საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 29 სექტემბრის სხდომა

2008 წლის 29 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 22 საკითხი.დღის წესრიგი

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მთელი მთავრობის სახელით მიუსამძიმრა აჭარის რეგიონში მეწყერის შედეგად გარდაცვლილების ახლობლებს. ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ირაკლი ღვალაძეს დამსწრეთათვის ინფორმაციის მიწოდება სთხოვა " მივლინებულია გეოლოგების ჯგუფი, რომლებიც ადგილზე სწავლობენ ვითარებას. წვიმიანი ამინდები ისევ მოსალოდნელია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები ყველა ზომებს იღებენ ტრაგიკული შედეგების თავიდან ასაცილებლად."-განმარტა ირაკლი ღვალაძემ.

ვლადიმერ გურგენიძემ კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთის პარლამენტმა მოახდინა ხელშეკრულების რატიფიცირება თურქეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და უკვე მესამე დღეა საქართველო თურქთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმშია.

პრემიერ -მინისტრმა ისაუბრა ამერიკის მთავრობის დელეგაციის ვიზიტზე საქართველოში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვაჭრობის თემატიკაზე იმუშავებს. "ამერიკის მთავრობის მხრიდან არის ინიციატივა უფრო გაღრმავდეს და გაუმჯობესდეს ქართული პროდუქციის წვდომა ამერიკულ ბაზარზე. ამერიკის მთავრობის დელეგაცია ადგილობრივი ექპორტიორებისათვის ჩაატარებენ სემინარს, იმისათვის, რომ უფრო კარგად აუხსნან და დაანახონ ყველა ის შესაძლებლობა, რაც მსოფლიოს ამ უდიდეს ბაზარზეა. 3400 პროდუქციის ტიპზე უკვე მოქმედებს შეღავათიანი ვაჭრობის პირობები. გასულ პარასკევს ბრიუსელში ჩვენი კოლეგები დაესწრნენ მორიგ შეხვედრას, სადაც ერთერთი მთავარი თემა თავისუფალი ვაჭრობა იყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვვნელოვანია ამერიკული და ევროპული ბაზრები, რადგან ექსპორტი დამატებით სტიმულს შესძენს საქართველოს ეკონომიკას."-აღნიშნა ვლადიმერ გურგენიძემ.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი