საქართველოს მთავრობა – მთავრობის პროგრამა

მთავრობის პროგრამა

საქართველოს პარლამენტის
დადგენილება

საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტისა და 811 მუხლის შესაბამისად ნდობა გამოუცხადოს საქართველოს სამთავრობო პროგრამას „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე" (თან ერთვის) და მთავრობის შემდეგ შემადგენლობას:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ნიკა გილაური

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - დიმიტრი შაშკინი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - გიორგი ხაჩიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ვერა ქობალია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი - ალექსანდრე ხეთაგური

საქართველოს თავდაცვის მინისტრი - ბაჩანა ახალაია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი - ზურაბ ადეიშვილი

საქართველოს კულტურისა და ძეგლათა დაცვის მინისტრი - ნიკოლოზ რურუა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - კობა სუბელიანი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - რამაზ ნიკოლაიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - გრიგოლ ვაშაძე

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი - ხათუნა კალმახელიძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი - ბაკურ კვეზერელი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი - კახა ბაინდურაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ივანე მერაბიშვილი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ალექსანდრე კვიტაშვილი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - გიორგი ბარამიძე

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში - თემურ იაკობაშვილი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში - მირზა დავითაია

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე                                                                                                                                                       დავით ბაქრაძე

თბილისი,
2010 წლის 2 ივლისი

№3267-რს

 

ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე

ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე - საქართველოს მთავრობის უცვლელი მიზანია.

ეს მიზანი უნდა განხორციელდეს თვალსაჩინო ეკონომიკური ზრდისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისაკენ მიმართული ეფექტიანი ქმედებებით. გამოწვევად კვლავ რჩება გლობალური ეკონომიკური კრიზისის გავლენა და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის ფაქტი.

ერთიანი საქართველოსაკენ სწრაფვისათვის საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ყოველმხრივ მშვიდობიან ძალისხმევას, რათა დიპლომატიური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ბერკეტების გამოყენება ყოველდღიურად გვაახლოებდეს ამ მიზანთან, მათ შორის, საერთაშორისო სადამკვირვებლო ან/და საპოლიციო კონტინგენტის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანდატის ეფექტიანად განხორციელების, დეოკუპაციის და არაღიარების საერთაშორისო პოლიტიკის უზრუნველყოფის გზით.

საქართველოს მთავრობის "სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: "ჩართულობა თანამშრომლობის გზით" და მის საფუძველზე შემუშავებული სამოქმედო გეგმა მიმართულია იზოლაციის შემცირების, ოკუპირებული ტერიტორიის მაცხოვრებელთათვის საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის პრივილეგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობების გაუმჯობესებისაკენ. სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელება ხელს შეუწყობს ერთმანეთისაგან დაშორიშორებული საზოგადოების შერიგების პროცესს.

დასაქმება საქართველოს მთავრობის როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური პოლიტიკის მთავარი საზრუნავია. მაღალი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიაზე საქართველოს ეკონომიკის დაბრუნება, ინფრასტრუქტურის განვითარება, მაღალხარისხიანი განათლება და ბიზნესგარემო დასაქმების პოლიტიკის მთავარი მდგენელებია.

საქართველოს მთავრობამ წარმატებით გაართვა თავი გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგებთან ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს. ამჟამად მთავრობის ამოცანაა ამ მიღწევების შენარჩუნება და განვითარება ჯერ კიდევ მიმდინარე კრიზისის ფონზე.

თავდაცვის პრიორიტეტები იქნება: თავდაცვის სისტემის მართვის გაუმჯობესება და შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია, პერსონალის განათლება და წვრთნა, შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის განვითარება, ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა და ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია.

საქართველო გააგრძელებს ნატოში ინტეგრაციისათვის ენერგიულ ქმედებებს. საქართველო გაწევრიანდება ნატოში. იგი გახდება ალიანსის უსაფრთხოების სისტემის ორგანული კომპონენტი და არა მხოლოდ უსაფრთხოების ,,მიმღები."

მაკროეკონომიკური სტაბილურობა რჩება საქართველოს მთავრობის ფუნდამენტურ ამოცანად. საქართველოს მთავრობის ფისკალური პოლიტიკა მიმართული იქნება საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებისა და ერთნიშნა ინფლაციის უზრუნველყოფისაკენ. ეროვნულ ბანკთან ეფექტიანი თანამშრომლობა დარჩება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.

შემცირებული საერთაშორისო საინვესტიციო კაპიტალის მოსაზიდად საქართველოს ეკონომიკისთვის გამოწვევად რჩება კიდევ უფრო მაღალი კონკურენტუნარიანობა, დამატებითი კონკურენტული უპირატესობების განვითარება.

საქართველოს მთავრობის თავისუფალი ეკონომიკის კურსი უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, მოქალაქეებს, მეწარმეებსა და ინვესტორებს კი მისცემს შესაძლებლობას, სრულად გამოავლინონ პოტენციალი და უზრუნველყონ დასაქმება.

სათანადო საკონსტიტუციო ცვლილებები და ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების აქტი უზრუნველყოფს ამ კურსის მდგრადობასა და შეუქცევადობას.

ეკონომიკური კურსი უზრუნველყოფილი იქნება დაბალი და მარტივი გადასახადებით, ხარისხიანი საგადასახადო ადმინისტრირებით, გონივრული და ზომიერი რეგულირებით. საგადასახადო და მარეგულირებელი ადმინისტრირების ტვირთი პროპორციული იქნება მეწარმეთა სიმძლავრის, რაც დამატებით სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო მეწარმეობას. ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები და მათი რაოდენობის ზრდა მეტ კომფორტს შეუქმნის არარეზიდენტ პირებს საქართველოში საქმიანობისათვის.

ევროკავშირთან ურთიერთობებში პრიორიტეტული იქნება „ასოცირების ხელშეკრულებაზე" ინტენსიური მუშაობა, რაც მოემსახურება "ოთხი თავისუფლების პრინციპის" უფრო ფართოდ გავრცელებას საქართველოზე, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანების, საქონლის, კაპიტალისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება.

თავისუფალი ვაჭრობის განვითარება, სხვა ქვეყნებთან ვაჭრობაში სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გამოუყენებლობა, დარჩება საქართველოს მთავრობის პოლიტიკად. ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის" ხელშეკრულებაზე მუშაობა წარმოადგენს უმთავრეს პრიორიტეტს ამ მიმართულებით.

საჯარო ადმინისტრირების მოქნილმა, ამოცანებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულმა და არაკორუმპირებულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს საჯარო და ეკონომიკური ამოცანების ეფექტიანად შესრულება. ახალი ანტი-კორუფციული სტრატეგიის შესრულება და უშეღავათო აღმკვეთი პოლიტიკა არის გზა კორუფციასთან ბრძოლის უპრეცედენტო წარმატებების შემდგომი კონსოლიდაციისათვის.

სოციალური პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ბენეფიციართა მიზნობრივ დახმარებაზე, დაიხვეწება, რათა გაიზარდოს როგორც მიზნობრიობის სიზუსტე, ისე დახმარების ეფექტურობა. სახელმწიფო, კვლავაც, უფრო მეტად დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ. უფრო მეტი დახმარება სოციალურად ყველაზე მეტად დაუცველ მოსახლეობას - დარჩება სოციალური პოლიტიკის მთავარ პრინციპად.

მონეტარული სოციალური დახმარება და ჯანმრთელობის დაზღვევა, წარმოადგენს ორ საყრდენს, რომელსაც ეფუძნება სოციალური ინტეგრაცია, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და საზოგადოების ჯანდაცვის უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობა განახორციელებს ჯანდაცვის რეფორმის ახალ ეტაპს, რომელიც დაეფუძნება ახალ პრინციპებს: სადაზღვევო ინდუსტრიის როლის გაზრდით, ჯანმრთელობის დაზღვევისა და ჰოსპიტალური მომსახურების სინერგიით.

იძულებით გადაადგილებული პირების ღირსეული საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფა გაგრძელდება საბოლოო მიზნის მიღწევამდე. ეს პროგრამა გაგრძელდება სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის საფუძველზე. იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლების დაკანონების მიზნით გამოყენებული იქნება დონორი ორგანიზაციების ფინანსური დახმარებაც.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეღავათიანი სესხებისა და გრანტების ეფექტიანად გამოყენებამ და გამჭვირვალე ხარჯვამ საქართველოს ეკონომიკას საშუალოვადიან პერიოდში უნდა შეუქმნას პლატფორმა მათ ჩასანაცვლებლად კერძო საერთაშორისო შემოდინებებით. განსაკუთრებული ყურადღება კვლავაც მიენიჭება 2008 წლის ოქტომბერში გამართულ დონორთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი დაახლოებით 4.5 მილიარდი აშშ დოლარის ხარისხიან და ეფექტიანად ათვისებას.

ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ეკონომიკისათვის წარმოადგენს ბაზისს, რომელზეც უნდა დაფუძნდეს საქართველოს უკეთესი შიდა და საერთაშორისო ინტეგრაცია, უკეთესი საცხოვრებელი და საინვესტიციო გარემო, ქვეყნის ეკონომიკური მიმზიდველობა. ენერგეტიკული, საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის პრიორიტეტულობა უცვლელი დარჩება.

გაგრძელდება საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რათა გაუმჯობესდეს ძირითადი სამაგისტრალო, მეორადი და ადგილობრივი გზების მდგომარეობა, გამყარდეს ქვეყნის რეგიონული სატრანზიტო ცენტრის ფუნქცია და ხელი შეეწყოს ქვეყნის შიგნით ტვირთბრუნვას და ვაჭრობას. გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო დერეფნის მშენებლობა; დაიწყება ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის, ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზების და ვაზიანი-გომბორი-თელავის მაგისტრალის მშენებლობა.

ინვესტირება საქართველოს რკინიგზაში ახალი მასშტაბებით განხორციელდება, მისი მოდერნიზაციის და თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მაგისტრალის შექმნის მიზნით. აშენდება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, რაც შესაძლებელს გახდის ჩინეთი-საქართველო-ევროპის სარკინიგზო მიმოსვლას. განხორციელდება თბილისის შემოვლითი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა.

მნიშვნელოვანი ეტაპი „ღია ცის პოლიტიკის" განხორციელებაში იქნება „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ" შეთანხმებაზე მუშაობის დასრულება ევროკავშირთან.

ლიბერალურმა ენერგეტიკულმა პოლიტიკამ, მთავარი აქცენტით განახლებად ჰიდრორესურსებზე, კიდევ უფრო მდგრადად უნდა უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება, ინვესტიციების მძლავრი ნაკადი, საექსპორტო პოტენციალის ზრდა, მოწოდების წყაროების დივერსიფიკაცია და საქართველოს სტრატეგიული როლი აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკულ კორიდორში. ყველა ძალისხმევა იქნება გამოყენებული „ნაბუკოსა" და „თეთრი ნაკადის" პროექტების პრაქტიკული რეალიზაციისათვის. თურქეთთან დამაკავშირებელი 500-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა გაცილებით მიმზიდველს გახდის საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს და ხელს შეუწყობს ენერგოგენერაციაში კერძო ინვესტიციების მოზიდვას. დასავლეთ საქართველოში განხორციელდება ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია (სენაკი-1 და სენაკი-2) და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გაზსადენის მნიშვნელოვანი სეგმენტების აღდგენა-მშენებლობა, ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოების დასრულება. კერძო ინვესტიციებით დაფინანსდება 500 მეგავატზე მეტი ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრის მშენებლობა. 2013 წლამდე არსებითად დასრულდება გამრიცხველიანება. გაიზრდება ენერგოსისტემის მდგრადობა და განხორციელდება სექტორის შემდგომი დერეგულირება. ენერგოსისტემა იმუშავებს მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში.

სოფლის განვითარება საქართველოს მთავრობისათვის წარმოადგენს მაგისტრალურ მიდგომას სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. რეგიონული გზები, სოფლის განვითარების პროგრამა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, გაზიფიცირების პროგრამა, წარმოების დივერსიფიკაცია შექმნის საფუძველს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოსაზიდად და სოფლის მეურნეობის სოციალური ფუნქციის შესანარჩუნებლად. სოფლებთან უკეთეს კავშირს უზრუნველყოფს საინვესტიციო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს დაახლოებით 600 კილომეტრის მეორადი და ადგილობრივი გზების მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოს ყველა რეგიონში. მნიშვნელოვანი პროექტებია საირიგაციო და სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოები და რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან „სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვის შესახებ" (GIs) შეთანხმების ხელმოწერა.

საქართველოს მთავრობა გააგრძელებს საქართველოს ქალაქებისა და რეკრეაციული ტერიტორიების რევიტალიზაციის პროგრამებს მეტი დეცენტრალიზაციის, ბიზნეს და ტურისტული პოტენციალის გაზრდის, საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. ეს პროგრამები შეეხება როგორც ზღვისპირა, ისე სამთო რეკრეაციული ზონების განვითარებას, ისევე, როგორც საქართველოს ისტორიული ქალაქებს. გაგრძელდება ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარება: მყარი ნარჩენების პროექტების განხორციელება, წყალმომარაგების და წყალარინების, ადგილობრივი სატრანსპორტო და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. დაიწყება ახალი მრავალწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეღავათიანი საკრედიტო რესურსით, ჯამურად 300 მილიონ აშშ დოლარი, გაუმჯობესდება საკვანძო ურბანული ინფრასტრუქტურა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად მომზადდება ორი გრძელვადიანი - 500 მილიონ აშშ. დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო 4-5 წლიანი პროგრამა წყალმომარაგების სექტორში.

საქართველოს ბუნებრივი გარემოს დაცვას და ბუნებრივი რესურსებით ეფექტიანი სარგებლობის სისტემის განვითარებას საქართველოს მთავრობა განახორციელებს ინსტიტუციური რეფორმის და ლიცენზირების სისტემის გამართვის საფუძველზე, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება შესაძლებელი გახდება ადრეული შეტყობინების საფუძველზე.

საქართველოს ახალგაზრდობის გლობალური კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას. მასწავლებელთა მოტივაციისა და კვალიფიკაციის გაზრდა, უსაფრთხო სკოლა, ტოლერანტული გარემო, ვაუჩერული დაფინანსება არჩევანის უფლებით, კარგი სასკოლო ინფრასტრუქტურა, სასწავლო ტექნოლოგიები და ატრიბუტიკა იქნება ასეთი განვითარების უზრუნველყოფის ინსტრუმენტები.

ხელი შეეეწყობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ასევე სპორტისა ახალგაზრდობის სფეროში არსებული ორგანიზაციების და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

საქართველოს მთავრობა განახორციელებს საზოგადოებრივი მართლწესრიგის სფეროში მიღწეული წარმატებების შემდგომ კონსოლიდაციას პოლიციის მიმართ საზოგადოებრივი მაღალი ნდობის შესანარჩუნებლად, მოქალაქეთათვის უფრო უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად.

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის რეფორმირება უზრუნველყოფს მის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. განხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმირება თანამედროვე, სამართალდარღვევების პრევენციაზე ორიენტირებული, გამჭვირვალე სამართალწარმოების სისტემის დანერგვის მიზნით.

გაგრძელდება პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა - სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულების რეაბილიტაცია და პატიმართა საყოფაცხოვრებო, უფლებების და ჯანმრთელობის დაცვის პირობების გაუმჯობესება. განვითარდება მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია, რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის სისტემა. გაგრძელდება პრობაციის თანამედროვე სისტემის ფორმირება, რომლის მიზანიცაა პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური გარემოს გაუმჯობესება.

დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის განვითარება და ხელშეწყობა არის საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ამოცანა. შემდგომი ქმედებები ამ სფეროში უნდა დაეფუძნოს უკვე მიღწეულ წარმატებებს, საზოგადოების ნდობის გაზრდას და ჩართულობას, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებას.

სააღსრულებო სისტემაში სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტიანობა გაიზრდება აღსრულების კერძო სისტემის დანერგვის გზით.

დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციისათვის მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მთავრობის მხრიდან სამოქალაქო პლურალიზმის დასაარჩევნო სისტემისა დახვეწისათვის განხორციელებული ძალისხმევა.