„ჩვენ არაორდინარულ გარემოში გვიწევს მუშაობა, შრომა, მოქმედება; გლობალური პანდემია, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ყველა ის პოლიტიკური გამოწვევა და დემოკრატიზაციის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, მაგრამ მიმდინარეობს საკმაოდ რთულად, ჩვენმა ამომრჩეველმა განსაზღვრა, რომ ყველა ამ გამოწვევას ჩვენ ერთად უნდა ვუპასუხოთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, სამწუხაროა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი, ვინაიდან „ერთად" ნიშნავს იმას, რომ ჯანსაღ დისკუსიასა და დავაში ყოველთვის უფრო ადვილად იბადება სიმართლე და სწორი გზა.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგს შეეშინდა, ზოგი ვერ გაერკვა, ზოგი მართლა ვერ მოერია ამბიციებს და საკუთარი ვიწრო პარტიული ამბიციები დააყენა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ჩვენ ქვეყანას ვერ გავაჩერებთ და ვერ ავყვებით ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს. ვერ გავაჩერებთ ქვეყანას მარტივი მიზეზის გამო - ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს შრომა კონკრეტული გამოწვევების წინააღმდეგ, ეს არის სამუშაო ადგილები, სოციალურად დაუცველები, დევნილები, ჩვენი მოხუცები და პენსიონერები. როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ ოპოზიციის გარეშე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ორმაგდება. პასუხისმგებლობა ორმაგდება მარტივი მიზეზის გამო - ჩვენი მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობის ის წილი, რომელიც მათზე უნდა ყოფილიყო, ჩვენზე გადმოდის და ეს აბსოლუტურად სწორად გვაქვს გააზრებული. ამ პოზიციიდან შეგვიძლია მარტივად ვთქვათ - თუ არ გვეხმარებით, ქვეყნისთვის ძალზედ მწვავე დროს, რეალური გლობალური კრიზისების დროს, მაშინ ხელს მაინც ნუ შეგვიშლით. ხელს მაინც ნუ შეგვიშლით მარტივი საკითხებით. არავინ არის კრიტიკის წინააღმდეგი და კრიტიკის არავის ეშინია, მაგრამ ხელს ნუ შეგვიშლით იმ დესტრუქციული ქმედებით, რომელიც მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ, აშკარად ჩანს ნაბიჯები, რომლებიც პირდაპირ ემსახურება არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ თვითონ სახელმწიფოს დელეგიტიმაციას. ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად  სახელმწიფოს დელეგიტიმაცია არის უაღრესად რისკის შემცველი ნაბიჯი, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პარტიის, არამედ ქვეყნის მომავალს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვიწევს გამკლავება გამოწვევებთან და პრობლემებთან, გლობალური პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ 2021 წელი, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი იქნება საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის აღდგენის წელი, იქნება წელი, როდესაც საქართველო შეძლებს იმ გლობალურ პოსტკოვიდურ ეკონომიკურ კონკურენციაში თქვას თავისი ძალზედ მნიშვნელოვანი სიტყვა, როგორც რეგიონში, ასევე  - გლობალურად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური