საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 2 აგვისტოს სხდომა

2006 წლის 2 აგვისტოს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 12 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ დღეებში კოდორის ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ი. მერაბიშვილისა და თავდაცვის მინისტრის ი. ოქრუაშვილის გარდა იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე, რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ჯ. ბაკურაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე კ. აქიშბაია, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რ. დალაქიშვილი. მათი მიზანი იყო კოდორის ხეობაში არსებული პრობლემების შესწავლა და მათ გადასაწყვეტად განსახორციელებელ ღონისძიებათა შემუშავება. მან თქვა, რომ დღეს ხეობაში ჩავა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ აცნობა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განთავსდება სოფელ ჩხალთაში, სადაც, ისევე როგორც სოფელ აჟარაში, მთავრობის წევრებისათვის უნდა შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მისი ცნობით, ნორმალურ მდგომარეობაშია სოფელ აჟარის საავადმყოფო, თუმცა საჭიროა მისი აღჭურვა, რის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. ხეობაში გარემონტდება ყველა სკოლა. რთული რელიეფის მიუხედავად (უღელტეხილი გადის ზღვის დონიდან 2600 მეტრ სიმაღლეზე) შესრულდება საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები, განხორციელდება ღონისძიებები ადგილობრივი აეროპორტის სარეაბილიტაციოდ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა დაგეგმილი სამუშაო, საქართველოს პრეზიდენტის დავალების შესაბამისად, სექტემბრის შუა რიცხვებში უნდა დამთავრდეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეეხო ივლისის საფინანსო შედეგებს. მან განაცხადა, რომ წინა თვის საგადასახადო შემოსავლების შესრულების გეგმა გადაჭარბებულია 38,5 მილიონი ლარით. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30%-ით გაიზარდა დამატებული ღირებულების გადახდის მოცულობის მაჩვენებელი, ხოლო კერძო საწარმოების ხელფასის ფონდი - 35%-ით. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ივლისში, ივნისთან შედარებით, კერძო სექტორში სახელფასო ფონდი გაიზარდა 3,6 მილიონი ლარით, რაც მოწმობს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.

აღნიშნულის დასადასტურებლად მან მოიყვანა გურიის მაგალითი, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გურიაში მიმდინარეობს საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საჯავახო-ჩოხატაურის, ფოთი-ურეკის, ქაქუთი-ოზურგეთის და ოზურგეთი-ნატანების მიმართულებით. ამ სამუშაოებს აწარმოებს შარშან შექმნილი სამშენებლო კომპანია, რომელმაც 2005 წელს რეგიონში დაასაქმა 220 კაცი, ხოლო წელს - 300 კაცი. ეს არის იმის კონკრეტული მაგალითი, თუ როგორ იზრდება დასაქმება. ეს კი ჩვენი მთავარი ამოცანაა, რადგან უნდა უზრუნველვყოთ ეკონომიკური განვითარების ისეთი შესაძლებლობები, რომ რაც შეიძლება მეტ ჩვენს მოქალაქეს გაუჩნდეს კერძო სექტორში დასაქმების შესაძლებლობა და მიიღოს მუდმივი სამუშაო შესაბამისი ანაზღაურებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაავალა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ა. ალექსიშვილს მოსახლეობის დეტალური ინფორმირება მიმდინარე წლის ივლისის საფინანსო შედეგების შესახებ.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი