საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 18 ოქტომბრის სხდომა

2006 წლის 18 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 27 საკითხი. დღის წესრიგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ განცხადების შესახებ, რომელიც 17 ოქტომბერს მიიღო ევროკავშირის საბჭომ საქართველო-რუსეთის ბოლოდროინდელი ურთიერთობიდან გამომდინარე. მან აღნიშნა, რომ ჩვენთვის, და ყველა იმ ქვეყნისათვის, ვინც დემოკრატიული განვითარების გზას ადგას, ეს ძალზე მნიშვნელოვანი განცხადებაა. იგი გულისხმობს, რომ ევროკავშირი უყურადღებოდ არ დატოვებს მოვლენებს, როდესაც აშკარად ხდება ერთი ქვეყნის მიერ მეორეს შევიწროვება. აღმაშფოთებელია არა სანქციები, არამედ ის დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომელიც შექმნილია რუსეთში ამ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების ხელდასმით. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ დეპორტაციის დროს შექმნილი არანორმალური და არაადამიანური პირობების გამო გარდაიცვალა ჩვენი თანამოქალაქე. დარწმუნებული ვარ, თქვა პრემიერ-მინისტრმა, რომ მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობა აიმაღლებს ხმას ამ კონკრეტულ ფაქტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველივე, რაც დღეს რუსეთში ხდება, გაგრძელდება და შეეხება არა მხოლოდ ქართველებს, არამედ სხვებსაც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაავალა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობას უზრუნველყონ ისეთი პირობების შექმნა, რომ რუსეთიდან დეპორტირებულმა საქართველოს ყველა მოქალაქემ დაუბრკოლებლად და დაჩქარებული პროცედურებით შეძლოს სათანადო დოკუმენტაციის მიღება. მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს დაევალა დეპორტირებულ მოქალაქეთა სოციალურ გარანტიებზე ზრუნვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე დაავალა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობას ყოველდღიურად უზრუნველყონ თბილისის მერიის საინფორმაციო ცენტრში თითო წარმომადგენლის მორიგეობა, რომლებიც მიაწვდიან რუსეთიდან დეპორტირებულ მოქალაქეებს მათთვის საჭირო შესაბამის ინფორმაციას.

ამ საქმიანობის კოორდინაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაევალა საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კახა ბენდუქიძეს.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი