საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთობლივი განცხადებები ამოსაბეჭდი ვერსია

2021-06-01

..

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი:


პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო დელეგაციის წევრებო, მედიის წარმომადგენლებო, გულითადად მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, დღეს ანკარაში ვუმასპინძლო ბატონ ღარიბაშვილს და მის თანმხლებ დელეგაციას. ბატონი პრემიერ-მინისტრი უკვე იმყოფებოდა თურქეთში შინაგან საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის რანგში და ის არის ლიდერი, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ანკარაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა 100 წლის წინ გაიხსნა და თან საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავია. ბატონ პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები პირისპირ და შემდეგ ჩვენს დელეგაციებს შორის შეხვედრები გაიმართა. თურქეთი უკვე 14 წელია, არის საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს მცირედი კლება იყო სავაჭრო მოცულობაში, ჩვენ მიზნად დავისახეთ, უმოკლეს დროში სავაჭრო მოცულობის მაჩვენებელი 3 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფართოების მიმართულებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები. ამასთანავე, მტკიცედ ვმუშაობთ ჩვენი სავაჭრო პოტენციალის გაზრდისთვის და ამ კუთხით საბაჟო მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე. როგორც ენერგეტიკის სფეროში, ასევე ყველა სხვა სფეროში საქართველოში განხორციელებულია თურქული ინვესტიციები, რომლის მოცულობა 214 მილიონი აშშ დოლარია. ჩვენ საქართველოსთან გვაქვს დიდი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს. ერთ-ერთი ასეთია სტრატეგიული პროექტი სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელზეც ჩვენ ეს პლატფორმა შევქმენით. დამაკავშირებელი მექანიზმებისა და სხვადასხვა კომბინირებული დერეფნების საშუალებით, ჩვენ წამოწყებული გვაქვს მრავალმხრივი თანამშრომლობა. აღნიშნულის ფარგლებში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ განვახორციელეთ დერეფანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნად წოდებული, რომელიც თურქეთის გავლით, კავკასიიდან და კასპიის ზღვიდან გვაკავშირებს ჩინეთთან.
აბრეშუმის გზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ტვირთების გადაზიდვას ახდენს, როგორც ჩვენი ქვეყნიდან, ასევე რუსეთიდანაც. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე, როგორ უნდა გავზარდოთ ეს სარკინიგზო მაგისტრალი, „მარმარაის" გვირაბის გამოყენების საშუალებით.

ასევე განვიხილეთ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები და განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნეთ „ფეტოს" ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლის საკითხი.

თურქეთი ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი დიდი სურვილია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში.

ჩვენ რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებითაც გავუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები. თურქეთი საქართველოს ხედავს, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს. ჩვენ გვწამს, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ სხვადასხვა სამუშაოები, რომელიც განამტკიცებს და გაზრდის ჩვენი რეგიონის მნიშვნელობასა და მშვიდობას. აღნიშნულის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან ერთად სამმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ, თურქეთი, მხარს ვუჭერთ ყველანაირ სამმხრივ თანამშრომლობას, იქნება ეს საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი თუ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი. ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უმოკლეს დროში, წელსვე გავმართოთ უმაღლესი სტრატეგიული საბჭოს სხდომა და სხდომის თარიღზე დავავალეთ, იმუშაონ საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა. არსებული მექანიზმების გამოყენებით, ჩვენ განვაგრძობთ მტკიცე ნაბიჯების გადადგმას. ამ განწყობით მე იმედს გამოვთქვამ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხედულებები და შეხვედრა ხელს შეუწყობს და განავითარებს ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ხალხს, მივესალმები მედიის წარმომადგენლებს; ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა; მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თქვენდამი ასეთი თბილი მიღებისთვის.

თურქეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორია.

თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ თურქეთი, მრავალი წელია, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ერთობლივად გვაქვს განხორციელებული ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ყარსი, თბილისი-ერზრუმი. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა, პრაქტიკულად ყველა საკითხი მიმოვიხილეთ, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ეხება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთი ყოველთვის და ყველა ფორმატში მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო. ასევე, მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის ნათქვამს, რომელიც შეეხება ჩვენი მთავარი სტრატეგიული საბჭოს მორიგ შეხვედრას, რომელსაც მოუთმენლად ველი. განგებამ ისე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სამი სახელმწიფო, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ვართ ურთიერთდამოკიდებული, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, პარტნიორობა და რაც მთავარია მეგობრობა. ჩვენს შორის არსებობს ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად როგორც ორმხრივ, ასევე სამმხრივ ფორმატში.

ჩვენ, ბუნებრივია, შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას. მე ბატონ პრეზიდენტს გავაცანი ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია. ბუნებრივია, შევეხეთ ოკუპაციის საკითხებსაც. რა თქმა უნდა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ყველა კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით. ამ ოპტიმიზმით და ამ პათოსით, მე მინდა, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ ჩვენ ვართ მზად, ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ და ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ჩვენი დიდი სურვილია, თქვენ გიხილოთ თბილისში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური