საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 23 აგვისტოს სხდომა

2006 წლის 23 აგვისტოს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 38 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის წევრებს აცნობა, რომ 22 აგვისტოს დასაქმების პროგრამის ფარგლებში გაიმართა ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა სამშენებლო სექტო­რის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით დაგეგმილი, აგრეთვე კერძო სექტორში შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ შეახსენა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმად ძალზე მნიშვნელოვანია კვალიფიციური მუშახელის უშუალოდ სამუშაო ადგილებზე მომზადება, და იმედი გამოთქვა, რომ სამშენებლო სექტორი დასაქმების პროგრამის ძირითადი შემადგენელი ნაწილი იქნება. მან თქვა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში გაგრძელდება შეხვედრები მომსახურების და სხვა სექტორების წარმომადგენლებთან, რათა დროულად მოესწროს ყველა საორგანიზაციო საკითხის გადაწყვეტა და პროგრამის დაწყება სექტემბრის შუა რიცხვებიდან, როგორც ეს დაგეგმილია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოორდინირებული მუშაობა სამსუნში (თურქეთი) მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული საქართველოს მოქალაქეებისათვის დახმარების აღმოჩენისას. მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა დაზარალებული საქართველოშია გადმოყვანილი, მათ უტარდებათ ინტენსიური მკურნალობა, და დაავალა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ვლადიმერ ჭიპაშვილს მთავ­რობის უახლოეს სხდომაზე წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სხვა უწყებების კოლექტივებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, ყველას, ვინც მონაწილეობდა აგვისტოს შუა რიცხვებში ადიგენის რაიონის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში, და ხაზი გაუსვა ამ მიზნით მათ კოორდი­ნირებულ და ეფექტიან მუშაობას. დასასრულ მან განაცხადა, რომ 24 აგვისტოს აპირებს თავად წავიდეს ადიგენის რაიონში მდგომარეობის გასაცნობად.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი