საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

2007 წლის 9-18 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

2007 წლის 10 აპრილს, დილით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. სხდომა აფხაზეთში (საქართველო) შექმნილი ვითარების განხილვას მიეძღვნა.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს. ზურაბ ნოღაიდელმა განსაკუთრებით აღნიშნა გალის რაიონში დაბრუნებული მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა. მათ ყოველდღიური შიშისა და უფლებების უხეშად დარღვევის ატმოსფეროში უხდებათ ცხოვრება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, აფხაზეთში იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნების გარეშე რეალურად ძნელია კონფლიქტის გადაწყვეტაზე ლაპარაკი. ამასთან ერთად, მან დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებათა განხორციელებისათვის.

გაეროს გენერალურმა მდივანმა მხარი დაუჭირა საქართველოს ხელისუფლების კურსს, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას გულისხმობს.

საღამოს გაეროს შტაბბინის ფოიეში აფხაზეთში კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გაიხსნა გამოფენა, სადაც პრემიერ-მინისტრმა წარმოთქვა სიტყვა. გამოფენას გაეროში აკრედიტებული დიპლომატები და ნიუ-იორკში ქართველთა დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დაღუპულების ხსოვნას პატივს სათანადოდ მივაგებთ, თუ შევძლებთ კონფლიქტის გადაწყვეტას საქართველოს ტერიტორიული ურღვეობის საფუძველზე და აფხაზეთის მრავალეთნიკური მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.

12 აპრილს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინიტრი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა OPIC-ის პრეზიდენტს რობერტ მოსბახერს. შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. ზურაბ ნოღაიდელმა OPIC-ის პრეზიდენტს გააცნო საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები. თავის მხრივ კი რობერტ მოსბახერმა სტუმარს OPIC-ის ინტერესთა სფეროები გააცნო.

შემდეგ ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა აშშ-ს სავაჭრო პალატის ელჩს ჯონ ვერონაუსს. ელჩს პრემიერ-მინისტრი ესაუბრა საქართველო-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობებსა და საქართველოში საინვესტიციო გარემოზე, გააცნო საქართველოს მაკროეკონომიკური შედეგები. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო გეგმები.

ზურაბ ნოღაიდელისა და აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილის ჩარლზ კონერის შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საირიგაციო სისტემები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩარლზ კონერს აგრეთვე გააცნო საქართველოში მიმდინარე პროცესები.

სახაზინო დეპარტამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღო აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ რობერტ კიმიტმა, რომელსაც ზურაბ ნოღაიდელმა გააცნო საქართველოს მაკროეკონომიკური განვითარების შედეგები. შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და ამერიკის ინვესტიციები საქართველოში.

მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან დიკ ჩეინისთან. საუბარი შეეხო საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ ვითარებას, მიმდინარე რეფორმებს, ნატოსთან ინტენსიურ დიალოგს და საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივას, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ნოღაიდელი აგრეთვე შეხვდა აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილეს გორდონ ინგლანდს. მხარეებმა მოიწონეს საქართველოსა და ამერი-კას შორის სამხედრო სფეროში მიღწეული თანამშრომ-ლობის დონე. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას.

13 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა USTDA-ში (US Trade and Development Agency). შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა გააცნო საქართველოს მაკროეკონომიკური განვითარების შედეგები. განიხილეს საქართველო-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

იმავე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკში გამართულ კონფერენციაში. თავის გამოსვლაში ზურაბ ნოღაიდელმა ილაპარაკა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ეკონომიკური განვითარების შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. კონფერენციაზე მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა პოლ ვოლფოვიცმა ზურაბ ნოღაიდელს გადასცა Doing Business-2007 Top Reformer (N1 რეფორმატორ ქვეყანას) - საქართველოს სპეციალური პრიზი.

აღსანიშნავია შეხვედრა აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანთან სამუელ ბოდმანთან. მას პრემიერ-მინისტრმა გააცნო საქართველოს ენერგოსისტემის მდგომარეობა. ასევე ილაპარაკეს ტრანსკასპიური კორიდორის პოტენციალსა და სამომავლო გეგმებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ნიკ ბარნის შეხვედრაზე გაიმართა საუბარი რეფორმების, საქართველოში კონფლიქტების გადაწყვეტის, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი