საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი თურქმენეთში

22-23 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა.

ზურაბ ნოღაიდელი აშგაბადში თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუხამედოვს შეხვდა. თურქმენეთში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ქართული დელეგაცია პირველია, ვინც გურბანგული ბერდიმუხამედოვმა საკუთარ სასახლეში მიიღო. შეხვედრაზე განიხილეს თურქმენეთიდან საქართველოში გაზის ექსპორტისა და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები. აღსანიშნავია, რომ საქართველომ თურქმენეთის ვალიდან, რომელიც 400 მილიონ დოლარს შეადგენდა, 359 მილიონი დოლარი უკვე გადაიხადა, დარჩენილ თანხას კი უახლოეს 11 თვეში დაფარავს.

თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ინიციატივების დაჩქარებული წესით განხილვის მომხრეა. თურქმენეთიდან საქართველოში ხორციელდება ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება, ასევე შესაძლებელია მოხდეს ტექსტილისა და სხვა სახის ტვირთების ტრანსპორტირებაც. საქართველო მზად არის ყოველთვიურად მოახდინოს 150 ათასიდან 200 ათას ტონამდე თურქმენული ტვირთების ტრანზიტი.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თურქმენეთი საქართველოს გავლით ევროპაში ტვირთების გადაზიდვებზე მოცულობას კიდევ უფრო გაზრდის. ქართული მხარე თურქმენეთს სთავაზობს სამხრეთ კავკასიაში ყველაზე სწრაფ და იაფ საგზაო დერეფანს. ამ თემაზე შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება და მასში აზერბაიჯანის მხარეც ჩაერთვება.

- ,,საქართველოში შეიძლება ჩაიდოს თურქმენული ინცვესტიციები, აგრეთვე გაიზრდება სამხრეთ კავკასიის დერეფნის გავლით გადაზიდვებში თურქმენეთის მონაწილეობა. ჩვენ ყველა ქვეყანას, და ამ კონკრეტულ შემთხვევაში თურქმენეთს, შევუქმნით შესაფერის გარემოს, რომ სამხრეთ კავკასიის დერეფანი იყოს არა მარტო ყველაზე მოკლე, არამედ ყველაზე ეფექტიანი და იაფი გზა" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ნოღაიდელი აგრეთვე შეხვდა თურქმენეთის მთავრობის წევრებს გაფართოებული შემადგენლობით. მხარეებმა იმსჯელეს გაზის ექსპორტირებაზე. ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული როდის და რა მოცულობით მოაწვდის თურქმენეთი საქართველოს ბუნებრივ აირს. ამ საკითხზე მოლაპარაკებები კვლავაც გაგრძელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშგაბადში დაათვალიერა თურქმენეთის ხელოვნების მუზეუმი, გაეცნო ქვეყნის კულტურას, გვირგვინით შეამკო ყოფილი პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის საფლავი.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი