საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 25 ოქტომბრის სხდომა

2006 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 19 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის წევრებს აცნობა, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური ვიზიტად იმყოფებოდნენ თეირანში. ირანის მხარესთან გაიმართა მოლაპარაკება საქართველოში ელექტროენერგიისა და გაზის მოწოდების შესახებ. მან აღნიშნა, რომ მიღწეულია შეთანხმება საქართველოს არა მარტო ელექტროენერგიით მოსამარაგებლად, არამედ სამომავლოდ ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად. გაზის მოწოდების შესახებ მოლაპარაკება გაგრძელდება, დასრულება წლის ბოლოსათვის არის ნავარაუდევი. მან კმაყოფილება გამოხატა, რომ საქართველო ქმნის ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგებისა და მათი გაცვლის ალტერნატიულ გზებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული სანქციების გამო ბოლო 20-25 დღის განმავლობაში შეიქმნა ლოგისტიკური ხასიათის პრობლემები ქვეყანაში სხვადასხვა სახის პროდუქტის, მათ შორის ხორბლის, შემოტანასთან დაკავშირებით. მიღებული ზომებისა და ამ მიმარულებით ჩვენი შესაბამისი სამსახურების ეფექტიანი მუშაობის შედეგად უახლოეს პერიოდში ეს პრობლემები გადაწყდება და ხორბლით, აგრეთვე სხვა პროდუქტებით, ქვეყნის მომარაგების პროცესი კვლავ სტაბილური გახდება.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი