საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 3 აპრილის სხდომა

2007 წლის 3 აპრილს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 49 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მოკლედ შეაჯამა მიმდინარე წლის პირველი კვარტალის შედეგები და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის გეგმა 225 მილიონი ლარით არის გადაჭარბებული, ხოლო გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით წელს დაახლოებით 50%-ზე მეტი შემოსავლებია მობილიზებული. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითქმის 45%-ით გაიზარდა საწარმოების დამატებული ღირებულების ბრუნვა, 52,1%-ით - კერძო სექტორის სახელფასო ფონდი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმ შედეგებს შორის, რომლებიც მიმდინარე წლის დასაწყისში გვაქვს. წელს შეიქმნა დაახლოებით 12500 ახალი საწარმო და აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით მიმდინარე წელს საქართველოში ველით დაახლოებით 85-90 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. ამ შედეგების თანახმად, თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჩვენ ვიწყებთ 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების განხორციელების საკითხის განხილვას. პარალელურად დაიწყება 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების განხილვაც.

მარტი დეფლაციური თვე იყო - 1,1%-ით, თუმცა სამთვიანი ინფალციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია და 2,4%-ს შეადგენს. ამასთან, 12-თვიანი ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნა ციფრზე დაბალია - 9,7%. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ პირველ კვარტალში ეკონომიკის ზრდის არსებული ტემპი, რომელიც დაახლოებით 12-13%-ს შეადგენს და მოვიზიდოთ უფრო მეტი საინვესტიციო კაპიტალი როგორც ქვეყნის შიგნით არსებული რესურსებიდან, ისევე - უცხოეთიდან, დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი