საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 17 იანვრის სხდომა

2008 წლის 17 იანვარს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 47 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია 14-16 იანვარს ავსტრიაში თავისი ვიზიტის შესახებ. მან თქვა, რომ გაიმართა შეხვედრები ეუთოს წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან. მათ მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში პარლამენტის არჩევნებისათვის მზადების, კონფლიქტების გადაწყვეტისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. საქართველოს დელეგაციამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ჟურნალ ,,ევრომანის" კონგრესის მუშაობაში, რომელიც ყოველწლიურად იმართება და წარმოადგენს ძალზე პრესტიჟულ ღონისძიებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებით დაინტერესებული ინვესტორებისა და ბანკირებისათვის.

კონგრესი, რომელსაც 1200 დელეგატი ესწრებოდა, გაიხსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენებით. დელეგატებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველო­ში გამართული პრეზიდენტის არჩევნების, აგრეთვე იმ პროცესების თაობაზე, რომ­ლებიც ქვეყანაში განვითარდა ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში. მაგრამ მთა­ვარი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცა, იყო პერსპექტივები. ყველა ინვესტორი თუ დასავლეთის ბანკების წარმომადგენლები, ვისაც შევხვდით, კმაყო­ფილი დარჩნენ იმ საკანონმდებლო პაკეტით, რომელიც გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში შევიტანეთ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის მართლაც უპრეცედენტო პა­კეტი, რომელშიც სრული მოცულობით არის გათვალისწინებული ინვესტორთა სა­დღეისო ინტერესი და გარანტია, რომ რადიკალური ეკონომიკური რეფორმების კურ­სი გაგრძელდება გამართული არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. ამ სიტუაციაზე ასევე დადებითად იმოქმედა დიალოგისაკენ გადადგმულმა ნაბიჯებმაც. გაიმართა შეხვედრა ფოთის ნავსადგურით დაინტერესებულ ინვესტორებთან. ინტერესი ძალზე დიდია, თუმცა არის მრავალი კითხვის ნიშანი, რომელიც მოიხსნება მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტი დაამტკიცებს ზემოხსენებულ საკანონმდებლო პაკეტს.

ბოლო დღეებში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები: დასავლეთის რამდენიმე მსხვილმა საინვესტიციო ფონდმა განაცხადა, რომ შემოიტანა 90 მილიონი დოლარი; მიუხედავად გლობალურ საკრედიტო ბაზრებზე დღეს არსებული ვითა­რებისა, საქართველოს ბანკმა მოიზიდა 65 მილიონი დოლარი; განახლდა საპრი­ვატიზაციო პროცესი, კერძოდ გაიყიდა ერთ-ერთი საწარმო, რის შედეგად მივიღეთ რამდენიმე მილიონი დოლარი. ანუ საინვესტიციო პროცესი, რომელმაც განაპირობა სწრაფი ეკონომიკური ზრდა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად აღგენილია. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ინვესტიციები ნიშნავს სამუშაო ადგილებს, ჩვენი ეკონომიკის წინსვლასა და სიღარიბის დაძლევას, აღნიშნა და­სასრულ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.



საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი