საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 21 მარტის სხდომა

2007 წლის 21 მარტს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 23 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2006 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ყაზახეთმა საქართველოში განახორციელეს მილიარდ 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 14,5%-ს შეადგენს. მიმდინარე წელს ჩვენ ველოდებით მილიარდ 700 მილიონი დოლარის ინვესტიციას, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 21% იქნება. ასეთ დინამიკას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

გასულ წელს, თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 9,4% შეადგინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საფინანსო სექტორი, რომელშიც ბოლო წლების განმავლობაში ტემპი 30%-ზე მეტად იზრდება, ხოლო შარშან 39,4% დაფიქსირდა. ასევე აღნიშვნის ღირსია სამთომომპოვებელი მრეწველობა, აგრეთვე გადამამუშავებელი მრეწველობა, სადაც, გასულ წელს სოფლის მეურნეობისათვის რთული პირობების მიუხედავად, ზრდის ტემპმა 20%-ს გადააჭარბა. ასეთი მაჩვენებლები მიღწეულია რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე. წელს ჩვენი ამოცანაა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ტემპის ზრდის მაჩვენებელმა ორნიშნა რიცხვს გადააჭარბოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ აცნობა, რომ გასულ წელს საქართველოს სავალუტო რეზერვმა პირველად მიაღწია და გადააჭარბა ერთი მილიარდის დონეს. მართალია, აღნიშნა მან, მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ეს ძალზე დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ ერთი მილიარდი დოლარი მნიშვნელოვანი სავალუტო რეზერვია და მიმდინარე წელს მისი ზრდისათვის სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

მეტი საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვისა და, შესაბამისად, ეკონომიკის განვითარების ტემპის დაჩქარების ამოცანიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრების ყურადღება გაამახვილა, პირველ რიგში, საორგანიზაციო ღონისძიებებზე, რაც გულისხმობს საინვესტიციო ფორუმებში მონაწილეობას და უცხოელ ინვესტორთათვის ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების რეკლამირებას, რისთვისაც ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ამზადებს სათანადო გეგმას. მაგრამ მთავარი ღონისძიება, საქართველოს პრეზიდენტის დავალების შესაბამისად, იქნება საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რის შემდეგ იგი მნიშვნელოვნად გამარტივდება. დღეიდან საქართველოს მთავრობა იწყებს მსჯელობას საგადასახადო კოდექსის გამარტივებასთან დაკავშირებით, გაიმართება კონსულტაციები ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან, სხვებთან, და აპრილის ბოლოს საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" წარედგინება საქართველოს პარლამენტს, დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

 საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი