საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

2008 წლის 24 ოქტომბერს გაიმართა მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 22 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში გამართული დონორთა კონფერენციის დატალებზე ისაუბრა.

ევროპამ, ამერიკამ, რიგმა სხვა სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს 4,5 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყვეს, რომელიც შემდგომი 3 წლის მანძილზეა გაწერილი. ვლადიმერ გურგენიზემ აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი წარმატება და ძალიან დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური თანადგომის გამოხატულება. " ამასთან დაკავშირებით მინდა ფინანსთა მინისტრს დავავალო პირველ რიგში პარლამენტთან, ანტიკრიზისულ კოალიციასთან ჩამოვყალიბდეთ იმ მექანიზმებზე რითიც დაცული იქნება ამ თანხების ხარჯვის ტრასფარენტულობა.

საჭიროა შემდეგი წლისათვის მოსალოდნელმა თანხებმა ასახვა ჰპოვოს ბიუჯეტში, რაც გარკვეულ წილად კორექტირებებს საჭიროებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წვრილ-წვრილი თანხების მობილიზებაც და მათი დროული წამოღება. ბუნებრივია ჩვენ ყველაფერს ამას უნდა ვაკეთებდეთ მსოფლიო ბანკთან და სხვა დონორებთან ერთად კოორდინაციაში. როგორც ვარაუდობდით და იმედი გვქონდა სრული მხარდაჭერა მივიღეთ იმ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებაზე რასაც ორივე ტალღის დევნილთა და დაზარალებულთა დახმარება, მათი ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესება ჰქვია. ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური ხდება იმ სტრატეგიის მომდევნო ეტაპის მომზადება, რომელიც მათ შორის მოიცავს 1999 წლიდან და უფრო ადრეულ პერიოდებში დევნილთათვის დახმარების გაწევას.
ძალიან დიდი ნაწილი ამ დახმარებებში ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავია. ეს არის ენერგოუსაფრთხოების გარკვეული მომენტები. დონორთა საჭიროებების შეფასების დოკუმენტში გათველისწინებულია საკმარისი თანხები წყალმომარაგების, კანალიზაციის გაუმჯობესებასა და სხვა ინფრასტრუქტურულ თემებზე. ამასთან დაკავშირებით მინდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვთხოვო მაქსიმალურად გააქტიუროს მუშაობა იმისათვის, რომ ის საპროექტო მონახაზები, რაც ჩვენ გვქონდა და რაზეც დონორებთან უკვე შევჯერდით, რაც შეიძლება მალე გადავაქციოთ რეალურ პროექტებად. მათ შორის საინჟინრო და ფინანსური გათვლებით იმისათვის, რომ მოხდეს ამ თანხების გონივრულ პერიოდში ათვისება და პროექტების დაწყება." - აღნიშნა პრემიერ- მინისტრმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი