ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-03-17

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს სათავო ოფისში უმასპინძლა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და განახლებულ არსებით პაკეტს, რომელიც დაეხმარება საქართველოს მდგრადობის გაძლიერებაში და ალიანსთან თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.

ირაკლი ღარიბაშვილმა იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისა და 2020 წლის ანგარიშისთვის, რომელშიც საქართველოსთან თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეძღვნება და აღნიშნულია, რომ ალიანსი აგრძელებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად.

მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე ამ მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

საუბრისას, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს განსაკუთრებულ როლს ნატოს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის კუთხით, რისთვისაც ნატოს გენერალურმა მდივანმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური