საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი განცხადებები ამოსაბეჭდი ვერსია

2021-09-08

.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

ბატონო პრემიერ-მინისტრო,
დელეგაციის წევრებო,
ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით!

მივესალმები ჩვენს მეგობარს, ჩემს კოლეგას, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.

დიდი პატივია ჩემთვის მისი მასპინძლობა საქართველოში.
მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ბატონ პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება, რომელიც მან რამდენიმე ხნის წინ მოიპოვა. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ დაიწყოს ახალი ერა სომხეთისთვის და სომეხი ხალხისთვის. მე გავეცანი ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, რომელიც უკავშირდება მხოლოდ განვითარებას, სტაბილურ განვითარებას მისი ქვეყნის და სომეხი ხალხის კეთილდღეობას.

ყარაბაღის ომი, ჩვენი რეგიონისთვის, რა თქმა უნდა, რთული გამოწვევა იყო, მაგრამ ახლა, გავეცანი რა ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, მჯერა, რომ აღნიშნული გამოწვევა გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად - შესაძლებლობად, რომელიც მოუტანს კეთილდღეობას სომხეთს და სომეხ ხალხს.

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას და ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას. შესაბამისად, ჩვენს ამ საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ჩვენ, ყველას, სამივე ქვეყანას, რეგიონის ქვეყნებს გვაერთიანებს.

მოგეხსენებათ, საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე. ჩვენ ეს რამდენიმე ხნის წინ საქმით დავამტკიცეთ. რამდენიმე თვის წინ, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ საქართველოს, კერძოდ ჩემი მედიაციით, ბატონი პრემიერის უშუალო მონაწილეობით, მონდომებით, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ძალისხმევით, ჩვენ, სამმა ქვეყანამ, სამმა ლიდერმა მოვახერხეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდებოდა სომეხი ტყვეების დაბრუნებას სამშობლოში და ასევე, აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის, რუკების გადაცემას. ეს წარმატებული პრეცედენტი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ. ასე რომ, მე პრემიერს კიდევ ერთხელ დავუდასტურე სრული მზადყოფნა იმისა, რომ საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის საფუძველთა საფუძველია. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ახალი თანამშრომლობის იდეები, ახალი პროექტები. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ საკითხები, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას, ვაჭრობას, ტრანსპორტს, დაკავშირებადობას, მათ შორის მასშტაბური პროექტების თაობაზეც ვისაუბრეთ, რომელიც ბატონ პრემიერს აქვს, ტურიზმი, ენერგეტიკა, კულტურა, განათლება - ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზეც აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს. ჩვენს ქვეყანას აქვს საინტერესო სატრანზიტო პოტენციალი. ამის თაობაზეც გვქონდა ჩვენ განხილვა. სრულად უნდა იყოს გამოყენებული, ათვისებული ყველა ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს გააჩნია.

რეგიონში, სადაც არაერთი კონფლიქტი მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, სავსე იყო და ჯერ კიდევ არის მოუგვარებელი კონფლიქტები, ჩვენი საერთო ხედვა და ძალისხმევა უნდა იყოს ის, რომ ეს რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ხედვა და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრს ჩამობრძანებისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პატივია და მოხარული ვარ მისი სტუმრობით.


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი:

ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო! უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა მოგახსენოთ თბილი მიღებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს ერთმანეთთან საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. მე ხაზი უნდა გავუსვა, უნდა გავაგრძელო ბატონ ღარიბაშვილის გამოთქმული აზრი. დღევანდელი ჩვენი განხილვების, ჩვენი საუბრის უმეტესი ნაწილი მივუძღვენით ჩვენი რეგიონის მშვიდობიანი განვითარების, ერის გახსნის დღის წესრიგს. რის შესახებაც მე და ჩვენი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ჩვენ ხალხს ვესაუბრეთ ბოლო პერიოდში გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და უამრავი საშიშროება. ჩვენ ვცდილობთ, დიალოგში ერთმანეთს დავეხმაროთ და ყურადღება გავამახვილოთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს. ვფიქრობ, რომ შესაძლებლობების გამოყენების საკითხში ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რომელიც ჩვენთვის უფრო შესაძლებელს და ხელმისაწვდომს გახდის რისკების მართვას.

ბატონ ღარიბაშვილს ერთხელ კიდევ მადლობას მოვახსენებ ივნისში 15 სომეხი ტყვის დაბრუნებაში გაწეული მხარდაჭერისთვის. ხუმრობით ვამბობ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში მე უფრო საქართველოს პრემიერთან მქონდა კონტაქტი, ვიდრე წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენს ამომრჩეველთან. ძალზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პირადი ურთიერთობის ახალი დონის ჩამოყალიბება და იმ დღეებში ჩამოყალიბებული ატმოსფერო ძალიან კარგი საფუძველია, რომ ჩვენი ქვეყნებისა და მთავრობის ურთიერთობები უფრო შედეგიანი იყოს.

ჩვენ შევთანხმდით, რომ ახლო მომავალში სომხეთში ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, ისევ გავააქტიურებთ მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობას. ადრეც და ახლაც ხაზს ვუსვამ იმ გარემოებას, რომ ჩვენი ურთიერთობების მხრივ, ძალზე მნიშვნელოვანია, ჩვენმა ქვეყნებმა თავისი აზრი და თავდადებულობა გამოხატონ დემოკრატიული ღირებულებებისადმი. მე ბატონ ღარიბაშვილს წარვუდგინე ჩვენი მთავრობის პროგრამაში გაჩენილი რეგიონული თემებისა და გადაწყვეტების შესახებ წინადადებები და ის წარმოდგენები, რაც გვაქვს და რის შესახებაც ჩვენ განვაცხადეთ. აქ ახალი შესაძლებლობებია, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული. ჩვენ განვიხილავთ, რა შეგვიძლია, რომ რეგიონში ერთმანეთის პოტენციალი უფრო გავზარდოთ, საუბარია ტრანზიტულ გზებზე. პროექტები ხორციელდება ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, ჩვენ განვიხილავთ პროექტებს და შესაძლო გადაწყვეტებიდან ყველაზე შედეგიან ვარიანტს მოვძებნით. ასევე ვაფიქსირებ, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ჩვენი სპეციალისტები თანამშრომლობდნენ და თანამშრომლობენ, აქაც მზაობა გამოვთქვით, ამ ბოროტების წინააღმდეგ ერთობლივად ვიბრძოლოთ და გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები. ჩვენი ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორის არსებობა და ვფიქრობთ, საქართველოს სომხები, როგორც საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები, გააგრძელებენ მხარდაჭერას და საქართველოს ერთიანობის, განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი აქტორები იქნებიან. მადლობას მოვახსენებ საქართველოს მთავრობას იმ შესაძლებლობებისთვის, რაც შექმნილია საქართველოს სომხების თვითმყოფადობის განვითარების შენარჩუნების საქმეში. ეს თემა ჩვენ გვაერთიანებს და ჩვენს ურთიერთობებს უფრო შედეგიანს და სტრატეგიულს ხდის. ჩვენ უამრავი საკითხი განვიხილეთ. ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგი ძალზე ფართოა. მნიშვნელოვანია, რომ დავაფიქსირეთ, რომ ორიენტირებული უნდა ვიყოთ იმაზე, რომ ჩვენი მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროშიც აისახოს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური