საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

21-25 მაისს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრი შეხვდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს – პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ჯონ პრესკოტს (Rt. Hon John Prescott), მინისტრს ევროპის საკითხებში ჯეფრი ჰუნს (Geoffrey Hoon), პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მაიკ გეიფს (Mike Gapes), თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჯეიმს არბურთნოტს (James Arburthnot), თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ტომ უოტსონს (Tom Watson), ჩრდილოვანი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრებს კონსერვატული პარტიიდან ვილიამ ჰეიგს (Rt. Hon William Hague) და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან მაიკლ მურს (Michael Moore).

შეხვედრების მთავარ თემებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენდა. როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პრემიერ-მინისტრმა მიიღო მხარდაჭერა საქართველოს ნატოსთან დაახლოების საქმეში. აღინიშნა, რომ ბრიტანეთი ემხრობა საქართველოსთვის ინტეგრაციის ახალი ეტაპის ინტენსიური დიალოგის (Intensified Dialogue) სწრაფ ამოქმედებას.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს სამოქმედო გეგმის საკითხები და შეთანხმების მდგომარეობა. პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა გეგმასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე მიღწეულ პროგრესზე და იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე გეგმის იმპლემენტაციის ფაზა დაიწყება. ამასთან, ზურაბ ნოღაიდელმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებისთვის მეტად მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების პერსპექტივა ევროკავშირთან, ხოლო პირველ ეტაპზე თურქეთთან, რომელიც ევროპის საბაჟო კავშირის წევრია და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის  გაფორმებისათვის ევროკავშირის თანხმობა სჭირდება. ბრიტანულმა მხარემ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სრული მხარდაჭერა გამოხატა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაც აღუთქვა.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობა. ზურაბ ნოღაიდელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის გადაწყვეტის მხოლოდ მშვიდობიან გზას განიხილავს. გამოიკვეთა ბრიტანული მხარის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების მიმართ. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა  ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციისადმი მიძღვნილი დონორთა კონფერენცია, რომელიც ივნისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

მასპინძელი მხარე დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებულობით. ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრიორიტეტულად მიიჩნევს სასამართლო და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროების რეფორმირებას. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, შექმნილია სპეციალური სამთავრობო კომისია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელმაც უნდა შეიმუშაოს სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის ყოვლისმომცველი გეგმა.

ვიზიტის უმთავრესი ნაწილი ეკონომიკურ საკითხებს მიეძღვნა. პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური კონფერენციის მუშაობაში. შეხვდა ბანკის პრეზიდენტს ჟან ლემიერს (Jean Lemierre), აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, კლეი ლოურის (Clay Lowery),  შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს ჰაირეტინ კაპლანს (Hayrettin Kaplan), საკრედიტო სააგენტოს “სტანდარდ ენდ ფუარს”-ის (“Standard and Poor’s”) აღმასრულებელ დირექტორს ბატონ კონრად როისს (Konrad Reuss).

კონკრეტულ შედეგებს შორის შეიძლება აღინიშნოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ყოველწლიური ინვესტირების მოცულობის 85-დან 150 მილიონ ევრომდე გაზრდა, აშშ-ის მხრიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი უცხოური (უმეტესად) ბანკების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღება, საკრედიტო სააგენტო “სტანდარდ ენდ ფუარს”-ის (Standard and Poor’s) მიერ საქართველოსათვის 2006 წლის ბოლოს სავარაუდოდ გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგის მინიჭება და სხვა.

ჟან ლემიერთან შეხვედრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ბანკი მონაწილეობას მიიღებს საქართველოში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და კერძოდ, ენგურის ჰიდროელექტროსადგურისა და ჩრდილოეთ-სამხრეთი გაზსადენის  რეაბილიტაციის პროექტებში. კლეი ლოურისთან (Clay Lowery). შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული მდგომარეობა. იმსჯელეს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის (MCA)-ს მიმდინარეობაზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების დროული განხორციელება, რომელიც საშუალებას მისცემს მთავრობას უახლოეს დროს დაიწყოს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტის მომდევნო ეტაპი – პირველ რიგში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ბატონ ჰაირეტინ კაპლანთან (Hayrettin Kaplan) შეხვედრაზე იმსჯელეს შესაძლო პროექტების განხორციელების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე. ბატონი კაპლანი დაინტერესდა საქართველოში ინფრასტრუქტურის, აგრარულ და საბანკო სექტორში ინვესტირების შესაძლებლობით. ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია ინვესტორთათვის.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ საინვესტიციო ფორუმებზე მთავრობის წევრებმა და საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებმა ინგლისურ მხარეს ქვეყანაში ინვესტირების შესაძლებლობები გააცნეს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონფერენციის ფარგლებში შედგა (საქართველოს) ქვეყნის პრეზენტაცია (country presentation), სადაც პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა და საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებმა გააკეთეს მოხსენებები ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ინვესტირების შესაძლებლობებზე. ანალოგიური ბიზნესფორუმი მოეწყო კომპანია “მერილ-ლინჩ” (Merrill Lynch)-ის შტაბბინაში. ყურადღება ძირითადად კონცენტრირებული იყო ენერგეტიკის, საბანკო და ტურიზმის სექტორებზე. პრეზენტაციებს ევროპისა და აშშ-ს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქართული დელეგაციის გამოსვლამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

მნიშვნელოვანი დრო დაეთმო საქართველოს, როგორც ქვეყნის, პრეზენტაციას. მისი  კულტურისა და ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის – პირველ რიგში, ქართული ღვინის პოპულარიზებას.

22 მაისს,  ზურაბ ნოღაიდელმა გახსნა ქართული მინანქრის ექსპოზიცია, რომელიც პრემიერ-მინისტრის მეუღლის ნინო ცინცაბაძე-ნოღაიდელის პატრონაჟით მოეწყო. გამოფენილმა ნიმუშებმა სპეციალისტებისა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

23 მაისს კი, ლონდონის “ვინოპოლისის” მუზეუმში გაიმართა ქართული ღვინის გამოფენა “საქართველო – ღვინის სამშობლო” (Georgia – Cradle of Wine). მოწვეულ სტუმართა შორის ბრიტანელი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების გარდა დარგის ექსპერტებიც იყვნენ.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს საშუალება მიეცა   საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ბრიტანულ მასმედიასთანაც ელაპარაკა. ზურაბ ნოღაიდელმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანიებს: “ბი-ბი-სი”-ს (“BBC”), “ბლუმბერგს” (“Bloomberg”) და “სკაის ნიუსს” (“SKY-News”); გამოცემებს: “ფაინენშელ თაიმსს” (Financial Times), “ინდიფენდენთს” (“Independent”), “ლოიდს ლისტს”, (“Lloyd’s List”),

ზურაბ ნოღაიდელმა შეხვედრები გამართა ლონდონში მოღვაწე ბიზნესმენებთან, მათ შორის, ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ბიზნესმენთან, ფოლადის წარმოების ხელმძღვანელთან, ლაკშმი მიტალთან (Lakshmi Mittal). ასევე, აღსანიშნავია საუბარი ბრიტანეთის მრეწველთა კონფედერაციის გენერალურ დირექტორთან სერ დიგბი ჯონსთან (Sir Digby Jones), რომელსაც საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ. შეხვედრების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ბრიტანელი ბიზნესმენებისაგან საქართველოში მათი წარმატებული საქმიანობის  შესახებ ისმენდა. მათი შეფასებით, ბოლო დროს, საქართველოში ბიზნესის წარმოება მნიშვნელოვნად ადვილი და მომხიბვლელია, ხოლო საქართველოს მთავრობის საგადასახადო რეფორმის შედეგად, ხელსაყრელი გახდა, როგორც შიდა მოხმარების, ასევე ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების დაფუძნება. ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან და ყოველგვარ დახმარებას უწევს. ბატონმა ჯონსმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ბრიტანელი ბიზნესმენების დადებითი გამოცდილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ახალი ინგლისური კაპიტალის მოზიდვას. გადაწყდა, წლის მეორე ნახევარში საქართველოში ბრიტანელი ბიზნესმენების დიდი ჯგუფი ეწვევა, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან ინვესტირების შესაძლებლობებს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი