საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 21 ივნისის სხდომა

2006 წლის 21 ივნისის სხდომა 2006 წლის 21 ივნისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 33 საკითხი.

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამსწრეთ შეახსენა, რომ განხორციელებულ სათანადო ღონისძიებათა შედეგად შარშანდელი ზამთრიდან საქართველოში მოხერხდა ელექტროენერგიით 24-საათიანი მომარაგების უზრუნველყოფა. მან თქვა, რომ ამ დღეებში დასრულდა ენერგეტიკული სფეროს რეფორმირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, ელექტროენერგეტიკის სექტორში განხორციელდა დისტრიბუციის სამი და გენერაციის ცხრა ობიექტის პრივატიზაცია. ახლა, ქვეყანაში ყველა ელექტროენერგეტიკულ ობიექტს ჰყავს კონკრეტული ინვესტორი და პატრონი. ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვა კვლავ გაგრძელდება, რათა ელექტროენერგიით მომარაგება მუდმივი და ბევრად უფრო სტაბილური გახდეს. ამჟამად ჩვენი ამოცანაა, თქვა შემდეგ მან, რომ ინვესტიციები განხორციელდეს იმ აქტივებში, რომლებიც რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, კერძოდ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე, რათა ამ მიმართულებითაც სულ უფრო ნაკლები პრობლემა გვქონდეს, ხოლო ახლო მომავალში პრობლემები საერთოდ აღარ გვქონდეს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი