საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 27 ივლისის სხდომა

2007 წლის 27 ივლისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 50 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით წინადადებების შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება 28 ივლისს სოფელ ქურთაში. კომისიის მუშაობას კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე. პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა კომისიის წევრებს, ასევე სხვა უწყების წარმომადგენლებს მაქსიმალური მობილიზებისაკენ და კომისიასთან ინტენსიური თანამშრომლობისაკენ: "ჩვენთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან უკავშირდება ჩვენს მთავარ პრობლემას - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მინდა ვთხოვო მთავრობის ყველა წევრს, ინტენსიური ურთიერთობა გქონდეთ სახელმწიფო მინისტრთან, დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, რეგიონის მოსახლეობასთან და ყველა იმ უწყებასთან, რომლებიც კომისიის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები. ხვალინდელ სხდომაზე დავამტკიცებთ სამუშაო ჯგუფების შემადგენლობას და დავიწყებთ ინტენსიურ სამუშაო პროცესს" - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი