საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-01-05

  .

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ქვეყანაში დადასტურებული ახალი შტამი, ინტენსიური ტესტირებისა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე დეტალურად იმსჯელეს საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ გასული დღეების განმავლობაში, ტესტირება მცირე რაოდენობით ჩატარდა, შემთხვევების გამოვლენაც იყო დაბალი და შესაბამისად, დღეს გამოვლენილი 2 316 შემთხვევა უკავშირდება იმ ინფიცირებულებს, ვინც გასული 3 დღის განმავლობაში არ გამოვლინდა.

საუბარი შეეხო კორონავირუსის ახალ შტამს, რომლის 1 შემთხვევა დადასტურდა საქართველოში. აღინიშნა, რომ ის კლინიკურად იგივე სახით მიმდინარეობს, როგორც მანამდე არსებული ცნობილი შტამი, თუმცა ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, ახალი შტამი შედარებით სწრაფი გავრცელებით ხასიათდება და უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.

სხდომაზე ასევე განიხილეს ინტენსიური ტესტირების პროცესის მიმდინარეობა და საუბარი შეეხო, იმ დამატებით ნაბიჯებს, რაც მათ შორის, სისტემური მიზნობრივი ჯგუფების გაფართოების კუთხით იდგმება, რათა აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი იყოს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებსა და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. აღინიშნა, რომ სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით, აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ქვეყანამ, ვაქცინის პირველი დოზები, რაც შეიძლება ადრე მიიღოს.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულების აუცილებლობას და ყველა რეკომენდაციის დაცვას - მათ შორის სოციალურ დისტანციას და პირბადეების ტარებას.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 232 079 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 222 787 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 646 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 377 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 763 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 012 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური