საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 16 აგვისტოს სხდომა

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ. მან თქვა, რომ გავიარეთ ძალზე დაძაბული და მძიმე კვირა, რომლის შედეგები ნაწილობრივ დღეს უნდა შევაჯამოთ. პირველ ყოვლისა, უნდა ვისაუბროთ იმაზე თუ როგორი მზადყოფნით ვხვდებით შემდეგ რამდენიმე დღეს. ამ კვირის განმავლობაში, უმძიმესი ფონის მიუხედავად, ეკონომიკაში სტაბილურობა შენარჩუნებულ იქნა. ეს ყველამ იგრძნო საკუთარ თავზე, იგრძნო როგორც სავალუტო კურსის რყევების არ არსებობაში, ასევე მაღაზიებისა და ბანკების გამართულ მუშაობაში, იგრძნო იმითაც, რომ ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ რეგიონებისა, სადაც გაძნელებულია მიმოსვლა, არ შეინიშნება არანაირი სახის დეფიციტი, რაც ასევე გაგრძელდება. ამ მხრივ არაფერი არ შეცვლილა. განსხვავება ის არის, რომ თუ ადრე, მშვიდობიან დროს ამას ბაზრის მოთამაშეები ბუნებრივად და უმტკივნეულოდ აგვარებდნენ, ახლა მომხმარებლისათვის იგივე სიტუაციის შენარჩუნებას, გარდა ბაზრის მოთამაშეების ძალისხმევისა, სჭირდება მთავრობის დიდი ძალისხმევა, ყოველდღიურად ძალზე მობილიზებული მუშაობა, მრავალი მიმართულებთი ლოგისტიკური დახმარება და ა.შ. აი, ეს არის განსხვავება. ბოლო ერთი კვირის დაძაბულობამ და იმან, რომ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას გავლენა არ მოეხდინა, სამომხმარებლო სიტუაციაზე, თქვენი და თქვენი კოლეგების მხრებზე გადაიარა. ამისთვის ყველას დიდი მადლობა, მაგრამ ჯერ ადრეა, რომ მოვეშვათ. ჩვენ ასევე მობილიზებულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რადგან საქართველოში საოკუპაციო ჯარი ჯერაც დგას, ჯერ მხოლოდ დეკლარაციების საფუძველზე გვესმის საუბარი მათი გასვლის შესახებ, თუმცა ყველას იმედი გვაქვს, რომ ეს გასვლა დაუყოვნებლივ დაიწყება. ალბათ, ყველამ იცით იმის შესახებ, რომ დღეს მათ ვანდალიზმის მორიგი აქტი ჩაიდინეს, ვგულისხმობ სარკინიგზო ხიდის აფეთქებას. ვიცი, რომ იქ დაწყებულია სიტუაციის შესწავლა, რათა გავერკვეთ, თუ რა პერიოდი დასჭირდება აღდგენით სამუშაოებს. ვიცი, რომ ეს მარტივი არ იქნება, თუმცა ამ შემთხვევაში, ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოს ტერიტორია არ არის იმ მასშტაბის, რომ შეუძლებელი იყოს მისი ადეკვატურად მომარაგება, თუნდაც აფეთქებული ხიდის პირობებში, მით უმეტეს, რომ ჩვენ ყველა მეზობელთან ვინარჩუნებთ მეგობრულ, პარტნიორულ, კეთილმეზობლურ ურთიერთობას და ბუნებრივია, საზღვრები ღიაა, ტვირთები შემოდის და გადის. სხვათა შორის, იგი ყველა მიმართულებით გადიოდა, სანამ ამ ხიდს ააფეთქებდნენ. დღევანდელი ვანდალური აქტი კიდევ მეტ ძალისხმევას მოითხოვს ადგილობრივი ხელისუფლებისაგან, მთავრობისაგან, ყველა ჩვენი კოლეგისაგან და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა ფოთის პორტში არსებული მდგომარეობით.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ მადლობა გადაუხადა ფოთისა და ბათუმის პორტების, აგრეთვე რკინიგზის მუშაკებს იმ თავდადებისათვის, რომელიც მათ გამოიჩინეს ამ პერიოდის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ფოთის პორტი და რკინიგზა იბომბებოდა, მათ შეძლეს ძალიან სწრაფად მოქმედება და ნორმალური პირობების აღდგენა. მან თქვა, რომ რკინიგზელები ახლაც მუშაობენ, რათა ხიდი აღადგინონ. ეს მნიშვნელოვანი ზიანია ჩვენთვის, მაგრამ მას შეძლებისდაგვარად მალე აღვადგენთ. რაც შეეხება ფოთის პორტს, რთული სათქმელია, რომ იგი გამართულად მუშაობს, მაგრამ ამ ეტაპზე იგი სრულად ფუნქციონირებს. პორტში დგას 13 გემი. მათი უმეტესი ნაწილი იცლება, შესაბამისად იტვირთება და ტოვებს პორტს. ტვირთის ნაწილი არის სურსათი, ხორბალი, ცემენტი, სხვა მასალები. ექვსი გემი მზად არის შემოსასვლელად. ამავდროულად, ბათუმის პორტში დგას ცხრა გემი. ის გემები, რომლებიც საქართველოსკენ მოემართებოდნენ ან შემოსულები არიან პორტებში, ან მზად არიან შემოსასვლელად. ჩვენ ვმუშაობთ გადამზიდველებთან, იმ კომპანიებთან, ვინც აკეთებს ასეთ შეკვეთებს, რომ არ მოხდეს იმ გემების ჩავარდნა, რომლებიც გეგმავდნენ საქართველოში შემოსვლას. ჩვენ ყველა ზომას ვიღებთ იმისათვის, რომ არ შეჩერდეს ეს ნაკადი და ტვირთის ტრანსპორტირება მოხდეს დანიშნულების ადგილამდე, საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში. უფრო პოზიტიური ინფორმაცია, რომელიც შემიძლია მოგაწოდოთ ის არის, რომ დღესდღეობით თითქმის ყველა ავიხაზმა აღადგინა შეწყვეტილი ფრენები, მაგალითად, თურქულმა ავიახაზმა, დღეს განახორციელებს ფრენას ლიუფტჰანზა, შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში ბრიტანული ავიახაზები და სხვები. ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 7-8 კომპანიას არ შეუწყვეტია ფრენა. ეს იყო საქართველოს ავიახაზები, ნაციონალური, ბალტიისპირეთის, უკრაინის და ა.შ., რისთვისაც მინდა მათაც მადლობა გადავუხადო. დღეიდან სხვა კომპანიებიც დაიწყებენ ფრენას. ასე რომ, ორშაბათიდან ან სამშაბათიდან ველოდებით ფრენების სრულ აღდგენას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური ხვალ გეგმავენ კიდევ ერთ საკოორდინაციო შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ჰუმანიტარულ მისიასთან. სტუმრები ეცნობიან სიტუაციას, ახდენენ დიაგნოსტირებას და ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად გვიჭირს და სად გვჭირდება მათი დახმარება დისტრიბუციის მხრივ. რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა, რათა საქართველოში ამჟამად ჰუმანიტარული ტვირთის საჭირო ასორტიმენტი მოვიდეს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკის მხარესთან გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა. მან თქვა, რომ გუშინაც გვქონდა არაფორმალური საუბარი, როდესაც სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი იყო ჩამოსული. ორივე შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პრობლემას, რომ ვერ ვახერხებთ შეღწევას გორის რაიონში, აღარაფერს ვამბობ ცხინვალის რეგიონსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გორის რაიონში ვერ შევდივართ ვერც სამედიცინო დახმარების მანქანებით, ვერც ჰუმანიტარული დახმარების ტვირთის შეტანის მიზნით. საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ის, რომ ვერ გამოგვყავს დაზარალებულები. ეს უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. ჩვენ ვთხოვეთ ამერიკის მხარეს დახმარება, რადგან ძალიან ბევრი მცდელობა იყო წითელი ჯვრის კომიტეტიდან, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, მაგრამ ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო. დღეს, იგოეთთან მოლაპარაკების შედეგად მოხერხდა მხოლოდ სასწრაფო დახმარების ცვლის შეცვლა, ნაწილი შედიოდა, ნაწილი გამოდიოდა, რადგან იქ ბრიგადების მორიგეობაა დაწესებული, და ესეც პრობლემა ხდება. რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ პირველი დღეებიდანვე ვეცადეთ სერიოზული კოორდინაციის განხორციელებას. ვისაც მსგავს ჰუმანიტარულ დახმარებაზე მუშაობის გამოცდილება აქვს, იცის, რომ პირველ ტალღად ყოველთვის მოდის სამედიცინო მოხმარების საგნები და მედიკამენტები. ეს ბუნებრივი რეაქციაა. ასეთი კონფლიქტის ან სხვა სახის კატასტროფის დროს პირველ რიგში, როგორც წესი, იგზავნება მედიკამენტები და შესახვევი მასალა, რომელიც დღეს ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობით გვაქვს. ამიტომ მოხდა მათი რეორიენტაცია, რომ წამოვიდეს დევნილთა დახმარებისა და საცხოვრებელი პირობებისათვის განკუთვნილი ტვირთი. ასეთია: საწოლები, ლეიბები, თეთრეული, ჰიგიენის საგნები, ტანსაცმელი, საკვები. გუშინ დილიდან დაიწყო ამ ტიპის ტვირთის შემოსვლა, რომელსაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად ვიღებთ, არ ვაყოვნებთ საწყობებში, ვაფასოებთ და ვანაწილებთ. ძალზე დიდია მოთხოვნა საწოლებსა და ლეიბებზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ ამერიკელები კიდევ უფრო ზრდიან დახმარების მოცულობას, ხვალ დილიდან ყოველ ორ-სამ საათში ჩამოვა ტვირთი. ლტოლვილთათვის ძალზე დიდი დახმარება გამოგზავნა უკრაინამ. ასე, რომ მდგომარეობა ნელ-ნელა რეგულირდება. ქალაქში დევნილების დიდი რაოდენობაა. დღეიდან, თითოეულ ცენტრში, სადაც ისინი არიან განთავსებული, გაიხსნება სამედიცინო პუნქტები. შესაძლოა მრავალი თავიდან ვერ მოვიცვათ, მაგრამ ყველგან გაიხსნება პუნქტი, სადაც იქნება ექიმი, ექთანი, მედიკამენტები და მათი მომსახურება ამბულატორიულ დონეზე მოხდება ცენტრებში. რაც შეეხება უფრო სერიოზულ სამედიცინო დახმარებას, ყველა საავადმყოფო გაფრთხილებულია და პრობლემა ამ მხრივ არ იქნება. დაჭრილთა მკურნალობის მხრივ შეფერხებები არ არის. უცხოეთიდან მრავალი წინადადება შემოდის რეაბილიტაციის ან საოპერაციო ჩარევისათვის დაჭრილთა გადაყვანის თაობაზე, მაგრამ დღესდღეობით მძიმე ავადმყოფი არ გვყავს. მინდა მოგახსენოთ, რომ გორის რაიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე მარადიორობისა და ბანდიტიზმის გამო მკვეთრად იმატა დაზარალებულთა რაოდენობამ მშვიდობიან მოსახლეობას შორის. ამჟამად 157 ადამიანი მკურნალობს. დაზიანებები სხვადასხვა სახისაა. არიან დაზარალებულები კასეტური ბომბის აფეთქების შედეგად, რომლებიც გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მოინახულა. ასევე არიან დაყაჩაღების დროს დასახიჩრებულები. ასეთი ხალხი გვყავს როგორც თბილისში, ასევე დედაქალაქის გარეთ, რომლებიც ბორჯომსა და ხაშურში არიან გადაყვანილები. ჩვენი სასწრაფოები პრაქტიკულად არ ჩერდებიან, გორში ფუნქციონირებს საავადმყოფო, მედიკამენტები შევიტანეთ და კიდევ შევიტანთ. გვინდა, როგორმე ავამუშაოთ აფთიაქები, რომ ამ კუთხით სიტუაცია ნორმალიზებულ იქნეს, მაგრამ ძალიან გვიჭირს.

შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საფინანსო სისტემა გამართულად მუშაობს, ყველა ბანკი შეფერხებების გარეშე ფუნქციონირებს. მთელი კვირის განმავლობაში გადასახადების აკრეფა შეუფერხებლად ხდება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ბიუჯეტის შევსება ამ გზით იმის საწინდარია, რომ სახელმწიფომ ადეკვატურად შეასრულოს ყველა ფუნქცია, რომელიც მას აქვს. არ შეინიშნება შეფერხებები ენერგეტიკაშიც, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია. პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, ხომ არ არის რაიმე დეფიციტი სურსათის რომელიმე სახეობაში ან რაიმე დახმარება ხომ არ არის საჭირო.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიუხედავად ქალაქში სურსათზე გაზრდილი მოთხოვნისა, პირველ რიგში პურზე, შექმნილ სიტუაციას ყველანაირად ვუმკლავდებით ჩვენი მარაგებით. ადგილებზე, პირველ ყოვლისა, გორში, აგრეთვე ქარელისა და ხაშურის რაიონებში დედაქალაქიდან ვაგზავნით სურსათს, რათა ლტოლვილები და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები უზრუნველვყოფთ სურსათით. ძალზე ცუდია, რომ ხშირ შემთხვევაში ეს დამოკიდებულია საოკუპაციო ჯარებზე, მათთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რაც პრობლემებს გვიქმნის. სხვა თვალსაზრისით პრობლემა არ გვაქვს. ამავდროულად ვმუშაობთ მომწოდებლებთანაც. ისინიც ეძებენ ალტერნატივებს, მომწოდებელ ქვეყნებს თუ კომპანიებს, საიდანაც წამოიღებენ სურსათს და ჩაანაცვლებენ, ვთქვათ, რუსეთიდან წამოსულ თუ წამოსაღებ სურსათს. ისინი სატრანსპორტო კორიდორის თვალსაზრისითაც ახდენენ გარკვეულ დივერსიფიცირებას, რათა სხვადასხვა საშუალებები იყოს და პრობლემები არ შეიქმნას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოხატა, რომ ორ-სამ დღეში ფოთის პორტი სრულფასოვნად დაიწყებს ფუნქციონირებას და გემები შეუფერხებლად განაგრძობენ ფოთში შემოსვლას. ეს რეალობად იქცევა იმ შემთხვევაში, თუ რუსები გაიყვანენ საოკუპაციო ჯარს ცეცხლის შეწყვეტის იმ ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც ხელი მოეწერა.
შემდეგ მათ სთხოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ნიკა გვარამიას ინფორმაციის წარმოდგენა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მდგომარეობა სტაბილურია. იყო ხონის კოლონიიდან პატიმრების გაქცევის შემთხვევა. დაახლოებით ნახევარზე მეტი უკვე დაბრუნებულია, მათ შორის, გარკვეული ნაწილი ნებაყოფლობით. სამძებრო სამუშაოები გართულებულია. კოლონიის ახლოს ჩაის პლანტაციებია და ვვარაუდობთ, რომ ეს ადამიანები იქ იმყოფებიან, რაც დადასტურებულია, მაგრამ გამოხშირვის მეთოდით რთულია სწრაფად შედეგების მიღწევა, ხოლო საფრენ აპარატებს ვერ ვიყენებთ გასაგები მიზეზების გამო. გარდაცვლილი იყო ერთი, ახლა მეორე ცხედარი აღმოვაჩინეთ. ჯერჯერობით ეს პროცესი არ არის დასრულებული, ვიმედოვნებთ, რომ მეტი გარდაცვლილი არ იქნება. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ ამ ვითარებაში ციხეები აბსოლუტურად ჩვეულებრივად კონტროლდება, საომარი მოქმედებები, ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან, შეწყვეტილია, სხვაგან საშიშროება არ არსებობს. თუ ასეთი საშიშროება იქნება, ჩვენ გამოვიყენებთ კანონით დადგენილ და რეგლამენტირებულ ყველა ღონისძიებას, რათა არ დავუშვათ პატიმრების მოხვდრა საზოგადოებაში, მით უმეტეს ისედაც რთულ ვითარებაში. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ დაბრუნების შემთხვევაში მათდამი მიდგომა იქნება მაქსიმალურად რბილი, თუ ისინი ამას ნებაყოფლობით გააკეთებენ. რამდენიმე დღეს კიდევ ვაძლევთ. შემდგომში მივიღებთ ძალიან მკაცრ ზომებს ყველა იმ პატიმართან მიმართებაში, ვინც ნებაყოფლობით არ დაბრუნდება. დარწმუნებული ვარ, რომ მათი 99% მაინც, როგორც მინიმუმ, ისევ აღმოჩნდება ციხის კარს მიღმა. შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია, რომ დევნილთა რეგისტრაციას ახორციელებს იუსტიციის სისტემაში შემავალი უწყება - სამოქალაქო რეესტრი. ამ შემთხვევაში ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან. ამ საქმეში ძალიან ბევრი უწყება არის ჩაბმული და მობილიზებული ვართ სრულიად. ამჟამად რეგისტრირებულია დაახლოებით 15 ათასი ადამიანი. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც თვითონ მოდის ჩვენთან ანუ არაკომპაქტურ განსახლებებში მყოფი პირები, რომელთა იდენტიფიკაცია, თუ ისინი თვითონ არ მოვიდოდნენ, ჩვენთვის შეუძლებელი იქნებოდა. პრაქტიკულად დავამთავრეთ ამ ადამიანების რეგისტრაცია. ახლა იგივეს ვაკეთებთ კომპაქტური განსახლების ადგილებში, სადაც ჩვენ თვითონ მივალთ. მობილიზებულია იუსტიციის სამინისტროს ყველა საქვეუწყებო დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირებიც, საკუთრივ სამინისტროს აპარატი. ასევე გვეხმარება შინაგან საქმეთა სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. ვფიქრობ, ძალიან მაღალეფექტიანობას ვაღწევთ დღის განმავლობაში. ბოლო პერიოდში ჩვენ ახალი პროგრამა შევქმენით, სოფთის პროგრამული უზრუნველყოფის გაკეთებაც მოვასწარით და დღის განმავლობაში ჩვენი გამტარობა 5-6 ათას კაცს აღწევს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ გვჭირდებოდა კონკრეტული ადამიანები ამ გასვლითი ჯგუფებისათვის, ვინც კომპიუტერში შეიყვანდა ამ ინფორმაციას. პროგრამა საკმაოდ მარტივია, ამიტომ არ არის რთული ამ ფუნქციის შესრულება. ასევე გვჭირდებოდა გადაადგილებების საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაში ძალიან დაგვეხმარა. ჩვენს უწყებაში არსებული ყველა ავტომანქანა ემსახურება ამ მიზნის განხორციელებას.
არის ერთი საკითხი, რომელიც მინდა შეგითანხმოთ. ხშირ შემთხვევაში ამ ადამიანებს არ აქვთ პირადობის მოწმობები და გვიჭირს მათი იდენტიფიკაცია იმ დონეზე, რომელიც სჭირდება პირადობის მოწმობის გაცემას. დევნილის მოწმობის გაცემაც რთულია, იქ სხვა პროცედურებია. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ, იმ შემთხვევაში თუ ამ ადამიანების მონაცემები ამოვარდება ბაზიდან, ბუნებრივია, ისინი არიან ბაზაში, სურათით მოხდეს იდენტიფიკაცია, მათზე გავცეთ დროებითი დევნილის მოწმობა, რომ შეძლონ ელემენტარული ოპერაციების განხორციელება, კერძოდ, ამ დოკუმენტების ბანკში წარგენა და პენსიის აღება. მოგეხსენებთ, რომ ბანკი ამ დოკუმენტის გარეშე ვერ გასცემს პენსიას, არადა, რამდენადაც ვიცი, მათი პენსიები უკვე ჩარიცხული იყო. ეს უნდა გაკეთდეს ან ჩემი ბრძანებით, ან მთავრობის დადგენილებით, ან უპრიანი იქნებოდა ამის განხორციელება პრეზიდენტის დეკრეტით. ჩვენ ახლა ვმსჯელობთ ამ საკითხის სამართლებრივ ფორმალიზაციაზე და დღეს თუ ხვალ იგი გადაწყვეტილი იქნება. ნიმუში უკვე გვაქვს, მოვამზადეთ მასალა მის დასაბეჭდად, რომელიც დაცულია სათანადოდ ანუ იგი აღჭურვილია წყლის გარკვეული ნიშნებით. მისი გაყალბება მოკლე ვადაში შეუძლებელი იქნება, ხოლო გრძელვადიანად, ვიმედოვნებ, იგი არ დაგვჭირდება.
კიდევ ერთი ინორმაცია მაქვს, განაგრძო იუსტიციის მინისტრმა. მოგეხსენებათ, რომ კონფლიქტის ზონიდან, მათ შორის სასულიერო პირების დახმარებით, გამოაქვთ ადამიანების ცხედრები, რომლებიც ჩვენთან, ექსპერტიზის ცენტრში და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიაქვთ. იმისათვის, რომ ინფორმაცია ამ ადამიანების შესახებ უკვალოდ არ დაიკარგოს, რადგან მრავალ შემთხვევაში ჯერჯერობით პატრონი არ ჩანს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ ვადგენთ პირადობას, ან იმ შემთხვევაში, როდესაც საერთოდ ვერ ვადგენთ, რადგან ხშირად იმდენად დასახიჩრებულია ცხედრები, რომ მათი ამოცნობა შეუძლებელია, ვაკეთებთ დნმ-ის ნიმუშებს, რომლებსაც ვინახავთ და როდესაც რომელიმე ნათესავი მოიძიებს მას, მოხდება დნმ-ის ნიმუშების იდენტიფიცირება. ბუნებრივია, ამ ცხედრებს დავკრძალავთ, მაგრამ ისინი იდენტიფიცირებული იქნება სპეციალური ნომრებით, დნმ-ის ნიმუშსაც იგივე აუთოტენტური ნომერი ექნება.
ბოლოს საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ორი სასამართლო დავა გვაქვს: პირველი, სტრასბურგის სასამართლოში, სადაც უკვე გამოტანილია დროებითი ღონისძიება, რომლითაც რუსეთს აეკრძალა ყველა ის მოქმედება, რომელსაც ახორციელებს, მათ შორის რკინიგზის აფეთქება და ტყეების დაწვა. ეს არის ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კატასტროფების გამომწვევი და დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ძალიან მძიმე სანქციები იქნება გატარებული. ამასთანავე, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის დადგენა და ვგეგმავთ ძალიან გავლენიანი აუდიტორული კომპანიის მოწვევას. ჩვენც შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ მათ მიერ გაკეთებულ გათვლებს სხვა ფასეულობა აქვს და ამასთან, ისინი მიუკერძოებული პირები არიან, რაც სასამართლოზე სხვაგვარ შთაბეჭდილებას მოახდენს. მეორე სარჩელი შეტანილი გვაქვს ჰააგის სისხლის სამართლის უმაღლეს სასამართლოში და ვფიქრობ, აქაც წარმატება გვექნება. ჩვენ შევიტანეთ განაცხადი წინასწარ ღონისძიებაზე და ამ სხდომის გამართვა დანიშნულია 8-10 სექტემბერს. ამჟამად იქ შვებულების პერიოდია და მთელი რიგი მოსამართლეები გამოვიდნენ შვებულებიდან. სტრასბურგის სასამართლო ჩვენს კომპეტენციაში შედის, ხოლო ჰააგის სასამართლოს მიმართებით მინდა შემოგთავაზოთ, რომ შევქმნათ უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელსაც კურირებას გაუწევს იუსტიციის სამინისტრო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაეთანხმა იუსტიციის მინისტრის მიერ წარმოდგენილ წინადადებას. შემდეგ მან მიმართა საქართველოს განათლებისა და მეციერების მინისტრს გიორგი ნოდიას შეკითხვით მომავალი სასწავლო წლისათვის სკოლების მზადების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დევნილები შესული არიან მრავალი სკოლის შენობაში, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს უფრო ადეკვატური, დევნილების ყოფითი მოთხოვნილებისათვის უფრო კარგად მორგებული ადგილსამყოფელის გამონახვა. ეს ასევე ეხება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და ყველაფერი მაქსიმალურად უნდა ვიღონოთ, რათა ქვეყანაში სასწავლო წელი დაიწყოს შეძლებისდაგვარად იმ ვადებში, რომელშიც უნდა დაწყებულიყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ნოდიამ განაცხადა, რომ ამ დილის მონაცემებით დაახლოებით 30 ათასზე მეტი ლტოლვილია სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში, კერძოდ, სკოლებში, კვლევით ინსტიტუტებში, უნივერსიტეტებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ამ ადამიანებისათვის დახმარების აღმოსაჩენად, რადგან მრავალ შენობებში დაწყებული იყო სარემონტო სამუშაოები. სამინისტროს აპარატი მთლიანად გადართულია ამ საკითხზე, შექმნილია მობილური ჯგუფები, რომ გამოვიკვლიოთ თუ სად არის ყველაზე მწვავე პრობლემა და როგორ გადავწყვიტოთ ის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან, მერიასთან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ეს არის ჩვენი ძირითადი საზრუნავი. რაც შეეხება სასწავლო წლის დაწყებას, ჩვენ ამას ვვარაუდობდით 1 სექტემბრიდან, მაგრამ სიტუაცია კარგად უნდა შევაფასოთ, ვიმსჯელოთ, შეიძლება რაღაც კვირებით აუცილებელი გახდეს სასწავლო წლის დაწყების გადადება.

ინფორმაციისათვის სიტყვა ითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ, რომელმაც თქვა, რომ რადგან სხდომას არ ესწრება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ირაკლი ღვალაძე, მინდა გითხრათ, რომ ბორჯომთან ტყეში მძინვარებს ხანძარი. ახლა მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურქეთის მხარემ გადაწყვიტა გაგვიწიოს ადრინდელის მსგავსი დახმარება, რამდენიმე საათში გამოგზავნიან ერთ ან ორ თვითმფრინავს, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ხანძრის ჩაქრობაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იგი მთელი დღის განმავლობაში კავშირზეა ირაკლი ღვალაძესთან და გიორგი ხაჩიძესთან. ეს არის ბარბაროსობისა და ვანდალიზმის მორიგი აქტი, რომელიც საოკუპაციო ჯარებმა ჩაიდინეს. ბორჯომის რაიონში იწვის ტყის საკმაოდ დიდი მასივი. მთელი დღე ვმუშაობდით თურქულ მხარესთან, სხვა ქვეყნებთან. იმასაც დავძენ, რომ იყო კონტაქტი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის იმის თაობაზე, რომ ჩვენს ვერტმფრენებს შეძლებოდათ უსაფრთხო ფრენა, რათა მონაწილეობა მიეღოთ ამ დიდი ხანძრძის ჩაქრობაში, მაგრამ საათები მიდის და არაფერი ჩანს. თითქოს იყო თანხმობა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, მაგრამ ადგილზე სიტუაცია ისეთია, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ვერტმფრენები ვერ მოახერხებენ ხანძარჩაქრობის ფუნქციის უსაფრთხოდ შესრულებას. ადგილზე არიან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი და სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ როგორც მინიმუმი, მოხდეს ხანძრის ლოკალიზაცია.
შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ დღეებში ვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისა და გულშემატკივრების მანიფესტაციები. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში იულონ გაგოშიძემ დიდი მუშაობა გასწია, დიდი ძალისხმევა გამოიჩინა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი დიასპორის ყველა წარმომადგენელს იმისათვის, რომ ისინი ყოველთვის იმყოფებიან ქვეყნის გვერდით.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა იულონ გაგოშიძემ თქვა, რომ ჩვენი დიასპორა მთელ მსოფლიოში აწყობს ერთდროულ გამოსვლას. ეს მანიფესტაცია ახლა დაიწყება, ზოგან უკვე დაიწყო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მათ დაიწყეს თანხების შეგროვება საქართველოს დასახმარებლად. საბანკო რეკვიზიტები ჩვენ ყველას დავუგზავნეთ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოხატა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის იულონ გაგოშიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თაობაზე და თქვა, რომ ამჟამად დაძაბული დღეები აქვს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, რომელსაც არც ისე აკლდა პრობლემები და ის ადამიანები, ვისაც სამინისტროსგან ესაჭიროება მზრუნველობა. ახლა ეს რაოდენობა, ჩვენდა სამწუხაროდ, გაიზარდა, თუმცა იმედი მაქვს, დროებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა თუ რამდენად კოორდინირებულად საქმიანობს სამინისტრო სხვა უწყებებთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა თამარ მარტიაშვილმა თქვა, რომ დევნილთა რაოდენობა გაიზარდა. დღეისათვის, ადგილზე დათვლის შედეგებით, თბილისში, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ადგილებში, ამ რაოდენობამ 62 ათასს გადააჭარბა. რაც შეეხება კერძო სექტორს, აქედან მონაცემები არ გვაქვს. დაკავებულია 520-ზე მეტი კომპაქტური ცენტრი, შენობა. კვების პრობლემა ნელ-ნელა გვარდება, ამ მიმართულებით ერთგვარი სტაბილიზაცია ხდება. რამდენადაც შესაძლებელია, ჩვენ მჭიდროდ და კოორდინირებულად ვთანამშრომლობთ ქალაქის მერიასთან, აგრეთვე მთავრობის სტრუქტურებთან. გუშინ 22 ათას ადამიანს ორგანიზებულად მიეწოდა საკვები. დღეს, დღის ბოლომდე 44 ათასამდე ადამიანი იქნება გამოკვებილი. ახლა დაიწყო ამ სისტემის მოგვარება და მათ, ვინც აღრიცხვაზეა აყვანილი, ყველა კომპაქტურ ცენტრში, ყოველდღიურად მიეწოდებათ საკვები. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო ორგანიზაციები იღებენ შეფობას სხვადასხვა ობიექტზე და მუდმივი მიწოდების გარდა კიდევ დამატებით აწვდიან საკვებს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის საწოლების საკითხი. ამ ტვირთს ველოდებით და ალბათ, მალე მივიღებთ. ახლა, პირველ პლანზე წამოიწია პირადი ჰიგიენის დაცვის პრობლემამ, რომლის მოგვარებას შევეცდებით. ურთიერთობა გვაქვს პირადი ჰიგიენის დაცვის სხვადასხვა ობიექტებთან, სასტუმროებთან და იმედია, ეს სისტემა ნელ-ნელა ამუშავდება. ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება, რადგან ქალაქში არ გაგვაჩნია იმდენი ობიექტი, რომ ხალხის ეს რაოდენობა მოიცვას. ახლა ვაგებთ ცენტრს, მაგრამ საუბარია იმის შესახებ თუ რა გამტარუნარიანობა ექნება მას. ამის გარდა, ცხელი საკვებით მომარაგების მიზნით, ისანში, სამხედრო ჰოსპიტალში ვქმნით კვების ცენტრს, მერიასთან ერთად ვახორციელებთ ამ პროექტს, რომელიც გათვლილი იქნება 2500 ადამიანზე დღე-ღამეში. სწორედ იქ არის განთავსებული ამდენი ადამიანი. შემდეგი პროექტის ფარგლებში კიდევ ერთ ასეთ ცენტრს მივიღებთ, შევარჩევთ მსხვილ დასახლებას, სადაც მას განვათავსებთ. ამის გარდა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. ხალხს მიღებული აქვს პოსტკონფლიქტური ფსიქოლოგიური ტრავმა, მით უმეტეს ბავშვებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ძალიან მალე დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, 300 ბავშვს ორი კვირით გავაგზავნით ჩეხეთში. ამგვარი მოლაპარაკება გვაქვს პოლონეთთანაც. არის სხვა შემოთავაზებები, რომელთა შესახებ შემდგომში მოგახსენებთ. მრავალი პროგრამა ხორციელდება და ძნელია მათი ჩამოთვლა. მინდა მადლობა გადავუხადო, რა თქმა უნდა ყველას, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც დაუჯერებელ პირობებში მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში პირველი დღიდან, მთელი ამ ხნის განმავლობაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაეთანხმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სიტყვებს და იკითხა თუ რა სიტუაციაა ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით, მრავალ რეგიონში ძალიან უჭირთ გამგებლებს, პირველ რიგში იქ, სადაც საოკუპაციო ჯარი დგას. რა პრობლემებია ამ მხრივ?

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეგიონალური მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილმა თქვა, რომ მუნიციპალიტეტებში არც ერთ ადგილობრივ ხელისუფლებას არც ერთი დღით არ შეუწყვეტია ფუნქციონირება, მათ შორის შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებში. ეს ორი რეგიონი რუსი ოკუპანტების სათარეშოდ გადაიქცა, მაგრამ იქ ყველა გამგეობა ფუნქციონირებს. ასევეა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ ორ რეგიონზე ვამახვილებთ ყურადღებას. ისინი ისეთ პრობლემებზე მუშაობენ როგორიცაა დევნილების მიღება, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება, სურსათ-სანოვაგით რაიონების უზრუნველყოფა და ა.შ. მინდა ვთქვა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ავაწყვეთ კოორდინაციის გარკვეული რეჟიმი. შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს რეგიონებს, სადაც ამის აუცილებლობა არის, განსკუთრებით შიდა ქართლსა და სამეგრელოს. ყველა დეტალს ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ვერ ხერხდება ჰუმანიტარული კორიდორის გახსნა. საუბარია კორიდორზე, რომელიც უზრუნველყოფდა ადგილობრივი მოსახლეობისათვის შესაბამისი დახმარების დაუყოვნებლივ მიწოდებას. დღეს და გუშინ ჩვენ განვახორციელეთ სურსათ-სანოვაგის რამდენიმე ასეთი მიწოდება, განსაკუთრებით გორის რაიონსა და გორში, ქალაქში დარჩენილი მოსახლეობისათვის. გორში ფუნქციონირებს ადგილობრივი ადმინისტრაცია, ადგილზე იმყოფება პრეზიდენტის რწმუნებული, შესაბამისი სამსახურები, ძალიან ბევრი მოხალისე, რომლებიც ჩასულები არიან გორში და ეხმარებიან ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებას იმაში, რომ სწრაფად მოახდინონ იქ ჩატანილი სურსათ-სანოვაგის დისტრიბუცია. მაგრამ მთავარი პრობლემაა გზების, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ბლოკირება. ჩვენ ახლაც გამზადებული გვაქვს სურსათით დატვირთული ტრანსპორტი, მაგრამ ველოდებით გზის გახსნას, განსაკუთრებით ქალაქ გორის, გორის რაიონისა და შიდა ქართლის სხვა რაიონების მიმართულებით. ერთ რამესაც მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ არ გვავიწყდება სამეგრელოს რაიონები. ამ დღეების განმავლობაში ამ მიმართულებითაც არ შეგვიწყვეტია მუშაობა, რათა ეს რაიონები იქნენ უზრუნველყოფილი ფქვილით, საწვავით და ა.შ. ამჟამად რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ გვაქვს, რადგან ყველაფრის ორგანიზება და მობილიზება ძალიან ოპერატიულად მოხერხდა. კიდევ ვიმეორებ, ადგილობრივი ხელისუფლება ყველა რეგიონში, ყველა რაიონში ფუნქციონირებს და შეძლებისდაგვარად აგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც აქვს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე დევნილებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დავით ტყეშელაშვილს მოწოდებული ინფორმაციისათვის.

შემდეგ სიტყვა ითხოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა, რომელმაც თქვა, რომ ტვირთის შეტანა ძალიან გვიჭირს, მაგრამ დღეს დილით ოთხი ავტობუსი დაიტვირთა და შევიდა გორში. ახლა, ნახევარი საათის წინ, ქუთაისიდან დაიძრა სურსათით დატვირთული კოლონა ორი სატვირთო მანქანისა და 14 ავტობუსის შემადგენლობით. ისინი შეეცდებიან ტვირთის დარიგებას ქარელში, ხაშურსა და გორში.

სხდომის მუშაობის შედეგები შეაჯამა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მან თქვა, რომ ასეთია სადღეისოდ ქვეყანაში არსებული სიტუაცია ყოველგვარი შელამაზებისა და გადაჭარბების გარეშე. ეს არის ის პრობლემატიკა, რაზეც მუშაობს საქართველოს მთავრობა. ვფიქრობ, ყოველი ჩვენგანი დარწმუნდა იმაში, რომ ქვეყნის ეკონომიკას გააჩნია გამძლეობისა და სიმტკიცის ძალიან დიდი რესურსი. ამის საფუძველია ის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა სავსებით ზუსტად შეაფასეს მოვლენები, შეინარჩუნეს სიმშვიდე, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა და ყველა შეძლებისდაგვარად აგრძელებს ჩვეულ რიტმში ცხოვრებას, თუმცა ის ტრაგედია, რომელიც საქართველოში დატრიალდა, ყველა ჩვენგანს ძალიან აწუხებს. დარწმუნებული ვარ, სიმტკიცისა და გამძლეობის რესურსი საქართველოს ეკონომიკას არ ამოეწურება, უახლოესი დღეების, კვირების და თვეების განმავლობაში. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი კოლეგა, როგორც ცენტრალურ მთავრობაში, ისე ადგილორივ ხელისუფლებაში რამდენი ხანიც საჭირო იქნება გააგრძელებს მუშაობას ამ დაძაბულ რეჟიმში. ამავდროულად, და იმის გავთალისწინებით, რომ მტერმა ჩვენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დიდი ზარალი მიაყენა, თქვენ გქონდათ საშუალება მოგესმინათ ქალბატონ კონდოლიზა რაისის საუბარი ამ თემასთან დაკავშირებითაც, ჩვენ უკვე ერთი კვირაა ვმუშაობთ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინასთან, სხვა პარტნიორებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე, ბუნებრივია, ამ პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება, ზოგ კომპონენტს უფრო მეტი დროც, მაგრამ აუცილებლად შედგეს ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ეკონომიკური პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ქართული ეკონომიკის სტაბილიზაციის საფუძველს და დააფინანსებს ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს. გარდა ამისა, ჩვენ ვალდებული ვართ არც ერთ შემთხვევაში არ დავივიწყოთ დევნილი მოსახლეობა, რომელიც ამ აგრესიის შედეგად გვყავს.
ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარება მოდის, ხდება მისი დამუშავება. მე არ ვგულისხმობ მარტო ჰუმანიტარულ დახმარებას, პირველ რიგში, მე ვგულისხმობ იმ ეკონომიკურ პაკეტს, რომელზეც მუშაობა ახლა მიმდინარეობს. ეს კეთდება იმიტომ, რომ საქართველო არის, და ჩვენ ამ დღეებში ეს ძალიან ცხადად დავინახეთ, არის და ყოველთვის იქნება თავისუფალი სამყაროს განუყოფელი ნაწილი, რომელსაც აქვს ძალიან დინამიური, ლიბერალური, მოქნილი და ღია ეკონომიკა. დღეს თბილისს ჩემი მოწვევით სტუმრობდა დიდი ბრიტანეთის კონსერვატორული პარტიის ლიდერი დევიდ კამერონი. იგი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს. მეც მქონდა მასთან შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საკმარისი დრო საიმისოდ, რომ გვესაუბრა არა მარტო საქართველოს დღევანდელ პრობლემებზე, არამედ იმ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, იმ ფისკალურ, მონეტარულ და ა.შ. რეჟიმზე, რომელიც საქართველოში ამ ბოლო წლების განმავლობაში იყო. მინდა გითხრათ, რომ ბატონი კამერონი აღფრთოვანებას ვერ მალავდა იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც საქართველო ამ წლებში ახორციელებდა. ეს განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია, რადგან კონსერვატორთა პარტია არის მარგარეტ ტეტჩერის პარტია, რომელიც მისი ლიდერი იყო და ევროპაში მასზე ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები არავის განუხორციელებია.
ყოველვე ეს ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, თუმცა სამუშაო ძალზე ბევრია. ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ ამ ეტაპის სიძნელეებს, ჩვენი მეგობრების დახმარებით აღვადგენთ ინფრასტრუქტურას და ვერაფერი გადაგვახვევინებს ლიბერალური ეკონომიკის მშენებლობის იმ გზიდან, რომელსაც რამდენიმე წლის წინ დავადექით. გმადლობთ.



საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი