საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

საქართველოს მთავრობის სხდომა

2007 წლის 24 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარეობდა. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა სა­ქარ­თველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით ტყეშე­ლა­შვილს მთავრობის წევრებისა და საზოგადოების ინ­ფორმირება საპრეზიდენტო სუბ­სიდიების პროგრამის შესრულების შესა­ხებ.

მი­ნისტრის ინფორმაციით, საპრეზიდენტო სუბსიდირება დაიწყო 15 ოქტომბრიდან. მან აღნიშნა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ პროგრამის ფარგლებში დახმარებას, რომელიც ინდივიდუალური ხასიათისაა, მიიღებს 2,8 მლნ. კაცი. აქედან, 50-ლარიანი ვაუჩერები გაიცემა ელექტროენერგიის საფასურის დასა­ფარად, და ასევე, 50-ლარიანი ვაუჩერები - გაზის საფასურის დასაფარად. სოფლად მცხოვრები დაახლოებით 700 ათასი ოჯახი, იმის მიუხედავად, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი, ფქვილის სახით მიიღებს 50 კგ. ოდენობის საოჯახო დახმარებას. თითო ოჯახისათვის საპრეზიდენტო სუბსიდიამ საბოლოოდ უნდა შეა­დგინოს 100 ლარი.

როცა ვსაუბრობთ ინდივიდუალურ დახმარებაზე, ანუ ვაუჩერებზე, თქვა მინის­ტრმა, ქვეყნის მასშტაბით მას მიიღებს 1,2 მლნ. კაცი, მათგან 800 ათასი გახლავთ სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერი. ასეთებია: ასაკის გამო პენსიონერები, შეზ­ღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ინვალიდები, მეორე მსოფლიო ომის ვე­ტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლია­ნობისათვის დაღუპულთა ოჯახების წევრები, 9 აპრილსა და ჩერნობილის ტრაგედიის დროს დაზარალებულები. ამ 800 ათას პენ­სიონერს ემატება 330 ათასი სოციალურად შეჭირვებული ოჯახი. ამ დახმარებას ვერ მიიღებენ, მაგალითად, ყოფილი პარლამენტარი პენსიონერები.

თბილისში, ამჟამად, 225 ათასი ვაუჩერიდან დარიგებულია 135 ათასი, ანუ დაახ­ლოებით 60%. პროცესი შეუფერხებლად მიდის, მაგრამ, სამწუხაროდ, გვაქვს ხარვეზი, რომელიც უკავშირდება მონაცემთა ბაზას და ჩვენ ამ ხარვეზის აღმო­საფხვრელად ვმუშაობთ, დასძინა მინისტრმა.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ საუბარი უნდა იყოს არა იმდენად მონაცემთა ბაზის სრულყოფაზე, რამდენად პენსიონერთა რეალური რაოდენობის დადგენაზე, რადგან მიწერების გამო პენ­სიონერთა რიცხოვნობა ხელოვნურად არის გაზრდილი. თბილისში და დანარჩენ სა­ქართველოშიც გაფორმებულია საგრძნობლად მეტი პენსიონერი, რაც საპენსიო ფონ­დის ყოფილი ხელმძღვანელების, კერძოდ, სოფრომაძის და სხვების "დამსახურებაა". ისინი ამჟამად დაპატიმრებულები არიან და ეს ქურდბაცაცები სამართლიანად აგებენ პასუხს. სამწუხაროდ, განაგრძო საქართველოს პრეზი­დენ­ტმა, ჩემი დავალების მიუხედავად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ადრინდელმა მი­ნისტრმა ვერ შეძლო ამ პრობლემის გადაწყვეტა. ეს არის ადმინის­ტრაციული სამუშაო და მოვითხოვ, დაზუსტდეს საქართველოში პენსიონერე­ბის რაო­დენობა, ხოლო გამოთავისუფლებული თანხა მოხმარდეს პენსიების ზრდას, დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

ფქვილის დარიგების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ მი­მართულებით მუშაობა უნდა იყოს გამოზომილი და წინასწარ გათვლილი, რათა ფქვილის მკვეთრმა შესყიდვამ ზეგავლენა არ იქონიოს ისედაც პრობლემურ ფქვი­ლის ბაზარზე და ქვეყანაში უკვე გაძვირებულ ხორბლის ფასზე. მან სთხოვა საქარ­თველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს მთავრობის წევრებისა და საზოგადოების ინფორმირება ქვეყანაში ფასებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციასა და ფასების ზრდის გამომწვევ მიზეზებზე.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ბევრია ისეთი პროდუქტი, რომელზეც ამ თვის განმავლობაში, ოქტომბერში, შეინიშნება ფასების ზრდა. ყველა შემთხვევაში ეს მოხდა საგარეო ფაქტორების გამო. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვა­წარმოებთ ხორბალს, ხორბლის ფქვილს. ჩვენ ეს პროდუქტი შემოგვაქვს უკრაინიდან, ყაზა­ხეთიდან, სადაც, აგრეთვე სხვა ქვეყნებშიც, დაფიქსირებულია ფასების ზრდა. და მაინც, საქართველოში ფასების პროცენტული ზრდა ზუსტად ისეთივეა, როგორც უკრაინა­ში, ერთსა და იმავე პროდუქციაზე ინფლაცია თანაბარია. ჩვენ არ გვაქვს ზემოქმედების ფაქტორები. ასევე, საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული ფასების ზრდა რძესა და რძის პროდუქტებზე, სხვა პროდუქტებზე. ჩვენ გვაქვს შაქრის ქარხანა და ვაწარმოებთ შაქარს, მაგრამ მხოლოდ 4% იქმნება ადგილობრივი ნედლეულით, დანარჩენი არის უცხოეთიდან შემოტანილი ნედლეულისგან წარმოებული შაქარი.

რაც შეეხება ფქვილს, განაგრძო პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს პრეზი­დენ­ტის დავალებით სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი მივლინებულია ბაქოში. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარა­კებას უკრაინასთან, ყაზახეთთან ფქვილისა და ხორბლის შესყიდვაზე და, შესაბამი­სად, ფქვილის დარიგების პროცესი ცოტა ნელა წარიმართება, რათა ადგილობ­რივი ხორბლის და ფქვილის ბაზარზე არ შეიქმნას ზედმეტი დისბალანსი და არ მოხდეს ფასების დამატებითი ზრდა. ყველაფერი დაემორჩილება ამ მიზანს და როგორც დაგეგ­მილია, ფქვილი დაურიგდება 700 ათას ოჯახს და ეს პროცესი აუცილებლად იქნება მკაცრად გაკონტროლებული.

იცით ჩვენი უპირატესობა რა არის? - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა - პირველი ის, რომ მთავრობა ფულს არ აკეთებს; მეორე - მაქინაციების მოწყობის საშუალებას არავის ვაძლევთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, და იმის მიუხედავად, ეს ვინმეს ეწყინება თუ არა, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

რასაკვირველია მესმის, რომ ფასების ზრდის პროცესი რუსეთში, უკარაინაში და სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ გარკვეული სფეროების მთლიანად ხელში ჩაგდებისა და გაკონტროლების მცდელობებიც არის. რამდენიმე სფეროში ხალხს ამის სურვილი უკვე დავუკარგეთ. ასე უნდა შევქმნათ ჯანსაღი კონკურენცია. იქ, სადაც არის ჯანსაღი კონკურენცია, ფასების მიხედვითაც შეიმჩნევა. შეინიშნება ტენდენცია იმისა, რომ მომხმარებელს უკეთესი ხარისხი და საფასური შესთავაზონ. ამიტომ, გთხოვთ, რომ ყველა საკითხი რეგულარულად განიხილოთ, რათა ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული, არჩევანი - დიდი, ხოლო მომხმარებელი - დაკმაყოფილებული და ბედნიერი. ეს ჩვენი მუშაობის ხარისხზეა დამოკიდებული.

კონკურენციის სააგენტოს არსებობა ამ ქვეყანაში შეუმჩნეველია. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადგილზე, მე ამ სტრუქტურას გავაუქმებდი. ვფიქრობ, ეს სააგენტო არაფერს აკეთებს. საქართველოში კონკურენციის სააგენტოს მოვალეობას ქვეყნის პრეზიდენტი ასრულებს, რადგან ხორცთან და მარილთან დაკავშირებულ პრობლემებზე თათბირი პირადად მოვიწვიე, ამ სააგენტომ კი, მთავრობას ერთი წერილიც არ მოსწერა. კარგია, რომ მაცნობეთ ამ სააგენტოს არსებობის შესახებ, მაგრამ ამიერიდან ის აღარ იარსებებს. ამით მთელი მთავრობა უნდა დაკავდეს. იოდიზირებულ მარილთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე, მსურს პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარეს "მოკითხვა შევუთვალო" და ელემენტარულად ავუხსნა - კარგია, როდესაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტებს წარადგენენ, მაგრამ ნაჩქარევად მიღებული კანონპროექტების შედეგები კარგად უნდა იყოს გათვლილი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვერ ვხვდები, რას და როგორ ლობირებენ, როგორ ხდება სხვადასხვა მექანიზმების აწყობა, ძალიან მწარედ ცდება. პასუხი ყველას მოეთხოვება", - განაცხადა დასასრულ საქართველოს პრეზიდენტმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი