საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

2006 წლის 2-3 მარტს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ზურაბ ნოღაიდელის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი დაესწრო ქართულ-ამერიკულ ბიზნესფორუმს “ინვესტირება საქართველოში”, გამართა შეხვედრები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე და ამერიკის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. ასევე, შეხვდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კოფი ანანს.

ვიზიტის პირველ დღეს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ამერიკის ბიზნესფორუმში და გამართა შეხვედრები ამერიკელ ბიზნესმენებთან.

ფორუმის “ინვესტირება საქართველოში” ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს მთავრობა, ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭო (America-Georgian Business Council) და საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (International Finance Corporation). ფორუმის მიზანს წარმოადგენდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ბიზნესმენთათვის საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობების გაცნობა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციის და საბანკო სფეროებს. მომხსენებლებმა, რომელთა შორის იყვნენ როგორც საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენები, ასევე ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები, ილაპარაკეს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ. წარმოადგინეს კონკრეტული წინადადებები საქართველოში მიმდინარე საპრივატიზაციო პროცესთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძემ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა და ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ.

ზურაბ ნოღაიდელმა აგრთვე გამართა შეხვედრები მსხვილ ამერიკელ ბიზნესმენებთან და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან.

საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების მიმართულების ხელმძღვანელთან ედვარდ ნასიმთან

შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ეკონომიკის დინამიკური განვითარებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების გამო. ცნობილი გახდა, რომ კორპორაცია უახლოეს მომავალში გეგმავს საქართველოში 44 მლნ დოლარის ინვესტირებას. ბატონმა ნასიმმა მნიშვნელოვნად შეაფასა ქართულ-ამერიკულ ბიზნესფორუმი, და აღნიშნა, რომ ფორუმზე უპრეცედენტოდ დიდი იყო ამერიკელ ბიზნესმენთა   დასწრება.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს შორის (United States Trade and Development Agency). შეთანხმების მიხედვით სააგენტო გამოყოფს საჭირო თანხებს საქართველოს ტერიტორიაზე ახალი 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ჩასატარებლად. ასევე, გაფორმდა ხელშეკრულება კომპანია “კანარგოსთან”. მას  მიეცა უფლება მოიპოვოს ბუნებრივი აირი  საქართველოს ტერიტორიაზე (გარდაბნის რაიონში).

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის მეორე დღეს გამართა შეხვედრები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

ბირჟის პრეზიდენტთან ქალბატონ ქეთრინ ქინისთან საუბრისას ზურაბ ნოღაიდელმა ერთგვარად შეაჯამა თავისი ვიზიტის შედეგები და ილაპარაკა ხუთშაბათს გამართული ბიზნესფორუმის წარმატებაზე. შეხვედრაზე მოხერხდა ქართული ბიზნესისათვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა. კერძოდ, იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაცია განხორციელდეს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მეშვეობით. ასევე, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ბირჟაზე დაიწყოს ქართული კომპანიების აქციებით ვაჭრობა.

ვიზიტის დასასრულს პრემიერ-მინისტრი შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს. მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და იმსჯელეს მასში გაეროს მონაწილეობაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარება. მან განსაკუთრებით გამოჰყო გალის რაიონში მცხოვრები ქართული მოსახლეობის საკითხი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. გენერალურმა მდივანმა კმაყოფილება გამოთქვა ქართული მხარის მშვიდობისაკენ ორიენტირებული ნაბიჯების გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი