საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 28 ივლისის სხდომა

2006 წლის 28 ივლისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 20 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მიესალმა საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, რომელსაც წარმატებული საქმიანობა უსურვა, განსაკუთრებით, მის ახალ წევრებს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს დავით ტყეშელაშვილს და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს მერაბ ანთაძეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბოლო დღეებში კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე, რომელთა შედეგად საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში შესაძლებელი გახდა სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარება და საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენა, რაც ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია.

მან მადლობა მოახსენა ხეობაში ანტიკრიმინალური პოლიციური ღონისძიების მონაწილეებს და აღნიშნა, რომ ამჟამად ძალზე მნიშვნელოვანია კოდორის ხეობის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, კერძოდ, სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს ღონისძიებები ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და საკომუნიკაციო ობიექტების აღსადგენად, სურსათითა და პირველი მოხმარების საგნებით უზრუნველსაყოფად. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია, თქვა შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განთავსდება კოდორის ხეობაში, სადაც მას შესაბამისი სამუშაო პირობები უნდა შეექმნას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაავალა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილეს, რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსს ჯამბულ ბაკურაძეს კოორდინაცია გაუწიოს ამ სამუშაოთა შესრულებას და ამ მიზნით საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვას, რაც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო 25-27 ივლისს, ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში თავისი ვიზიტის შედეგებს. მან აღნიშნა, რომ ვიზიტი წარმატებული იყო, გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ნატოსთან ინტეგრაციისაკენ და ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამ ორგანიზაციასთან ინტენსიური დიალოგის წარმოების მოქმედებათა გეგმის მოსამზადებლად. მან იმედი გამოხატა, რომ ნატოსთან ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესი იქნება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისათვის, ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის გაღრმავებისათვის, ეკონომიკური რეფორმების შემდგომი განხორციელებისა და მისი უსაფრთხოებისათვის.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი