საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-02-12

ეფექტიანი და ეფექტური კოორდინაცია მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, ეს არის სახელმწიფო რწმუნებულების რგოლი რომლებმაც  ეს უნდა შეასრულონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურანალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დასავლეთ საქართველოში, პირველ რიგში გურიასა და სამეგრელოში ჩასვლას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი - სახელმწიფო რწმუნებულების კორპუსში განხორციელებული ცვლილებები, რაც მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს გურიაში წარვადგინეთ ახალი გუბერნატორი, სამეგრელოში გუბერნატორს იცნობთ, რამეთუ ის ასრულებდა მოვალეობას. უაღრესად მნიშვნელოვანია გუბერნატორების ფუნქცია, მათი მაკოორდინირებელი როლი ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის. მათ ეფექტურ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული ბევრი პროექტის განხორციელება რეგიონში. მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვართ, გლობალურ პანდემიას ვებრძვით, ვაქცინაციის ეტაპს დავიწყებთ უახლოეს პერიოდში და ამაშიც რეგიონების როლი უაღრესად მნიშვნელოვანია. გუბერნატორები პირდაპირ უნდა იყვნენ ჩართულები, ისევე როგორც ეკონომიკური აღდგენის პერიოდისთვისა, რომლისთვისაც ასევე ვემზადებით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშუალო ბიზნესი, განსაკუთრებით რეგიონში იყოს მხარდაჭერილი სწორად და მიზნობრივად. ეს იქნება ჩვენი ეკონომიკური აღდგენის გეგმის ძირითადი კომპონენტი და ამ გეგმის განხორციელებაში ადგილობრივ დონეს და გუბერნატორებს ექნებათ ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეფექტიანი და ეფექტური კოორდინაცია მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, ეს არის სახელმწიფო რწმუნებულების როლი, რომლებმაც  ეს უნდა შეასრულონ. მათ ასევე ეყოლებათ რეგიონული მართვის კუთხით ახალი ხელმძღვანელი - კონსტანტინე ანანიაშვილი და დარწმუნებული ვარ, ისინი ყველანი ერთად ამ პრობლემებს მოაგვარებენ", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურს ასევე კითხვა დაუსვეს ვაქცინაციასთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში შემოვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა, რომლის მოწოდება დაიწყება უახლოეს კვირებში განხორციელდება, ვაქცინაციის  პროცესი კი დაიწყება მიზნობრივი ჯგუფებიდან ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარი მიზანია, წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის  სულ მცირე 60% იყოს აცრილი, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკური კუთხით.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინაციის პროცესს ჯანმრთელობასთან ერთად, აქვს უაღრესად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა და  ჩვენი ეფექტიანი თანამშრომლობით, როგორც საერთაშორისო პლატფორმებთან, მოგეხსენებათ, რომ კოვაქს პლატფორმის წევრები ვართ, ასევე ორმხრივი პირდაპირი ურთიერთობის და მოლაპარაკებების შედეგად უახლოეს პერიოდში საქართველოში იქნება ხარისხიანი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  მიერ ავტორიზებული ვაქცინა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას ნიკა მელიას უართან დაკავშირებით, გადაიხადოს მისთვის სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო და აღნიშნა, რომ საუბარია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს.

„ეს ახლა არის ჩვეულებრივი პოპულიზმი. სახელმწიფოს როლი თუნდაც ამაში საერთოდ არანაირი არ არის. ეს არის სამართალდამცავი სისტემა, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქაც არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს, მას შეუძლია გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით, ან შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა, ეს ხომ მისი არჩევანის საკითხია. რა შუაშია აქ ან „ქართული ოცნება" ან პროკურატურა, ამას ხომ არანაირი კავშირი ამასთან არ აქვს. არის უბრალოდ აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც შეუძლია გირაოს სახით ადამიანი დატოვოს გარეთ და მან გააგრძელოს ნორმალური, ჩვეულებრივი ცხოვრება. მისი გადაწყვეტილებაა. ჩემთვის ეს არის უბრალოდ იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა, მეტი არაფერი, არასერიოზულია ეს ყველაფერი,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის საოკუპაციო ძალების სრულიად უკანონო გადაწყვეტილება.

„მე პირადად მქონდა ინტენსიური კომუნიკაცია და მოლაპარაკებები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ამ თემაზე და ყველა იმ დედაქალაქთან ერთად, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ, უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურს ჟურნალისტებმა ასევე დაუსვეს კითხვა, როდემდე აპირებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას.

„წელიწადზე მეტია, მესმის ეს კითხვები, როდის მიდიხართ, დღეს, ხვალ, გუშინ ხომ არ წახვედით, ჯერჯერობით მოვდივარ, ხომ ხედავთ?! ეს არის ჩვეულებრივი ჭორები, რომელიც უკვე მომაბეზრებელი გახდა. ხომ შეიძლება რაღაც საინტერესო, შინაარსობრივ თემებზე ვისაუბროთ, ხომ არ შეიძლება, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჟურნალისტებთან რამდენჯერაც დავდგები, კითხვა იყოს, როდის მიდიხართ ან როდის გადადგებით? უკვე იუმორის ნაწილი გახდა ეს ყველაფერი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირების არსებობასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებას ჭორებისთვის საფუძველი არ აქვს, გარდა იმისა, დაესწრო თუ არა პოლიტსაბჭოს სხდომას გიორგი გახარია.

„ირაკლი კობახიძე არის „ქართული ოცნების" გუნდის ღირსეული ლიდერი და ჩემი კარგი მეგობარი და ამით ეს სპეკულაციები და ჭორები უნდა დასრულდეს. ჩვენ ვაკეთებთ ერთ საქმეს. როდესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებას ჭორებისთვის საფუძველი არ აქვს გარდა იმისა, გახარია დაესწრო თუ არა პოლიტსაბჭოს, მე პოლიტსაბჭოს ხან დავესწრები, ხან - ვერა, მხოლოდ და მხოლოდ გრაფიკიდან გამომდინარე. ხანდახან პოლიტსაბჭო იკრიბება საკმაოდ სწრაფად, ჩემი დღის დაგეგმვა ხდება საკმაოდ ადრე. ბევრი საქმეა ქვეყანაში. მარტივი რამ მინდა გითხრათ - უკვე ერთი კვირაა, ვცდილობ, ყოველკვირეულად მაქსიმალურად მივიდე სკოლებში, ვინაიდან ჩვენი ბავშვები პანდემიის გამო არიან უაღრესად მძიმე მდგომარეობაში. ბავშვები სასწრაფოდ ყველამ ერთად უნდა დავაბრუნოთ სასწავლო კლასებში, რომ შეეძლოთ ნორმალური განათლების მიღება. მეორეს მხრივ, ამ ბავშვების ოჯახებს, ქართულ ოჯახებს ელემენტარულად უჭირთ, ყოველდღიურად იბრძვიან ყოველდღიური შემოსავლისთვის, ეკონომიკურ კრიზისში ვართ. ამ ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად ყველანი ერთად უნდა ვშრომობდეთ და ამ დროს მედიას გარდა იმისა, ვინ მივიდა პოლიტსაბჭოზე, ვინ არ მივიდა, კითხვა არ აქვს. ვერ მივდივარ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გადასაწყვეტია. ხან ვახერხებ პოლიტსაბჭოზე მისვლას, ხან - ვერ ვახერხებ", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლარიზაციის ასეთი ხარისხი, ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.

„მე პოლიტსაბჭოზე დასწრებას ხან ვახერხებ, ხან ვერ ვახერხებ. კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. პოლარიზაციის ასეთი ხარისხი, ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები, „გადავიხდი გირაოს, არ გადავიხდი", ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ ქვეყანას იმხელა გამოწვევები აქვს, ეკონომიკურიც, უსაფრთხოების თვალსაზრისით და საბოლოო ჯამში დაგვემატა ჯანდაცვის თვალსაზრისიც, რომ შეუძლებელია, ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკური ძალა გაუმკლავდეს ამ პრობლემებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლიტიკური ხულიგნობა, ან უშინაარსო რაღაც ქმედებები ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა ხდება, რადგან ჯანდაცვის პრობლემა, ეკონომიკის პრობლემა, ჩვენი ბავშვების სკოლაში დაბრუნების პრობლემა ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემაა, ხვალინდელი დღის პრობლემაა და იმის მაგივრად, რომ ვიჭორაოთ და ერთმანეთს ხულიგნურად დავემუქროთ, რომ გადავიხდით გირაოს ან არ გადავიხდით, სჯობს, ყველამ ის მანდატი გავიაზროთ, რაც მოქალაქეებმა არჩევნების დროს დაგვაკისრეს, შევიდეთ იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება და ყველამ ერთად ვიზრუნოთ იქ ქვეყანაზე. მე ვგრძნობ სრულ მხარდაჭერას ჩემი გუნდის მხრიდან და ეს მხარდაჭერა მაძლევს იმ ძალას, რომ ვიყო ეფექტური რათა პრობლემები, რომლებიც ახლა ჩამოვთვალე, გადავწყვიტო. თქვენ შეიძლება გეჩვენებათ, რომ მე ამას ვერ ვგრძნობ. მე ამას აღვიქვამ ჭორაობად, მე ვგრძნობ და მაქვს ჩემი გუნდის სრული მხარდაჭერა, ისევე როგორც ირაკლი კობახიძეს, როგორც პარტიის თავმჯდომარეს აქვს სრული მხარდაჭერა ჩემი მხრიდან და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ, დაანებეთ ამას თავი,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ოპოზიციის წევრების მხრიდან პანდემიის გამო დადგენილი რეგულაციების დარღვევისკენ მოწოდების შესახებ.

გიორგი გახარიას შეფასებით, ეს არის პოლიტიკური ხულიგნობა და ამას აკეთებენ ადამიანები, ვისაც ნორმალური პოლიტიკური კონტენტის შექმნა და შინაარსობრივ დებატებში შესვლა არ შეუძლიათ.

„ვიღაც პოლიტიკურად ხულიგნობს საქართველოში, ვიღაც პოლიტიკურად ხულიგნობს ქვეყნის გარედან, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მოქალაქეები ამ ყველაფერს ხედავენ და აფასებენ. ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, ვინ ზრუნავს მათზე და რას ნიშნავს ადამიანებზე ზრუნვა. ეს ყველაფერი არჩევნებზეც აისახა. პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც უზარმაზარი ამბიციები ჰქონდათ, 2 და 3 პროცენტს ძლივს აცდნენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პოლიტიკურ ველზე არსებული პოლარიზაცია საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს და უსაფრთხოებას.

„ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ დროს ვკარგავთ. ეს პოლარიზაცია, რომელიც დღეს პოლიტიკურ ველზეა, სამწუხაროდ, ხდება ქვეყნის მომავლის და უსაფრთხოების პრობლემა. ყველამ ნება უნდა იბოძოს, გაიაზროს პასუხისმგებლობა და თუ იმდენი ტვინი არ აქვს, რომ ეს პასუხისმგებლობა გაიაზროს, იმ მოქალაქეებს მაინც მიაქციოს ყურადღება, რომლებმაც მას ხმა მისცეს, ნება იბოძოს, შევიდეს და იყოს იქ, სადაც კეთდება პოლიტიკა და არა -ქუჩაში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური