საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 17 იანვრის სხდომა

 

2007 წლის 17 იანვარს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 17 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 15 იანვრიდან საქართველო ბუნებრივ აირს იღებს სამხრეთ კავკასიის მილსადენიდან, რასაც ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მან თქვა, რომ უახლოეს დღეებში დამთავრდება სარეაბილიტაციო სამუშაოები შაჰდენიზის საბადოზე და 10-15 დღეში დაიწყება ამ მილსადენით აირის მიღება თვით საბადოდან.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაავალა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, შესაბამის სამსახურებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ამ მიმართულებით საქმიანობას, მიიღონ ქმედითი ზომები, რათა სამხრეთ კავკასიის მილსადენით აირის მოწოდება ტექნიკურად ყოველმხრივ უზრუნველყოფილ იქნეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოხატა, რომ ასევე წარმატებული გამოდგა გასულ კვირას აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და ორივე ქვეყნის სხვა შესაბამის სამსახურებს შორის გამართული მოლაპარაკება ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოთა შესახებ. მან თქვა, რომ ყველა საკითხზე მიღწეულია შეთანხმება, უახლოეს დროში ხელი მოეწერება შეთანხმებებს და უკვე მიმდინარე წელს დაიწყება სათანადო სამუშაოები.

აღნიშნული პროექტის განხორციელებას თავისი ინფრასტრუქტურით ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მაგისტრალის ამოქმედებით საქართველო გახდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხიდი და საჭიროა შეთანხმებული, ზუსტი მოქმედება, რათა ყველაფერი დროულად შესრულდეს, დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი