საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

2006 წლის 5 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ზურაბ ნოღაიდელი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. მასთან ერთად სამთავრობო დელეგაციაში იყვნენ ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე და ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური.

ზურაბ ნოღაიდელმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადესთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილხამ ალიევთან.

შეხვედრებზე განიხილეს მრავალი საკითხი, პირველ რიგში − აზერბაიჯანიდან დამატებით ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ (მხარეებმა იმსჯელეს ბუნებრივი აირის როგორც მოცულობის, ისე თანხის თაობაზე).

საუბარი შეეხო, აგრეთვე ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქო რკინიგზის პროექტის რეალიზაციის კონკრეტულ ნაბიჯებსაც. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით შესაბამისი დავალებები აქვთ მიცემული ორივე მხარის კომპეტენტურ უწყებებს და ამ საკითხზე მუშაობა კვლავაც გაგრძელდება.

დამუშავების პროცესშია აზერბაიჯანის კერძო და სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოში სერიოზული ინვესტიციების განხორციელების საკითხი, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში დამატებით გადასადგმელი ნაბიჯები, რათა უფრო ეფექტიანად იმუშაოს ორ ქვეყანას შორის არსებულმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ.

ზურაბ ნოღაიდელის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა საქართველოში ივლისის ნაცვლად აგვისტოს მეორე ნახევარში გაიმართება და ამ სხდომაზე  მიღებული იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ზემოაღნიშნული  ყველა საკითხის შესახებ.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი