საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2021 წლის სხდომები

2021 წლის 15 იანვრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-01-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილა.

დღის წესრიგი

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, მაინც უნდა მივიღოთ დღეს გადაწყვეტილება და არსებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გავახანგრძლივოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად სახეზეა პოზიტიური დინამიკა, თუმცა დღეში, დაახლოებით 1 500-მდე შემთხვევა საქართველოსთვის მაინც მაღალი მაჩვენებელია.
 
„თითქმის უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველას ერთად გვიწევს პანდემიასთან ბრძოლა და ეს ბრძოლა საქართველოშიც და გლობალურად, მსოფლიოშიც გრძელდება. დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს ინფიცირების 1 177 შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვების ღონისძიებების შედეგად, ბოლო 2 თვის განმავლობაში პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აბსოლუტურ ციფრებში დღეს დაახლოებით დღეში 1 500 ინფიცირებული საქართველოსთვის საკმაოდ მაღალი რიცხვია და მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, რომ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, მაინც უნდა მივიღოთ დღეს გადაწყვეტილება და  არსებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გავახანგრძლივოთ. ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, ყველგან მძიმდება მდგომარეობა, შეზღუდვები სულ უფრო და უფრო მკაცრდება, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში, ქვეყანაში პირველ თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რომელიც დღეს მოქმედებს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა შემუშავდეს კონკრეტული ღონისძიებები და შეიქმნას შესაძლებლობა, რომ ეკონომიკის გახსნა რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დაიწყოს.

"ეს არის როგორც ტესტირების სქემები, ასევე ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავეთ. შემდგომი ეტაპისთვის, იმისთვის, რომ წარმატებულად გავაგრძელოთ როგორც ეპიდემიასთან ბრძოლა, ისე ეკონომიკის ეფექტური გახსნა, ცოტა უნდა შევცვალოთ მუშაობის სქემა. აქ 3 ახალი პრიორიტეტი ჩნდება პანდემიასთან ბრძოლაში, პირველ რიგში ეს გახლავთ - ტესტირების სქემის შეცვლა. მოგეხსენებათ, ქვეყანაში ტესტირების რაოდენობა გაზრდილია და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ.

მეორე და ასევე მნიშვნელოვანი - მიზნობრივი ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნება, იქ, სადაც ეს საჭირო იქნება და რა თქმა უნდა, ვაქცინაცია,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის, უბრალოდ, ვერც ვხვდები, საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილია ვაქცინაციის სპეციალური კომისია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს და ეს კომისია რამდენიმე ამოცანას ისახავს მიზნად. პირველი, ეს არის, მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც ლოგისტიკასთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი აქვს. ასევე - მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად, დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია. მეორე საკითხი არის ის, რომ წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა აცრაც პრიორიტეტულად, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ და მესამე - რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც. პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს. ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე სამინისტრო წარმოადგენს ამ გეგმას, რომელიც მთავრობის შემდეგ სხდომაზე დამტკიცდება. ამიტომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარება და დაწყებულია განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც  დაკარგეს სამსახური ეპიდემიის მე-2 ტალღის შედეგად.

პრემიერის განმარტებით, შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება.

„ეს გახლავთ 1 200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი", -  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ვერტმფრენებით ფრენა გაგრძელდება თუშეთის მიმართულებით. შესაბამისი ნებართვა მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ სხდომაზე მისცა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მივცეთ ნებართვა, გააგრძელოს თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენებით ფრენა. მოგეხსენებათ, რომ ამას აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში. ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც მაღალმთიან სოფლებში ცხოვრობენ, განსაკუთრებით თუშეთში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გადაადგილების შესაბამისი შესაძლებლობა. ამას, უკვე მერამდენე წელია, მთავრობის დახმარებით შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს და ეს პროგრამა გაგრძელდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოეხმაურა სოფელ ბუკნარში მომხდარ ინციდენტებს. გიორგი გახარიას შეფასებით, რელიგიური მრავალფეროვნება ქვეყნის სიმდიდრეა და იქ, სადაც იქნება მცდელობა, ხელი შეეწყოს რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას, სახელმწიფო იმოქმედებს უმკაცრესად.

„რელიგიური მრავალფეროვნება ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე; ეს არის ის, როგორ ვაშენებდით ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს. საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის, კონსტიტუციით მათთვის გარანტირებული უფლებების შესრულებისა. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით იყოს შეზღუდული, თუმცა ასევე არავის მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ იქ, სადაც იქნება ელემენტარული, მარტივი მცდელობა, ხელი შეეწყოს ან მოხდეს პროვოცირება რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებისა, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად", - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური