საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 14 სექტემბრის სხდომა

2007 წლის 14 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 6 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ მთავრობა აგრძელებს 2008 წლის ბიუჯეტის განხილვას. ბიუჯეტზე მუშაობა ამ თვის ბოლოს დასრულდება და წარედგინება პარლამენტს.

ზურაბ ნოღაიდელმა აგრეთვე ილაპარაკა კახეთში მიმდინარე რთველზე. მისი შეფასებით, საბოლოოდ ჩამოყალიბდა რთვლის წარმატებულად ჩატარების მექანიზმი. "რთველი-2007"-ის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამის განხორციელების შედეგად სხვადასხვა კომპანიებს შეეძლებათ დამატებით 16 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვა. პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინისტრს პეტრე ცისკარიშვილს სთხოვა დამსწრეთა ინფორმირება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა ილაპარაკა იმ ღონისძიებებზე, რომელიც ტარდება საქართველოს მთავრობის მხრიდან რთვლის წარმატებით ჩასატარებლად. მთავრობის განკარგულებით, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა 5 500 ათასი ლარი. თანხა გაიცემა იმ კომპანიებზე, რომლებიც შემდგომ შეისყიდიან ყურძენს საბრენდე სპირტის დასამზადებლად. ამ ეტაპზე გამოკვეთილია 2 კომპანია, მათ წარმოადგინეს კრედიტის ფინანსური უზრუნველყოფა. უზრუნველყოფა გულისხმობს საბანკო გარანტიას ან გირავნობას. განაცხადები შეტანილი ჰქონდათ სხვა კომპანიებსაც, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ეს გარანტიები ვერ წარმოადგინეს: "იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის სესხი, ჩვენ გარანტირებულად უნდა ვიცოდეთ, რომ იგი დაუბრუნდება სახელმწიფოს. ეს იქნება დაბალპროცენტიანი და შეღავათიანი სესხი. შესაბამისად, მათ საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ რთველში ყურძნის შესაძენად, რათა დაამზადონ საბრენდე სპირტი, ამდენად, ძირითადი პრინციპი არ დარღვეულა. ჩვენ არ გვინდა ღვინის ბაზარზე გამოვიწვიოთ რაიმე სახის დესტრუქცია და ზოგიერთ კომპანიას ჰქონდეს შეღავათიანი სესხი და ზოგს კი - ჩვეულებრივი საბანკო სესხი." - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ასევე განაცხადა, რომ 13 სექტემბერს, ახალციხეში ბენზინგასამართ სადგურში მომ­ხდარ აფეთქებასთან დაკავშირე-ბით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნისტროს დაევალა, ტექნიკური ზე-დამხედველობის სამსახურმა შეისწავლოს საკითხი ქვეყანაში ბენზინგასამართი სადგურე-ბის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებათა განხორ­ციელება.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი