საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 31 იანვრის სხდომა

2007 წლის 31 იანვარს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. დღის წესრიგში შეტანილი იყო 27 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომის დაწყებისას სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებისათვის საჭირბოროტო და მნიშვნელოვან საკითხებზე.

ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ აირით ქვეყანა, ჯერჯერობით, მარაგდება ორი წყაროდან. ნაწილობრივ ეს არის აზერბაიჯანული აირი, რომლის წილი მომავალში უფრო გაიზრდება, და რუსული აირი, რომელსაც ვიღებთ პოლიტიკური ფასით, 235 დოლარად. ეს პოლიტიკური ფასი გათვლილია თითოეული ქართული ოჯახისათვის დარტყმის მისაყენებლად. ამდენად, საქართველოს მთავრობის ამოცანაა ყველაფერი გაკეთდეს ამ დარტყმის ეფექტის მაქსიმალური შემცირებისათვის. მან თქვა, რომ ზამთარში აირის ფასი არ უნდა გაიზარდოს, რადგან ეს არის რთული თვეები, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, და დაავალა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიიღოს ქმედითი ზომები, რათა ენერგობალანსში გაიზარდოს იაფი აირის წილი და თბოელექტროსადგურებმა მაქსიმალურად ნაკლები აირი მოიხმარონ. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ უნდა გაწეროს თანხები, რომელთა ავანსირება მოხდება ზამთარში, რათა რუსული აირის გაძვირებული საფასურის გავლენა ჩვენი საზოგადოებისათვის ნაკლებმტკივნეული იყოს.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო აპარატების შენახვაზე და თანამდებობის პირების მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის საკითხზე და აღნიშნა, რომ ჩვენი დემოკრატიის ჯანსაღი გამოვლინებაა დაშვებული შეცდომის გამო ზოგიერთი საბჭოსა და საკრებულოს თანამდებობის პირთა გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე. ასეთი გადაწყვეტილებები პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა იყოს აღსავსე, მაგრამ, ამავე დროს, მთავრობამ უნდა დაადგინოს რაღაც კრიტერიუმები, რომელთა თანახმად, თანამდებობების პირებს ექნებათ საქმიანობის თუ გადაადგილების ისეთი პირობები, როგორიც ევროპულ ქვეყანას შეეფერება, ამასთან, გამოირიცხება განსაკუთრებული ფუფუნებისა და კომფორტის შექმნის შესაძლებლობა. მან დაავალა საქართველოს პრემიერ-მინისტრს უშუალოდ გაუწიოს მეთვალყურეობა ამ კრიტერიუმების დადგენას, შესაბამისი რეკომენდაციებისა და მითითებების შემუშავებას.

საქართველოს პრეზიდენტის შეკითხვაზე, თუ როგორ სრულდება დავალება სოფელ თამარაშენის ცენტრის მოწყობაზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ თქვა, რომ მშენებლობა დამთავრდება აპრილში და სოფელს ექნება უმაღლესი სტანდარტების კინოთეატრი - დასვენების ცენტრი, რომელიც 200-ზე მეტ ახალგაზრდას მოემსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ ცოტა ხნის წინათ იყო თამარაშენსა და ქურთაში და კიდევ ხშირად აპირებს იქ ჩასვლას. იქ მცხოვრები ხალხის ცხოვრება და საქმიანობა გმირობის ტოლფასია. მათ არ დატოვეს იქაურობა სამოქალაქო კონფლიქტის უმძიმეს წლებში, გაუძლეს და უძლებენ ყოველგვარ გამოწვევას და იჩენენ სამოქალაქო სიმწიფის საოცარ მაგალითებს. ეს, რაც უნდა გაკეთდეს, მხოლოდ დეტალია. მან დაავალა საქართველოს მთავრობას, რომ თითოეულ ოჯახზე სასწრაფოდ გაიცეს ერთჯერადი მატერიალური დახმარება 100 ლარის ოდენობით. ასევე, უნდა გაგრძელდეს და გაზაფხულ-ზაფხულში დამთავრდეს სამშენებლო, განათების მოწყობის, სკოლების აღჭურვის, საავადმყოფოს სარემონტო, სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები. უნდა შეიქმნას მასწავლებლების პირობების გაუმჯობესების სპეციალური პროგრამა. უნდა დაინიშნოს სპეციალური ავტობუსი თამარაშენიდან ერედვის მიმართულებით, რომელიც შემოვლითი გზით იმოძრავებს და უფასოდ მოემსახურება ხალხს.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირად კონტროლს დაუწესებს დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის გაწეულ საქმიანობას და მოუწოდა მთავრობის წევრებს, იგივე მოიმოქმედონ თავიანთ სფეროებში. ეს არის საქართველოს განსაკუთრებით მგრძნობიარე რეგიონი და იქ მცხოვრებ რამდენიმე ათეულ ათასობით ადამიანს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, ისევე როგორც ჩვენ მათი. მათ ეს მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ, რათა რეგიონში მშვიდობამ დაისადგუროს და არავინ აჰყვეს მშვიდობის დარღვევის, სეპარატისტული ტენდენციების განვითარებისა და გაღრმავების ცდუნებას. ჩვენ საამისო რესურსი გაგვაჩნია, დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი