საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ნორვეგიის ელჩმა ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ამოსაბეჭდი ვერსია

2021-02-04

..

საქართველოსა და ნორვეგიას შორის ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობა იყო მთავარი თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ელენე სანდ ანდრესენს შორის გამართულ შეხვედრაზე.

საუბრისას დადებითად შეფასდა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს გახსნა და აღინიშნა, რომ ეს ფაქტი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე მიუთითებს.

ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველო-ნორვეგიის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა.

აღინიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის ტურიზმის სფეროში, ისევე, როგორც ბიზნესკავშირების გაღრმავებას ხელს შეუწყობს საქართველოსა და ნორვეგიას შორის პირდაპირი ფრენები დაწყება, განსაკუთრებით COVID-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად.

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ორ ქვეყანას შორის პროდუქტიული თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. პრემიერ-მინისტრმა ნორვეგიის სამეფოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში მხარდაჭერისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური