საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე იუსტიციისა და ფინანსთა ახალი მინისტრები წარადგინა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-04-01

.  .. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე იუსტიციისა და ფინანსთა ახალი მინისტრები წარადგინა.

იუსტიციის მინისტრის პოზიციას რატი ბრეგაძე, ფინანსთა მინისტრის თანამდებობას კი, ლაშა ხუციშვილი დაიკავებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რატი ბრეგაძე არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი.

„ბატონი რატი ბრეგაძე დაინიშნა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე. რატი არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა სამართლის მაგისტრისა და სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2012 წლიდან იგი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.

ასევე მინდა ვთქვა, რომ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები. რატი ბრეგაძე იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფინანსთა ახალი მინისტრი დიდი ხანია, რაც გუნდის წევრია და კარგად იცნობს სისტემას.

„რაც შეეხება ახალ ფინანსთა მინისტრს, ბატონი ლაშა დიდი ხანია, რაც გუნდის წევრია, ამდენად, იგი ძალიან კარგად იცნობს სისტემას. კერძოდ, 2014 წლიდან მას ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და დიდი ოცეულის მიერ ინიციირებული პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრი. 2013-2014 წლებში იგი იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, 2008-2013 წლებში კი მუშაობდა დიდ ოთხეულში, საერთაშორისო კომპანია Ernst & Young-ში საგადასახადო და იურიდიული მიმართულებით. იგი არის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლისა (ESM) და პრესტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. მინდა ბატონ ლაშას ვუსურვო წარმატებები უკვე ფინანსთა მინისტრის რანგში და მჯერა, წარმატებით გააგრძელებს თავის საქმიანობას,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა ყოფილ მინისტრს ივანე მაჭავარიანსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს გოჩა ლორთქიფანიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

„მოგეხსენებათ, ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე, ასევე ბატონი ვანო მაჭავარიანი გადადგნენ თანამდებობებიდან. ბატონი ვანო მაჭავარიანი აპირებდა გადადგომას ჯერ კიდევ დეკემბერში, როგორც მან თავად აღნიშნა, მაგრამ ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ რამდენიმე თვე გაეგრძელებინა მუშაობა. მინდა მას ჩვენი მთავრობის და გუნდის სახელით გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატება მის შემდგომ საქმიანობაში. ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე, მოგეხსენებათ, მიემგზავრება ჰააგაში. გუშინ იყო მისი ბოლო სამუშაო დღე. მე მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო მას და ვუსურვო წარმატება,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური