საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ამოსაბეჭდი ვერსია

2021-07-07

.

ჩვენს პატივცემულ, ღვაწლმოსილ ექიმებს, მთელი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი გმირობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის - „ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, კოვიდპანდემია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის და ამ პროცესში ქართველმა ექიმებმა განსაკუთრებული პროფესიონალიზმი გამოიჩინეს.

„ჩემთვის დიდი პატივია, წარვსდგე თქვენს წინაშე.  მინდა, პირველ რიგში გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის. ჩვენს პატივცემულ, ღვაწლმოსილ ექიმებს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მთელი მთავრობის სახელით გმირობისთვის. რაც თქვენ გააკეთეთ, ეს არის ფასდაუდებელი საქმე ჩვენი მოქალაქეებისთვის. მოგეხსენებათ, კოვიდპანდემია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო  არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ამ პროცესში თქვენ საოცარი გმირობა, თავდადება და მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეთ, ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ", - მიმართა ექიმებს ირაკლი ღარიბაშვილმა. 
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ მიმართულებით უამრავი რამ გაკეთდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.

„2012 წლიდან ჩვენ არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ - თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ძალიან წარმატებული იყო. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა იყო. დღეს არის ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. სწორედ ამ მიზნით, ქალბატონი მინისტრი, თავის გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობს. ჩვენ შევიმუშავეთ ათწლიანი განვითარების პირველადი დოკუმენტი. მინდა, ვთხოვო, ქალბატონ ეკას, წარმოადგინოს დღევანდელი პრეზენტაცია, დეტალურად ვისაუბროთ, თუ როგორ გვესახება ჩვენ, მთავრობას ამ სისტემის განვითარება ზოგადად. რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობა ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია და მინდა, მოგმართოთ თხოვნით, ამ პროცესში აქტიური ჩართულობა გამოიჩინოთ. ჩვენი ამოცანაა, რამდენიმე თვე კიდევ ვიმუშაოთ ერთად და საბოლოო ჯამში დაიდოს დოკუმენტი, რომელიც იქნება ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი განვითარების ძირითად კონტურებსა და პრიორიტეტებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის - „ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030" პრეზენტაცია მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გამართა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, სამედიცინო სფეროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური