საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

2021-02-23

ძვირფასო თანამემამულენო,

ჩვენ ყველას საერთო სამშობლო გვაქვს, ერთი ქვეყნის შვილები ვართ.

საქართველო დღეს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ისედაც რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ასევე, გვაქვს სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევები და საგარეო-პოლიტიკური მიზნები.

ამ გამოწვევებისა და მიზნების გარშემო ყველა ერთად უნდა დავდგეთ, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია. ჩვენი სახელმწიფოებრიობა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის აუცილებელი პირობაცაა. ამიტომ, სახელმწიფოს და მისი კანონების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა.

გუშინ საქართველოს პარლამენტში წარვადგინე მთავრობის სამომავლო ხედვა. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, ჩვენი გმირი პოლიციელების მიმართ მიზანმიმართული შეურაცხმყოფელი კამპანიის ფონზე, გარდა საერთო მიზნებისა და გამოწვევებისა, დიდწილად ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზეც მომიწია საუბარი.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

კანონის აღსრულებაზე ჩვენი ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. თუმცა, ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე დღეს შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ვინაიდან ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე.

დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს.

ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში.

ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაზე, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციაზე.

ჩვენს სამშობლოს დასაკარგი დრო აღარ აქვს.

დღეს არა დაყოფის, არამედ გაერთიანების დროა.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!