საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 24 იანვრის სხდომა

2007 წლის 24 იანვარს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 21 საკითხი. დღის წესრიგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის წევრებს აცნობა, რომ 22 იანვრიდან იგი მართავს შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებთან, რაიონების გამგებლებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან რეგიონების მიხედვით. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას წელს რეგიონებში ამბიციური გეგმები აქვს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განსახორციელებელი სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამებიდან პრიორიტეტების შერჩევა. ამჟამად ყველა რეგიონსა და რაიონში არის ადგილობრივი ფინანსური რესურსი, რათა იქ გაუმჯობესდეს მომსახურების დონე, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, განვითარდეს ეკონომიკა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრებს ესწრება ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი და მოუწოდა მთავრობის სხვა წევრებსაც აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ელჩის თბილისში დაბრუნებას და იმედი გამოხატა, რომ ამას მოჰყვება კონკრეტული, პოზიტიური ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში. ჩვენი მხრივ, როგორც არაერთხელ განგვიცხადებია, მზად ვართ რუსეთთან კონსტრუქციული და პარტნიორული ურთიერთობებისათვის, დასძინა მან.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი