საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრი რაჭას ეწვია

2008 წლის 17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი რაჭაში იმყოფებოდა. გრიგოლ მგალობლიშვილი ამბროლაურისა და ონის მოსახლეობას შეხვდა და პირადად ესაუბრა იმ პრობლემების შესახებ, რომელებიც სოფლის მოსახლეობას აწუხებს.

გრიგოლ მგალობლიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის ფარგლებში მცირე პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლებს 15 მილიონი ლარი გამოეყოფათ.

აღნიშნული თანხა მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული კომლების რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება. რაც მეტი კომლია, მით მეტ თანხას მიიღებს სოფელი და მოსახლეობა თავად გადაწყვეტს რაზე დაიხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.

პრემიერ-მინისტრი გაეცნო რაჭაში რთველის შედეგებს და სოფელ ბუგეულში ღვინის ქარხანა დაათვალიერა.

აგრეთვე გრიგოლ მგალობლიშვილმა სოფელ ხვანჭკარაში აღდგენილი საჯარო სკოლა გახსნა, რომელიც 1990-იან წლებში მიწისძვრის დროს დაზიანდა.

აგრეთვე პრემიერ-მინისტრი ონში შეხვდა რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას და დანგრეული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.

"მაინტერესებდა თვითონ სოფლის მოსახლეობისაგან გამეგო რა ხდებოდა. ონი იყო ადგილი, რომელიც ძალიან დაზარალდა რუსული ოკუპაციის შედეგად. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის შემოწმება, თუ როგორ მიმდინარებს რეაბილიტაცია, სახლების მშენებლობა. პრობლემები ბევრია, გასაკეთებელი ბევრია, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ უფრო ბევრი უნდა გავაკეთოთ," - დასძინა საქართელოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი