საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოში

2006 წლის 25-26 ივლისს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოში.

ვიზიტის პირველი დღე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ფრანკო ფრატინისთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული − ევროკავშირთან თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია შემდეგი მიმართულებებით: საზღვრის მენეჯმენტი, რომელიც მოიცავს სასაზღვრო სამსახურის ჩამოყალიბებას და კონტროლის განმტკიცებას.  საუბარი აგრეთვე შეეხო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების პერსპექტივას. ამასთან, გაგრძელდება ევროკავშირთან მუშაობა საქართველოს ზოგიერთი კატეგორიის მოქალაქეებისთვის (ბიზნესმენები, დიპლომატები, სტუდენტები) სავიზო მოთხოვნების შერბილებასთან დაკავშირებით.

25 ივლისს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა აშშ-ს მუდმივ წარმომადგენელს ნატო-ში ვიქტორია ნულანდს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მდგომარეობას და პერსპექტივას. ვიქტორია ნულანდის თქმით, ნატო ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. ალიანსის წევრებისთვის თვალსაჩინოა ის შედეგები, რასაც ქვეყანამ ამ მოკლე პერიოდში მიაღწია, რაც საქართველოსთან ნატო-ს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების წინაპირობაა. თავის მხრივ, ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაწყებული რეფორმები შეუქცევადია და რომ საქართველო მზადაა ყველა ის საფეხური გაიაროს რაც ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანებისკენ შეუწყობს ხელს.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს, ზურაბ ნოღაიდელი ნატო-ს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სჰეფერს შეხვდა, რის შემდეგაც დაესწრო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას.

პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში  ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, კონფლიქტების დარეგულირებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე. ოცწუთიანი გამოსვლის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებმა საქართველოსადმი, ასევე პირადად პრემიერ-მინისტრის ძალისხმევისადმი კეთილგანწყობა და მხარდაჭერა გამოხატეს.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ნატო-ს წევრი ქვეყნების მყარი მხარდაჭერა, რაც რეალურს ხდის საქართველოს  ინტენსიურ დიალოგზე გადასვლის პერსპექტივას.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, “ჩვენ და ნატო მზად ვართ შემდეგი ნაბიჯისთვის. დღის წესრიგში კონკრეტულად ერთი საკითხია, თუ როდის იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ − ეს იქნება ძალიან მალე”.

თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ინტენსიურ დიალოგზე გადასვლის საკითხი სავარაუდოდ სექტემბერში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება განხილული.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი