საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში

14-16 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ეუთოს გენერალურ მდივანს მარკ პერინ დე ბრიშამბოს. მას ვლადიმერ გურგენიძემ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ჩატარებული პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების შედეგებისა და პარლამენტის არჩევნებისათვის მზადების შესახებ. ილაპარაკეს აგრეთვე კონფლიქტების გადაწყვეტისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

საქართველოს დელეგაციამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ჟურნალ ,,ევრომანის" კონგრესის მუშაობაში, რომელიც ყოველწლიურად იმართება და წარმოადგენს ძალზე პრესტიჟულ ღონისძიებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებით დაინტერესებული ინვესტორებისა და ბანკირებისათვის.

კონგრესი, რომელსაც 1200 დელეგატი ესწრებოდა, გაიხსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენებით. დელეგატებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველო­ში გამართული პრეზიდენტის არჩევნების, აგრეთვე იმ პროცესების თაობაზე, რომ­ლებიც ქვეყანაში განვითარდა ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში. მაგრამ მთა­ვარი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცა, იყო პერსპექტივები.

- ,,ყველა ინვესტორი თუ დასავლეთის ბანკების წარმომადგენლები, ვისაც შევხვდით, კმაყო­ფილი დარჩნენ იმ საკანონმდებლო პაკეტით, რომელიც გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში შევიტანეთ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის მართლაც უპრეცედენტო პა­კეტი, რომელშიც სრული მოცულობით არის გათვალისწინებული ინვესტორთა სა­დღეისო ინტერესი და გარანტია, რომ რადიკალური ეკონომიკური რეფორმების კურ­სი გაგრძელდება გამართული არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი