საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილმა ინდოეთის მთავრობას ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების საქართველოს მუდმივ მფლობელობაში გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-07-10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას, ხაზი გაესვა ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას, რამდენადაც, საქართველოს, დამოუკიდებლობის ისტორიაში, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველად ეწვია. 

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით აღნიშნა ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის უდიდესი მისია და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას მადლობა გადაუხადა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის, რომლის თანახმად, საქართველოს უსასყიდლოდ, მუდმივ მფლობელობაში გადმოეცა გოაში, წმინდა ავგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში გათხრების დროს აღმოჩენილი წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილი.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ურთიერთობებს, რომელიც ყოველწლიურად ღრმავდება. აღინიშნა ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების კუთხით არსებულ პერსპექტივაზე და ამ მხრივ არსებული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელიც პანდემიის გამო ვერ შედგა, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გაიმართება. 
ისაუბრეს საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და ინდოეთის მხრიდან განხორციელებულ და სამომავლო ინვესტიციებზე ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების,  ჯანდაცვის სექტორებში, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში, ასევე - საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში ერთობლივი ცენტრების შექმნის შესაძლებლობებზე.

ხაზი გაესვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას და გამოითქვა იმედი, რომ ინდოელი ვიზიტორები პოსტპანდემიურ პერიოდში კვლავაც აქტიურად იმოგზაურებენ საქართველოში. ასევე, ყურადღება დაეთმო პოსტპანდემიურ პერიოდში კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებას. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ინდოეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. 

ვრცლად იხილეთ: gov.ge/s/740c9

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური