საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 19 ივლისის სხდომა

2006 წლის 19 ივლისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 52 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის წევრებს აცნობა, რომ აფხაზეთიდან, კონფლიქტის ზონიდან, დსთ-ს სამშვიდობო ჯარების გაყვანის შესახებ საქართველოს პარლამენტში 18 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს სათანადო მუშაობა, და დაავალა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (გ.ბეჟუაშვილი) და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს (გ.ხაინდრავა) შეუდგნენ საკითხის მომზადებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ინტენსიურ ფაზაშია უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების სეზონი, და სთხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ლომაიას აღნიშნულის თაობაზე მთავრობის წევრებისათვის ინფორმაციის მიწოდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ დამსწრეთ აცნობა, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები მიმდინარეობს დასახული გეგმის მიხედვით, მშვიდად და ტექნიკური ხარვეზების გარეშე, რომ მათ დამთავრებამდე დარჩა სამი საგამოცდო დღე და ინფორმაცია პირველადი ჩარიცხვის შედეგების შესახებ გამოცხადდება აგვისტოს მეორე ნახევარში.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი