საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 21 თებერვლის სხდომა

2007 წლის 21 თებერვალს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 35 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნება თუ საქართველოს მთავრობის წევრები ყურადღებით გაეცნობიან დოკუმენტს "ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების საქართველოს მთავრობის გეგმის შესახებ" და აღნიშნა, - მიუხედავად იმისა, რომ სასურველია მისი დროულად მიღება, არ არის აუცილებელი წარმოდგენილი დოკუმენტის ნაჩქარევად დამტკიცება. ამ გეგმის მოსამზადებლად დიდი მუშაობა გასწიეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა და მისმა აპარატმა. მაგრამ ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან იგი ცდება ერთი სტრუქტურის ფარგლებს და წარმოადგენს მთავრობის ერთიან ვალდებულებებს ევროკავშირის წინაშე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ევროკავშირთან სერიოზული თანამშრომლობა. ყოველი ვალდებულება, რომელსაც ვიკისრებთ, კარგად უნდა იყოს გააზრებული და ესადაგებოდეს ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანებს. მრავალი წლის განმავლობაში ეს იქნება საქართველოს მთავრობის სამოქმედო პროგრამა, რომლის განხორციელებაში მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება.

შემდეგი საკითხი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა განიხილა, იყო სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის ეფექტიანობა, კერძოდ, მოქალაქეთა მომსახურების კუთხით. საქართველომ, - თქვა პრეზიდენტმა, - მიაღწია იმას, რომ მსოფლიო ბანკმა ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორად გამოაცხადა, რაც, პირველ რიგში, მთავრობის დამსახურებაა. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში პრაქტიკულად აღარ არსებობს ინსტიტუციონალური კორუფცია, ხოლო კორუფციის ცალკეულ გამოვლინებებს დაუნდობლად ვებრძვით. საზოგადოება შეეჩვია იმას, რომ ჩვენ შეურიგებლები ვართ აღნიშნულის მიმართ და დიდ სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ სადღაც მერის მოადგილე, გამგებელი ან დეპარტამენტის უფროსი დაიჭირეს. მაგრამ თუ მართლაც თავისუფალ ეკონომიკას ვაშენებთ, თუ რეალურად გვსურს ქვეყანაში მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა და ჩვენი ეკონომიკის სწრაფად და დინამიკურად განვითარება, საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტები, საფინანსო პოლიცია, სხვა ფისკალური ინსტიტუტები, ყველა სამინისტრო მოქალაქეებზე ბევრად უფრო ორიენტირებული უნდა გავხადოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქე, რომელიც თქვენს უწყებაში მოდის, უნდა მოდიოდეს იმ განწყობით, რომ მას სიხარულით ელიან, სადაც მას მის მიერ დაქირავებული ადამიანები ემსახურებიან მთელი ენთუზიაზმით, სულით და გულით. ეს უნდა იყოს საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების საქმიანობის განმსაზღვრელი მთავარი კრიტერიუმი. აქვე მინდა ვთქვა, რომ 2007 წლის იანვრის მაჩვენებლები რეკორდული იყო საგადასახადოს კუთხით და ორივე ფისკალურ ინსტიტუტში დამატებით ამოღებულია 91 მილიონი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, და ჩვენ ამას საზოგადოების ინტერესებს მოვახმართ. ამასთან, ჩვენთვის არანაკლებად და ბიზნესმენებისათვის უფრო მნიშვნელოვანია სხვა კრიტერიუმები - ის, თუ რამდენად სწრაფად ხორციელდება კლიენტების მომსახურება, იმ ხალხის, ვინც ტვირთით მოადგა საქართველოს საზღვარს და გადის საბაჟო პროცედურას, რამდენად გამარტივებული და გასაგებია ეს პროცედურები, რამდენად კომფორტულია კეთილსინდისიერი გადამხდელისა და არაკონტრაბანდისტი მეწარმესათვის საგადასახადო თუ საბაჟო სტრუქტურებთან ურთიერთობა. არ შეიძლება საბაჟოსა და საგადასახადოს სუბიექტები მივიჩნიოთ პოტენციურ კრიმინალებად. მაგალითად, ახლახან ვიყავი დუბაიში, რომელიც სწრაფი განვითარების ყველაზე ნათელი მაგალითია. იქ არის ხალხი, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში საერთოდ არ ამოწმებენ, რადგან იციან, რომ ისინი ყოველთვის იცავენ თამაშის წესებს. ჩვენში თითქმის ყველას, როგორც პოტენციურ დამნაშავეს, ისე უყურებენ და შესაბამისად ამოწმებენ.

რამდენად კომპეტენტურები არიან დაბალი რანგის თანამშრომლები და რამდენად ეფექტიანია მათი საქმიანობა? ეს ეხება არა მხოლოდ საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებს, ეს ეხება უკლებლივ ყველა უწყებას. თქვენ იცით, რომ არის ხალხმრავალი რიგები, არის გულგრილობის შემთხვევები. მე ვიცი შემთხვევა, როდესაც შეკითხვით მიმართეს საგადასახადო სამსახურს, თუ რამდენია საქართველოში საშემოსავლო გადასახადი. მეექვსე თვეა პასუხი არ გაუციათ. ვერავინ იღებს საკუთარ თავზე გამბედაობას, რომ პასუხი გასცეს. ამ სტრუქტურების დაბალ ეშელონებში, ზოგჯერ მაღალ ეშელონებშიც, მომუშავე პერსონალი, ხშირად ძალზე არაკომპეტენტურია. უბრალოდ თავს არავინ იწუხებს ან ეშინია გადაწყვეტილების მიღება, რადგან ყველაზე უსაფრთხოა გადაწყვეტილების მიღების გადავადება და ერთმანეთისათვის გადაბრალება. უმრავლეს შემთხვევაში ფისკალურ უწყებათა შორის ერთმანეთისათვის გადაბრალების გამო უსასრულოდ იწელება, რთულდება პროცედურები და ისევ მეწარმე ზარალდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბაზარი უნდა დავიცვათ კონტრაბანდისაგან, მაგრამ სწორედ იმიტომ გავამარტივეთ საბაჟო კოდექსი, პროცედურები და პრაქტიკულად ნულზე დავწიეთ საბაჟო ტარიფები, რომ სწორედ კონტრაბანდისაგან გვინდა დავიცვათ ბაზარი და არ გავუმწაროთ სიცოცხლე ჩვენს კეთილსინდისიერ მოქალაქეებს. ჩვენ დავივიწყეთ, ეს ყველა უწყებას ეხება, თანამშრომლების მუდმივი ტრენინგი, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის შემოწმება, მათ მიერ ტესტების ჩაბარება, ასევე მართვის სისტემების სწორი დაგეგმვა, ელექტრონული მართვის სისტემის ბოლომდე შემოღება, რაც უპირობოდ უნდა დასრულდეს.

მეორე საკითხი, რომელიც მე და პრემიერ-მინისტრს ძალიან გვაწუხებს, მაგრამ, სამწუხაროდ, თავის დროზე მთავრობამ ვერ მოახერხა ამისათვის ბოლომდე ყურადღების მიქცევა, იმ პერიოდში პარლამენტიც დაკავებული იყო მრავალი სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხით, პარლამენტში როგორღაც გავიდა თავიდან ბოლომდე კორუმპირებული კანონი მარეგულირებლებისა და სატრანსპორტო მარეგულირებლების შესახებ. ვიმეორებ, სამწუხაროდ, ჩვენ ამას ბოლომდე ვერ მივაქციეთ ყურადღება. შეიქმნა წურბელა გრძელი სახელწოდებით - "საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია", რომელიც იკვებება იმით, რომ თვითმფრინავით თუ გემით საქართველოში შემოსულ თითოეულ მგზავრს, ახლა კი დააპირა, რომ რკინიგზით მოსარგებლე მგზავრებსაც გადაახდევინოს მეტი, კერძოდ, ყოველ გადაყვანილ მგზავრზე აიღოს 5 აშშ დოლარი, ყოველ საავტომობილო ნებართვაზე - 60 ლარი, ყოველ გემთშემოსვლაზე - 100 აშშ დოლარი, ყოველი თვითმფრინავის აფრენაზე - დამატებითი გადასახადი. რა თქმა უნდა, ამის გადახდა ხდება მგზავრთა ჯიბიდან. როდესაც საქართველოში მომავალი და საქართველოდან მიმავალი მგზავრები ბილეთის საფასურს გვიხდიან, ისინი ასევე ამ წურბელას, ტრანსპორტის მარეგულირებელ კომისიას, უხდიან ფულს იმისათვის, რომ მისი წევრები თბილ კაბინეტებში ისხდნენ. იქ არის 217 თანამშრომელი, 217 წურბელა მუშაობს. მე ბოდიშს ვუხდი ყველას, რადგან ესენი ადამიანები არიან, ზოგიერთი ნორმალური კადრია და ნამდვილად არ არის ქუჩაში დასატოვებელი, არც ერთი, მაგრამ მე ვამბობ, რომ იქ მათი ფუნქციაა წურბელობა, ვიღაცის ხარჯზე პარაზიტული არსებობა, ვიღაცის კი არა, კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე და საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა. კომისიის სამდივნოში რვა საშტატო ერთეულია, მაშინ როდესაც პრეზიდენტს ჰყავს სულ ორი, სამი თუ ოთხი; ადმინისტრაციულ სამსახურში - 26 ერთეული, იურიდიულ სამსახურში - 8 ერთეული. რა აქვთ ამდენი სასამართლო პროცესი თუ სხვა რაღაც? საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში 12 ერთეულია. რითია ეს სამსახური დასაქმებული? მაგალითად, ამას წინათ მათ უარი უთხრეს ერთ-ერთ ავიაკომპანიას თბილისი-დნეპროპეტროვსკი-ოდესის, თბილისი-ლუგანსკის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნაზე, მაშინ როცა იქ არის ჩვენი უამრავი თანამემამულე. ეს ქნეს მხოლოდ იმის გამო, რომ არსებობს რაღაც შეთანხმება, პირდაპირ ვთქვათ, ქურდული შეთანხმება სხვადასხვა ავიაკომპანიებს შორის, რათა ბილეთის ფასმა არ დაიწიოს და ამ ქურდული შეთანხმების მთავარი ქურდია ჩვენი სახელმწიფო უწყება. ამას არ გეუბნებით საყვედურის სახით, უბრალოდ, ჩვენ ყველას გვეკუთვნის ეს საყვედური. სხვათა შორის, კარგად მახსოვს, ზურაბ ნოღაიდელი დღედაღამ იბრძოდა ამის შექმნის წინააღმდეგ.

ჩვენ ვცდილობთ, რომ გავხსნათ პოლიტიკა, საჰაერო ბაზარი, მაქსიმალურად შემოვუშვათ გადამზიდავი, რათა მგზავრობის საფასური გაიაფდეს; გავხსენით ახალი აეროპორტი, შევქმენით ახალი პირობები, რომ ბილეთი არ გაძვირდეს, მათ კი ახლახან ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს ჩეხეთთან, ჩინეთთან, რომლებითაც მონოპოლიაა შემოღებული, ადამიანები ისევ იძულებული იქნებიან გადაიხადონ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე იხდიან დღეს. ეს ყველაფერს ეხება. ისინი ჩაძვრნენ სამარშრუტო ტაქსების რეგულირებაში. თუ არ ვცდები, გადაწყვიტეს რკინიგზის ტრანსპორტზე ბილეთის ფასის წილში ჩასხდომა. დადიან, თავისით წყვეტენ ყველაფერს და ხალხს კისერზე ასხედან. ჩვენ კი ვსხედვართ აქ და ყოველივე ამას ვუცქერით.

ჩვენ ვიმოქმედებთ შემდეგნაირად. დღეს 6 საათამდე ყველა თანამშრომელი დაცლის კაბინეტებს. ვავალებ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ისე გადაანაწილოს თანამშრომლები, რომ არ შეიქმნას უმუშევრობა და ამ ხალხს საქმე ვაკეთებინოთ, რადგან ჩვენ კვალიფიციური თანამშრომლები გვჭირდება. დღესვე შევიდეს პარლამენტში კანონის პროექტი ჩემი სიტყვიერი განკარგულებით, რომელიც შემდგომ კვირაში კანონთან მოვა შესაბამისობაში პარლამენტის გადაწყვეტილებით და ყოველგვარი დამატებითი გადასახადების ამოღება მოქალაქეებიდან ამ პარაზიტის მიერ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს. თუ საჭიროა, პოლიციაც დაიხმარეთ. დღესვე დახურეთ ეს უწყება. ასევე დავხურავთ ყველას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ლობირებს მათ პარლამენტში. ეს სულ არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს ერთი რამ, საზოგადოება, მოქალაქეები დაცული იყვნენ სხვადასხვა სპეციალური ინტერესებისაგან. ეს გაკვეთილი უნდა იყოს იმათთვისაც, ვინც პარლამენტში ეს კანონი გაიტანა, ვინც ამ უწყებაში ასეთ მავნებლობას ეწევა, და იმათთვისაც, ვინც აპირებს, რომ მომავალში გააგრძელოს მსგავსი პრეცენდენტების შექმნა და დაშვება საქართველოში. ეს ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს.

კანონპროექტი მზად არის, გუშინ გვიან დავამთავრეთ მუშაობა, ყველაფერი დეტალურად განვიხილეთ პარლამენტთან. რა თქმა უნდა, პარლამენტში არის სრულიად ჯანსაღი უმრავლესობა. მე მართლა მიმაჩნია, რომ ეს სრული კურიოზი იყო. ეს გაძვრა, იმიტომ რომ იმ დროს ყველა დაკავებული ვიყავით საკონსტიტუციო ცვლილებებით, საპროცესო კანონმდებლობით, ბევრი სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმატორული კანონით, მათ შორის, საბაჟო, საგადასახადო სამსახურების შესახებ აქტებით. მართლაც კარგი კანონები მივიღეთ. ამ დროს ვიღაცამ ჩათვალა, რომ კარგი დროა, ვერავინ შეამჩნევს, რომ ტკბილად მოვეწყოთ და ხალხის ხარჯზე კაბინეტები მოვიწყოთ.

სხვათა შორის, ასევე უნდა გადავხედოთ სხვადასხვა სამეთვალყურეო კომისიებს, მაგალითად, ნავთობისა და გაზის კომპანიას ჰყავს დიდი სამეთვალყურეო კომისია, ასევე სხვა კომპანიებს - თავიანთი სამეთვალყურეო კომისიები. ხომ იღებენ 3-3 და 5-5 ათას ლარს. ერთი მოიკითხეთ, ეს ხალხი თუ ოდესმე დადის სამსახურში გარდა იმ დღისა, როცა ხელფასს იღებენ. სხვა დროს რას აკეთებენ, დაინტერესდით. ეს ხდება მაშინ, როცა მასწავლებლის ხელფასს ძლივს ვზრდით 5, 10 ან 15 ლარით.

ახლა დავუბრუნდეთ საბაჟოს თემას. იცით, რით განსხვავდება ჩვენი მთავრობა ძველი მთავრობებისაგან? ძველი მთავრობა თუ გაიგებდა სადღაც რაღაცა პრობლემის არსებობას, მრავალი წლის შემდეგ თუ შეამჩნევდა, ამაზე უსაშველო თათბირებს მოაწყობდა და რაღაც გადაწყვეტილებას გამოიტანდა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მყისიერად. ჩვენ არ გვაქვს დრო, კონკურენცია დიდია იმ გაგებით, რომ მრავლად არიან ქვეყნები, რომელთაც უნდათ საინვეტიციო კაპიტალის მიზიდვა, ისევე როგორც ჩვენ ახლა მოგვაქვს, მაგალითად, მილიარდობით საინვესტიციო კაპიტალი ახლო აღმოსავლეთიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო ქუვეითში, მე ვიყავი გაერთიანებულ არაბულ საამიროებში. და ყოველივე ეს იმის წყალობით, რომ ვართ უფრო არაკორუმპირებული, უფრო გამჭვირვალე, ვიდრე უწინ, მაგრამ ასევე უნდა ვიყოთ სწრაფად მოქმედი ქვეყანა, ვიდრე ყველა ჩვენი მეზობელი და ვიდრე ყველა სხვა ქვეყანა მსოფლიოში. ეს არის ჩვენი უპირატესობა და არა ის, რომ კაბინეტებში ვსხედვართ ლოყებდაბერილი სახეებით და ვეწევით ხალხისათვის ვითომ სასარგებლო საქმიანობას. თუმცა, ზოგჯერ ვართ დაკავებული ხალხისათვის სასიამოვნო საქმიანობით, იმედი მაქვს, უმეტეს შემთხვევაში.

ამიტომ ახლა ყველას გთავაზობთ წავიდეთ თბილისის საბაჟო ტერმინალზე, რომ ვნახოთ, როგორი სიტუაციაა იქ, ადგილზე ვნახოთ, თუ რა ხდება.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი