საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ქუვეითში ოფიციალური ვიზიტის შესახებ

17-18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ოფიციალური ვიზიტით ქუვეითში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ქუვეითის ემირს შეიხ საბაჰ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰთს, ქუვეითის პრემიერ-მინისტრს შეიხ ნასერ მოჰამედ ალ-აჰმად ალ-საბაჰს, ქუვეითის ეროვნული კრების სპიკერს ჯასემ მოჰამედ ალ-ხარაფისსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს ალი თუნაიან ალ-ღანიმს.

შეხვედრებზე განხილულ თემებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი იყო საქართველოში ნამახვანის 450-მეგავატიანი კასკადის მშენებლობა. პროექტი მოიცავს 3 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას (ჟონეთ-ჰესი, თვიშ-ჰესი და ნამახვან-ჰესი). ეს არის დაახლოებით 720 მილიონი დოლარის ინვესტიცია. - „ამ პროექტზე მუშაობა ქუვეითში წინა ვიზიტის შემდეგ დავიწყეთ, როდესაც მივიღეთ წინასწარი თანხმობა. ამჟამად გავაგრძელებთ მუშაობას ქუვეითის ეკონომიკური განვითარების ფონდთან და, შესაბამისად, რამდენიმე თვის განმავლობაში დავასრულებთ კონტრაქტის პროექტზე მუშაობას. მეორე მთავარ კომპონენტს საქართველოში სხვადასხვა სფეროში ქუვეითური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ვიზიტის პირველი დღის ბოლოს ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ ორ მნიშვნელოვან პროექტზე. ეს არის ავტობანისა და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობებისთვის საჭირო თანხების მოპოვება და კერძო ქუვეითური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა," - აღნიშნა ზურაბ ნოღაიდელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქუვეითში ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე შეხვდა ქუვეითის არაბთა ეკონომიკური განვითარების ფონდის დირექტორს აბდელ ვაჰაბ ალბადერსა და საინვესტიციო სააგენტოს გენერალურ დირექტორს ბადერ ალ-საადს. მოლაპარაკება ეხებოდა ნამახვანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასა და რუის-აგარის ავტომაგისტრალის 2008 წლის განმავლობაში კიდევ ერთი მონაკვეთის დასრულებას.

„განვიხილეთ ამ პროექტების დეტალები, შესაბამისად გაიწერა ყველაფერი ის, რაც უნდა გაკეთდეს მომდევნო 6 თვის განმავლობაში. კერძოდ, უნდა მომზადდეს სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, შემდეგ - პროექტის ინჟინრული დიზაინი და 2009 წლიდან დაიწყება უშუალოდ მშენებლობა. პარალელურად დაიწყება კონკრეტული მოლაპარაკება დაფინანსების პაკეტზე. გავაგრძელეთ საუბარი 2008 წლის განმავლობაში საავტომობილო მაგისტრალის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე. ქუვეითის საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელობასთან საუბრისას გაირკვა, რომ იგი უკვე შემოსულია საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში. კერძოდ, ქუვეითის საინვესტიციო სააგენტო TAV-ის (აეროპორტის მშენებელი კომპანიის) 10-პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა. ჩვენ ვისაუბრეთ სამ ძირითად მიმართულებაზე, ეს არის საბანკო სექტორი; უძრავი ქონება და ტურიზმის ინფრასტრუქტურა, საქართველოს მინერალური რესურსები," - თქვა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.

ზურაბ ნოღაიდელმა ქუვეითში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ 2006 წლის 31 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი „საქართველოში უცხოელთა ყოფნის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილებების თანახმად, რიგი ქვეყნების, მათ შორის ქუვეითის, მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში საქართველოში უვიზოდ ყოფნის საშუალება ექნებათ. პასუხად, ქუვეითის პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცეთ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისთანავე მიიღონ ქუვეითის ვიზა. ასეთი პრივილეგიით დღემდე მხოლოდ 34 ქვეყანა სარგებლობდა.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი