საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ქუვეიტში

17-18 აპრილს შედგა პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ოფიციალური ვიზიტი ქუვეიტში.

პრემიერ-მინისტრმა გამართა შეხვედრები ქუვეითის ემირთან შეიხ საბაჰ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ას-საბაჰთან, პრემიერ-მინისტრთან შეიხ ნასერ მოჰამად ალ-აჰმად ალ-საბაჰთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან ჯასემ მოჰამად ალ-ხარაფისთან და სამეფო ოჯახის წევრებთან. ზურაბ ნოღაიდელი ასევე შეხვდა  ქუვეითის საინვესტიციო ადმინისტრაციის მმართველ დირექტორს ბადერ ალ-საადს და არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილეს ჰიშამ ალ-ვაქაიანს. ქუვეითის სავაჭრო სამრეწველო პალატაში კი პრემიერ-მინისტრი პალატის თავმჯდომარემ – ალი თუნაიან ალ-განიმმა და წამყვანმა ქუვეითელმა ბიზნესმენებმა მიიღეს.

ქუვეითის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე და განიხილეს რეგიონში შექმნილი მდგომარეობა. ხაზი გაუსვეს ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას და ყურადღება გაამახვილეს იმ მიმართულებებზე, რომლებიც მხარეთა აზრით, პერსპექტიული იქნებოდა ქუვეითური კაპიტალის მოზიდვისათვის. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა ინტენსიფიცირებისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაიწყოს მუშაობა ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გასამარტივებლად. ასევე, ქუვეითური მხარის წინადადებით, იგეგმება ქუვეითში საქართველოს დღეების ორგანიზება, რაც მათი აზრით, მისცემს საშუალებას ქუვეითელ ხალხს უფრო ახლოს გაიცნოს საქართველო და გააქტიურებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს.

ინვესტირების კონკრეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს ქუვეითის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეხვედრისას. პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში გატარებული და მიმდინარე რეფორმებისა და მათ შედეგად ქვეყანაში შექმნილი საინვესტიციო კლიმატზე, ასევე ილაპარაკა პრივატიზაციის პროცესზე. შეხვედრაზე განიხილეს ქუვეითელი ბიზნესმენების მიერ საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობები. გამოიკვეთა ბიზნესმენთა კონკრეტული დაინტერესება საბანკო, სატელეკომუნიკაციო, სამშენებლო და ტურიზმის სექტორებით.

არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდისა და საინვესტიციო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილეს ქართული მხარის მიერ წარდგენილი საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსების საკითხები. ეს პროექტები 10 წლიან პერიოდზეა გათვლილი და ითვალისწინებს საქართველოში გზების ეტაპობრივ აღდგენასა და მშენებლობას. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დროს დაიწყება თბილისის გზების სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება. ამ მიზნით ფონდი დაახლოებით 17 მლნ. აშშ დოლარს გამოყოფს. მხარეთა შეთანხმებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის პირველი ეტაპების განხორციელება კონტრატის ხელმოწერამდე დაიწყება.

ვიზიტის შედეგებით კმაყოფილი დარჩა ქუვეითური მხარეც. გამოიკვეთა ქუვეითის ბიზნესსექტორის სერიოზული დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შეიხ ნასერ მოჰამად ალ-აჰმად ალ-საბაჰმა მასმედიის საშუალებებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ქუვეითში ძალზედ ნაყოფიერი იყო და იგი სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე საქართველოსა და სპარსეთის ყურის რეგიონის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობათა განვითარებისათვის.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი