საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2021 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21-23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა

2021-08-23

.  ..  ...


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 21-23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. 21 აგვისტოს საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინელმა კოლეგა დენის შმიგალმა ქალაქ ლვოვში უმასპინძლა.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდნენ.

საერთაშორისო ბაზაზე დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები.

ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი უცხოური კონტინგენტის ხელმძღვანელობას გაესაუბრნენ, რომელთა შორის მოკავშირე სახელმწიფოების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე გაეცნენ საიმიტაციო მოდელირების ცენტრის მუშაობას, დაათვალიერეს სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება, მათ შორის უკრაინაში წარმოებული იარაღი და სასწავლო ბაზაზე საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრები ლვოვის ხალხური არქიტექტურის მუზეუმს ესტუმრნენ და მუზეუმის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციის გამოფენაც დაათვალიერეს.

ირაკლი ღარიბაშვილისა და დენის შმიგალისთვის გაიმართა კულტურული ტური ლვოვის ისტორიულ ცენტრში. პრემიერ-მინისტრებმა, ორი ქვეყნის მთავრობის წევრებთან ერთად, ქალაქის ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 22 აგვისტოს, კიევში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი და ჰოლოდომორის მემორიალზე პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

23 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ყირიმის პლატფორმის სამიტში.
მთავრობის მეთაურმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოსა და უკრაინის საერთო ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და ასევე, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით - „დამსახურებისთვის" დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე დააჯილდოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის, სლოვაკეთის და მოლდოვას პრეზიდენტები; რუმინეთის, სლოვაკეთის და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ფოტოალბომი