საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2020 წლის სხდომები

2020 წლის 17 დეკემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-12-17

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილა.

დღის წესრიგი

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

მოგეხსენებათ, დღეს მე-20 დღეა 28 ნოემბრიდან, როდესაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების თაობაზე. დღეს, როგორც გარდამავალი შედეგი, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ შევძელით ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ტესტირების პრინციპულად გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შედარებით სტაბილურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველად ბოლო თვეების განმავლობაში, 17000-ზე მეტი ჩატარებული ტესტის პირობებში, ქვეყანაში ინფიცირების 3000-ზე ნაკლები შემთხვევაა და ეს მხოლოდ და მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველია.

„ეს გვაძლევს მხოლოდ და მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას, რამეთუ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი შედეგი, პირველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ რომ პირველი ამოცანა გახლდათ გავრცელების სისწრაფის შეჩერება და ეს მოვახერხეთ. ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ევროპაში, როდესაც ინფექციის გავრცელება ყოველდღიურად ახალ რეკორდს ამყარებს, როდესაც ევროპული სახელმწიფოები სულ უფრო და უფრო ამკაცრებენ შეზღუდვებს, მათ შორის საახალწლო-საშობაოდ, ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს პირველ რიგში პასუხისმგებლიანი და გონივრული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გარდამავალი, მცირედი მიღწევა, შედეგი, რომელიც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს, პირველ რიგში შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს, მოხუცებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. სამწუხაროდ, დღეს ევროპის ბევრ ქვეყანაში სიკვდილიანობის რეკორდები მყარდება, ისეთი რეკორდები, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს და ამ პასუხისმგებლობით, როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო კომპანიებმა და ბიზნესმენებმა, უნდა ვიმოქმედოთ პირველ რიგში, საახალწლო დღეებშიც," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას თქმით, საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, ოჯახის წრეში და მოქალაქეებმა თავი უნდა აარიდონ დიდ საახალწლო წვეულებებს.

„წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და თავი უნდა ავარიდოთ ჩვენთვის ჩვეულ დიდ საახალწლო წვეულებებს," - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე შეფასებით, შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორ გაივლის ქვეყანა საახალწლო დღესასწაულებს.

მთავრობის მეთაურმა პირბადის ტარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პირბადის ტარება ქვეყანაში გაზრდილია 65%-მდე, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„წელს განსაკუთრებული წელია თავისი გამოწვევებით და ჩვენი შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორ გავართმევთ თავს ამ საახალწლო დღესასწაულებს. პირბადის ტარება ქვეყანაში გაზრდილია 65%-მდე, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ეს მაჩვენებელი 90-95%-მდე ავიყვანოთ. ეს ის მონაცემებია, როდესაც ჩვენ ეკონომიკის თამამად გახსნა შეგვეძლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მობილურობა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე ან გავზარდოთ მაშინ, როდესაც ყველა რისკი გადაზღვეული გვექნება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ერთმანეთის, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ხანდაზმულების წინაშე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მიზნობრივი სოციალური დახმარების მე-4 ტალღაზე და აღნიშნა, რომ ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარების მისაღებად, უკვე მიღებულია 65 000-ზე მეტი განაცხადი, საიდანაც 54 000 დაკმაყოფილებულია და ახალ წლამდე, ყველა განაცხადი დაკმაყოფილდება.

გიორგი გახარია ასევე გამოეხმაურა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შეფასებას, რომლის თანახმადაც, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა.

„უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ჩვენ დავიკავეთ მე-8 ადგილი 82 ქვეყანას შორის. ხაზგასმითაა აღნიშული, რომ დღეს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები თანაბარ პირობებში აყენებს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ასევე უცხოურ ინვესტორებს, რაც არის სერიოზული მიღწევა, თუმცა ჩვენ ასევე გვაქვს მიღებული რეკომენდაცია - გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები და შევიმუშაოთ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთიანი სტრატეგია. ეს დავალება ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს და ამაზე ისინი უვე მუშაობენ," - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუშინდელ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს პროგრამის შესრულების მე-7 ეტაპი განიხილეს და IMF-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიღწევები ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ მთავრობის მიერ მიღებული ბიზნესის მხარდაჭერის კონკრეტული გეგმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება დაახლოებით 4,3%, თუმცა ასევე აღინიშნა, რომ ერთმნიშვნელოვნად უნდა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები და ყურადღება უნდა გამახვილდეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესრულების დისციპლინაზე.

„ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება, რამეთუ ითვალისწინებს როგორც ხარჯვით, ასევე საშემოსავლო ნაწილს. აუცილებელია, რომ 2021 წელი უაღრესად ფრთხილად და გონივრულად გავატაროთ, ეს არის ის პოსტკრიზისული სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პოტენციალი, რომელიც უნდა შევუნარჩუნოთ როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პანდემიის პირობებში ეკონომიკური კრიზისული პროგრამა დაამტკიცა და ამან ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, დონორი ორგანიზაციებისგან სწრაფად მიგვეღო დახმარება", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ დღესვე ყურადღება გაამახვილა პროექტზე - „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთავრობის მხრიდან მოქალაქეებისთვის წლევანდელი ანგარიშების ჩაბარება, რადგან 2020 წელი ეკონომიკური და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე წელია.

პრემიერმა ოპონენტებს მიმართა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში შეჯიბრისთვის აღნიშნული პლატფორმა კარგი შესაძლებლობაა.

„ამ კვირიდან დაიწყო მთავრობის ანგარიშების წარდგენა მოქალაქეებისთვის. ამას აკეთებენ ჩვენი თითოეული სამინისტროს წარმომადგენლები. ეს ღონისძიებები გაგრძელდება წლის ბოლომდე. თითოეული სამინისტრო წარდგება საზოგადოების წინაშე. განსაკუთრებით ხაზგასასმელია წლევანდელი ანგარიშების ჩაბარების მნიშვნელობა, რადგან 2020 წელი საკმაოდ მძიმე წელია ეკონომიკური და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების თვალსაზრისით და უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ეფექტურად იმუშავა თითოეულმა სამინისტრომ. ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ეს ანგარიშები ღიაა, ასევე მედიასაშუალებებით შეიძლება მათი ნახვა. ასევე ოპონენტებს მინდა მოვუწოდო, რომ ეს ის პლატფორმაა, სადაც ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს შევეჯიბროთ ჩვენი ქვეყნისთვის უფრო კარგი, მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელი იქნება გამოწვევებით სავსე, პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით და უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება გონივრულ, ეფექტიან, ერთობლივ მუშაობას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური