საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 4 ივლისის სხდომა

2007 წლის 4 ივლისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 31 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა საქართველოს მთავრობის წევრებს გააცნო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საფინან­სო-ეკონომიკური საქმიანობის შედეგების რამდენიმე მონაცემი. მან აღნიშნა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიმდინარე წლის ექვს თვეში შეიქმნა 30%-ით მეტი ახალი კერძო საწარმო, ხოლო მათი ხელფასის ფონდი 49,2%-ით გაიზრდა. ჩვენი გეგმები ახალი სამუ­შაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით, თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, წარმატებით სრულდება და იმედი გამოხატა, რომ ეს ტენდენცია წლის მეორე ნახევარშიც შენარჩუნებული იქნება. კერძოდ, წელს საქარ­თველოს ეკონომიკაში ველო­დებით დაახლოებით 90 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში დასაქ­მდება 90 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, რაც ეკონომიკური ზრდის ძალზე მნიშვნე­ლოვანი შედეგია. მან ასევე აღნიშნა, რომ ივნისში სამომხმარებლო ფასების ინდექსი - ინფლა­ცია მინუს 0,2% იყო, 6 და 12 თვის ინფლაცია, შესაბამისად, - 4,1 და 7,3%. ეს მაჩვე­ნებლები, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტემპები, იმ ფარგლებ­შია, რომლებიც ეკონომიკური რეფორმების შედეგად იყო დაგეგმილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ შეახსენა, რომ მიმდინარე კვირაში დაიწყო უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდები და სთხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ლო­მაიას მთავრობის წევრების ინფორმირება გამოცდების მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლო­მაიამ დამსწრეთ აცნობა, რომ მესამე დღეა, რაც მიმდინარეობს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდები. წელს მათში მონაწილეობს აბიტურიენტების სარე­კორდო რაოდენობა, დაახლოებით 40 ათასი ახალგაზრდა, რაც შვიდი ათასით მეტია ვიდრე შარშან. გამოცდები მიმდინარეობს სტაბილურად, მშვიდ და საქმიან ვითა­რებაში, ტექნიკურ-ორგანიზაციული ხარვეზების გარეშე. ყველა საგამოცდო ტესტი დასრულდება 18 ივლისს, შემდეგ დაიწყება შედეგების დამუშავება, რომელთა საბოლოო მონაცემები გამოცხადდება აგვისტოს შუა რიცხვებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთიანი ეროვნული გამოც­დები საზოგადოებისათვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და ჩვენ ძალზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მათ შედეგებს, საერთოდ, განათლების პროცესს მის ყველა საფეხურზე. მან კმაყოფილება გამოხატა ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდი­ნარეობით და მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ლომაიას, სამინისტროს მთელ კოლექტივს ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობისათვის.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი