საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 10 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

2007 წლის 10 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 51 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მიუ­ლო­ცა მთავრობის წევრებს ეკა ტყეშელაშვილს და გიორგი არველაძეს შვილების შეძენა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სთხოვა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს პეტრე ცისკარიშვილს მთავრობის წევრების ინფორმირება რთვლის მიმ­დინარეობის შესახებ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის წევრებს მოახსენა, რომ დღეისათვის კახეთის რეგიონში მოკრეფილია ყურძნის მოსავლის დაახლოებით ორი მესამედი და ღვინის ქარხნებში გადამუშა­ვებულია 37800 ტონა ყურძენი. ამ რაოდენობიდან საფერავის ჯიშის ყურძნის წილად მოდის 26 ათას ტონამდე, რქა­წითლისა - 9 ათას ტონამდე, დანარჩენი - ჰიბრიდული ჯიშის ყურძენზე. მოსავალი ასაღებია დედოფლისწყა-როსა და საგარეჯოს რაიო­ნებში, აგრეთვე გურჯაანის რაიო­ნის კაჭრეთის ზონაში, რომელიც ზღვის დონიდან შედარებით მაღლა მდებარეობს და ყურძენიც გვიან აღწევს საკრეფ კონ­დიციას.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რთვლის განმავლობაში მთელი საქარ­თველოს მოსახლეობის მხრიდან იგრძნობა გამუდმებული მოთხოვნა ყურძენზე, რაც, ერთი მხრივ, განპირობებულია ახალი საკანონ­მდებლო ბაზის ამოქმედებით, და, მეო­რე მხრივ, რუსეთის მიერ გამოცხა­დებული ემბარგოს წინააღმ­დეგ ქართველი ხალხის მობილიზებით. წელს კახეთიდან საქართველოს დანარჩენ რეგიონებს მიეწოდათ რე­კორდული რაოდენობის ყურძენი, დაახლოებით 50 ათასი ტონა. უახლოეს დღეებში ყურძნის გადამუშავებას შეუდგე­ბიან რაჭის ღვინის საწარმოები.

შემდეგ მინისტრმა თქვა, რომ წელს საქართველოში ყურძნის უხვი მოსავალია, რომელიც იმავდროულად მაღალხარისხიანია. მაგალითად, წელს მარტო საფერავის ჯიშის ყურძენი გა­დამუშავებულია 26 ათასი ტონა, იმაზე მეტი, ვიდრე ღვინის ქარ­ხნებმა გადაამუშავეს შარშან ყველა ჯიშის ყურძენი ერთად აღებული, ანუ 25 ათასი ტონა. საქართველოს ღვინის კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ იყვნენ კონკურენტ­უნარიანი, აწარმოონ საკუთარი პროდუქცია შე­დარებით დაბალ ფასებში, ამავე დროს გააუმჯობესონ მისი ხარისხი, აითვისონ ახალი ბაზრები, დაიმკვიდრონ ადგილი ღვინის მსოფლიო რუკაზე და არ იყვნენ ორიენტირებული მხოლოდ რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებზე, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს პრეზიდენ­ტის ინიციატივა ახალ ბაზრებზე ქარ­თული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფი­ნანსების შესახებ. დაიწყო მუშაობა სპეციალურ პროგრამაზე, აუცილებელია კონსულტაციების გამართვა ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ღვინის საწარმოების ხელმძღვანელებთან, რათა ერთობლივად გადაწყდეს ამ ღონისძიებათა დაფინანსების საკითხი. წარმატებით მიმდინარეობს ბრძოლა ფალსიფიკაციის წინააღმდეგ, დაისაჯნენ ის მეწარმეები, რომელთაც აღმოაჩნდათ ფალსიფიცირებული ღვინო. განხორციელებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, თქვა დასასრულს მინისტრმა და პირობა დადო, რომ 2007 წელი იქნება პირველი წელი, როდესაც საქართველოში ფალსიფიცირებული ღვინო არ იარსებებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს მოწოდებული ინფორმაციისათვის და სთხოვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით ტყეშელაშვილს მთავრობის წევრების ინ­ფორმირება სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის შესახებ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაიწყო მუშაობა სახელმწიფო სუბ­სიდირების პროგრამაზე, რაშიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ჩაბმული არიან ფინანსთა სამინისტრო, ენერგეტიკის სამი­ნისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტრო. მან თქვა, რომ პირველ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის დამუ­შავება, რათა იგი სწორად იქნეს შედგენილი და კუთვნილი დახ­მარება ყველა ადა­მიანმა მიიღოს. პრაქტიკულად დასრულებულია ყველა მოსამზა­დებელი სამუშაო. ამჟამად შესათანხმებელია ტექნიკური საკითხები, რაზეც გრძელდება მუ­შაობა, და საქართველოს პრეზიდენტის დავალების შესაბამისად სუბსიდიების გა­ცემა მომავალი ორშაბათიდან დაიწყება. საუბარია 100-ლარიან სუბსიდიაზე, რომე­ლიც ინდივიდუალურად გაიცემა 1200 ათას კაცზე, რომელთაგან 835 ათასი პენსიონერია, 400 ათა­სამდე - ჩვენი მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილი, 74 ათასი - პედა­გოგი. ჯერ სუბსიდიები გაიცემა თბილისში, შემდეგ - ეტაპობრივად, რეგიონებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა რეგიონების მოსახლეობისათვის 50-50 კგ ფქვილის დარიგების თაობაზე. დაწყებუ­ლია ვაუჩერების ბეჭდვა. ამ მიმართულებით, თქვა მინისტრმა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საინფორმაციო კამპანიას, რათა მოსახლეობამ მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ფორმით, როგორ და სად უნდა მოხდეს მათი განაღდება. დღეს სუბსიდიების საა­გენტოში საბოლოოდ ჩამოყალიბდება შტაბი, რომლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც. საჭიროა კოორდი­ნირებული მუშაობა, რათა ვაუჩერების დარიგების პროცესი აქტიუ­რად წარიმართოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოწოდებული ინფორმაციისათვის და ხაზგასმით აღ­ნიშნა, რომ დღეს, საქართველოს პრეზიდენტის დავალებიდან გამომდინა­რე, მთავრობის ამოცანაა ზამთრის პერიოდში საქართველოს მოსახლეობის საჭირო პირობებით უზრუნველყოფა. საამისოდ მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება მოსამზადებელი სამუშაოები, რის შესახებ დღევანდელ სხდომაზე იქნება მიღებული სათანადო გადაწყვეტილება, ხოლო მომდევნო კვირიდან დაიწყება სუბსიდიების გაცემა, მოგვიანებით კი - რეგიონებში ფქვილის დარიგება.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი