საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 3 დეკემბრის მთავრობის ხდომა

2008 წლის 3 დეკემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 48 საკითხი. დღის წესრიგი. 

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში გამართული შეხვედრები მიმოიხილა. "მოგეხსენებათ, რომ უკვე ორი დღეა მიმდინარეობს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები, და კონსულტაციები. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა საქართველოსთან მიმართებაში. პირველ რიგში, რაც ხაზ გასასმელია არის ის, რომ დაფიქსირდა დადებითი მიდგომა საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და პროგრესის მიმართ.

მეორე, აღინიშნა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შეუქცევადობა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი იძენს შეუქცევად ხასიათს.

მესამე, ჩამოყალიბდა ახალი მიდგომები გაწევრიანების მექანიზმებთან დაკავშირებით, სადაც ცენტრალურ როლს იძენს საქართველო-ნატოს კომისია. კომისიის ფარგლებში შემუშავებული იქნება ყოველწლიური სამოქმედო გეგემები, რაც წარმოადგენს ძირითად მექანიზმს საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის.

ამასთანავე მინდა ავღნიშნო ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი. აქაც მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა დაფიქსირებული. ევროკავშირის კომისიამ მიიღო მანდატი საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის წარმოებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაში დაიწყება. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ ბევრად გამარტივებულ რეჟიმში გადაადგილდნენ ევროკავშირის სახელმწიფოებში."-აღნიშნა გრიგოლ მგალობლიშვილმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი